დეზინფორმაცია: „ბე-ცე-ჟეთი“ აცრილებს კორონავირუსი ვერაფერს დაგაკლებთ

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

რეზიუმე:ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ადამიანს „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინა გაკეთებული აქვს, მას კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს. რეალურად, სამეცნიერო წრეებში მართლაც არსებობს ჰიპოთეზა, რომ „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინას კორონავირუსის (COVID-19) შედარებით მარტივად გადატანასა და კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაში შესაძლებელია პოზიტიური როლი ჰქონდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს და წინასწარ მოცემული ჰიპოთეზის გადაჭრით მტკიცება არასწორია.

ანალიზი

ინტერნეტმედია geonewest.com-მა გამოაქვეყნა სიახლე სათაურით: „ახალი კვლევის თანახმად, ვისაც მსგავსი „შრამი“ გაქვთ მკლავზე, გილოცავთ, თქვენ კორონავირუსი ვერაფერს დაგაკლებთ - ანუ, ადამიანები, რომლებიც ე.წ „ბე-ცე-ჟე"-თი არიან აცრილები, კორონავირუსის მიმართ ყველაზე მდგრადები არიან“. აღსანიშნავია, რომ სტატია itar.ge-მ 28 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა ის 24 სექტემბერს Facebook-ზე თავიდან გააზიარეს. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა.

geonewest.com NeuroScience News-ისა და France24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ „გამოცემის ცნობით, კარგად ცნობილი ვაქცინა, ე.წ. „ბე-ცე-ჟე“ (BCG), რომელსაც ბავშვებში დღესაც აქტიურად იყენებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე, შესაძლოა, წარმატებით იქნას გამოყენებული დაავადების პრევენციისთვის“.

აღსანიშნავია, რომ NeuroScience News და France24-მა, ისევე, როგორც სხვა წამყვანმა მედიებმა, აღნიშნული ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მართლაც გაავრცელეს, თუმცა geonewest.com-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია რიგ უზუსტობას შეიცავს. უპირველესად კი, ის სათაურში, ვაქცინის შესაძლო გამოყენებას კორონავირუსთან ბრძოლაში, მანიპულაციურად წარმოაჩენს და მკითხველს არწმუნებს, რომ „ბე-ცე-ჟე“-თი აცრის შემთხვევაში, კორონავირუსი საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

„ბე-ცე-ჟე“ აცრას, რომელიც ტუბერკულოზის პრევენციისთვის შექმნილი ვაქცინაა, სხვადასხვა კვლევის თანახმად, ზრდის ადამიანის იმუნიტეტს და, შესაბამისად, სამეცნიერო წრეებში დაიწყო მსჯელობა, არის თუ არა „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინა ეფექტიანი კორონავირუსთან (COVID-19) გასამკლავებლად.

„ბე-ცე-ჟე“ ვაქცინის ეფექტიანობის კორონავირუსთან მიმართებით შესწავლა 2020 წლის XX მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში, მელბურნში (Murdoch Children’s Research Institue) დაიწყო. კვლევა მელბურნში, მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში (Murdoch Children’s Research Institue) ტარდება. მას ინფექციური დაავადებების კვლევების ხელმძღვანელი ნაიჯელ კურტისი უძღვება. პროფესორ კურტისის თანახმად, BCG-ს ვაქცინას იმუნური სისტემის გაძლიერება შეუძლია, რაც, ზოგადად, ორგანიზმს მრავალი სახის ვირუსისა და ბაქტერიისგან უკეთ თავდაცვის საშუალებას აძლევს. კვლევაში მონაწილეობას 4 ათასი მოხალისე მედიცინის მუშაკი მიიღებს. კვლევა ექვსი თვე გაგრძელდება, ხოლო პირველადი შედეგები სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. კვლევები გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებშიც ტარდება. ნიდერლანდებში კვლევაში რვა საავადმყოფოს 1000 თანამშრომელი ჩაერთვება. დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადების მიხედვით, წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტის, და „ბე-ცე-ჟე“-ს ვაქცინის დამცველობითი ფუნქციის შესახებ არა ერთი ჰიპოთეზა გამოქვეყნდა, თუმცა ისინი ჯერჯერობით მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. ხოლო, მისი დადასტურების შემთხვევაში, საქართველო საკმაოდ დაცული იქნება, რადგან „ბე-ცე-ჟე“-თი აცრილი არის, როგორც ახალი თაობა, ასევე ძველი თაობა.

geonewest.com-ის მტკიცება მცდარია, ვინაიდან აღნიშნული ვაქცინა არ განიხილება კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების პრევენციის საშუალებად. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ვაქცინა COVID-19-ის სიმპტომების სიმწვავეს შეამცირებს და შედეგად, დაინფიცირებული კორონავირუსს უფრო მარტივად გადაიტანს. მწვავე დაავადების განვითარების რისკის შემცირება კი, სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს. თუ კვლევებით „ბე-ცე-ჟე“-ს ვაქცინის ეფექტიანობა დადასტურდება, COVID-19-ის ვაქცინის გამოგონებამდე, ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კორონავირუსთან ბრძოლაში და არა მის პრევენციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინა ხალხს COVID-19-ის ვირუსით ინფიცირებისგან იცავს. ჯანმო აპრილში წერდა, რომ აღნიშნულ საკითხზე ორი კლინიკური კვლევა მიმდინარეობდა და მოცემულ თეორიას მტკიცებულების არსებობის შემდეგ შეაფასებდა. მტკიცებულების არარსებობამდე ჯანმო COVID-19-ის პრევენციისათვის BCG ვაქცინის რეკომენდაციას არ გასცემს, თუმცა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ტუბერკულოზის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, ჯანმო BCG ვაქცინაციის რჩევას იძლევა.

„ბე-ცე-ჟე“ ვაქცინის კვლევა COVID-19-თან მისი ეფექტიანობის შესახებ კვლავ მიმდინარეობს - მელბურნის მურდოხის ინსტიტუტისმიერ (კვლევაში ამჟამად 3500 სამედიცინო პერსონალია ჩართული, ასევ კვლევა ევროპასაც, მაგალითად ნიდერლანდებსაც, მოიცავს), ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ და ინდოეთში სერუმის ინსტიტუტის მიერ.

აქვე გთავაზობთუკვე დასრულებული რამდენიმე კვლევის შედეგებს:

ნიდერლანდების რადბუდის უნივერსიტეტის კვლევა ორი ჯგუფის შედარებით ჩატარდა, საიდანაც ერთი „ბე-ცე-ჟე“-თი აცრილი იყო და მეორე - არა. კვლევის მიხედვით, ნიდერლანდებში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს „ბე-ცე-ჟე“-თი აცრილები უფრო იაშვიათად ხდებოდნენ ცუდად. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, BCG ვაქცინას კორონავირუსის სიმპტომებთან მიმართებით დადებითი ეფექტიც ჰქონდეს. თუმცა აღნიშნავენ, რომ კვლევის შეზღუდვებიდი ხელს უშლის დასკვნის გამოტანას იმის შესახებ, რომ „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინას კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ გარკვეული ბენეფიტები აქვს. კვლევის დასკვნით, „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ სასარგებლოა თუ არა, მხოლოდ მიმდინარე კვლევებით შეიძლება დადასტურდეს.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს კოლეჯისა და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრების წინასწარი კვლევის მიხედვით, „ბე-ცე-ჟე“ შესაძლოა კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რიცხვს ამცირებდეს, თუმცა „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაციასა და კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის პირდაპირი კორელაცია კვლავ დასადგენია. ასევე მკვლევრები იმედს გამოთქვამენ, რომ „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინა კორონავირუსის მძიმე ფორმისგან მოკლევადიან დაცვას მაინც უზრუნველყოფს, რაც განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალისა და რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

ივლისში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ 1000+ კორონავირუსის შემთხვევის მქონე ქვეყნების მონაცემების მიხედვით, რომ ქვეყნებში სადაც „ბე-ცე-ჟე“-ს უნივერსალური ვაქცინაცია მოქმედებს, ავადობის კოეფიციენტი და სიკვდილიანობის უფრო დაბალი რიცხვი იყო, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პოლიტიკა არ მოქმდებს. თუმცა სხვა ავტორების სამეცნიერო სტატია მიუთითებს, რომ „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინის მიერ კორონავირუსის (COVID-19) მძიმე ფორმისგან დაცვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნულის დასამტკიცებლად მოყვანილია იმ ქვეყნების მაგალითი, რომლებშიც „ბე-ცე-ჟე“-ს მაღალი დაფარვაა და ამავდროულად კორონავირუსისგან გარდაცვალების მაღალი რიცხვია პირველი აგვისტოს მდგომარეობით (ბოლივია, პანამა, კოლუმბია, პერუ, ბრაზილია, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა). აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პირველი აგვისტოსთვის პანდემიის არსებული ტრენდის მიხედვით, „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაციასა და კორონავირუსის (COVID-19) სიკვდილიანობას შორის ნეგატიური კორელაცია შემცირდება.

ამასთან ერთად, კალიფორნიის სანტა ბარბარას უნივერსიტეტის კვლევა ამტკიცებს, რომ შვედეთის მონაცემები მიუთითებს, რომ ახალშობილებში „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაცია COVID-19-სგან არ იცავს. შვედეთში „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაცია 1975 წლის აპრილიდან სავალდებულო აღარაა. შესაბამისად, 1975 წლის მარტსა და აპრილში დაბადებული მოქალაქეები კორონავირუსის წინააღმდეგ თანაბრად მოწყვლადები არიან და მარტში დაბადებულები „ბე-ცე-ჟე“-თი აცრილები არიან, ხოლო აპრილში დაბადებული - არა. 70-იან წლებში შვედეთის პოლიტიკის ცვლილებამ შერჩევითი კონტროლირებული კვლევის ეფექტი შექმნა. კვლევის შედეგების მიხედვით, მოცემული ორი ჯგუფის შემთხვევაში ერთ ადამიანზე COVID-19-ის დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების სტატისტიკა საკმაოდ მსგავსი იყო. კვლევაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყნაში სავალდებულო „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაციასა და COVID-19-ის შედეგებს შორის კორელაცია საკმაოდ დიდია, თუმცა შვედეთში ბავშვობაში „ბე-ცე-ჟე“-თი აცრილთა და აუცრელთა შორის COVID-19-ის მსგავსი შედეგები მიანიშნებს, რომ „ბე-ცე-ჟე“-თი აცრა და მის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი დასახელებული კორელაციის გამომწვევი ვერ იქნება და ეს სხვა ცვლადების შედეგი უნდა იყოს.

geonewest.com-ის სტატიის ავტორის მოსაზრების მიხედვით, საბჭოთა კავშირში ე.წ. „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინის ფართო გამოყენება ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ გავრცელდა ვირუსი ნაკლებად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში, რასაც ასევე რუსულ მედიაში ამტკიცებენ. „საქართველო და მსოფლიოც“ იმავეს ამბობს.

აღნიშნული უსაფუძვლო მტკიცებები ეყრდნობა ნიუ-იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიური მეცნიერებების დეპარტამენტის სტატიას („ბე-ცე-ჟე-თი“ ვაქცინაციის პოლიტიკასა და COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის კორელაციასთან დაკავშირებით), რომელიც მხოლოდ მეცნიერული ნაშრომის პირველად მონახაზს (preprint) წარმოადგენს. კვლევის სახით გამოქვეყნებამდე, მან ჯერ სხვადასხვა ექსპერტის შემოწმება უნდა გაიაროს.სტატია 24 მარტს გამოქვეყნდა და კოლეგიალური შემოწმება (peer-review) კვლავ არ გაუვლია.

სტატიაში უნივერსალური „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინაციის პოლიტიკის მქონე ქვეყნების მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის რაოდენობა, იმ ქვეყნების მილიონ ადამიანზე გარდაცვალების რაოდენობასთან არის შედარებული, რომელთაც მსგავსი პოლიტიკა არ ჰქონიათ. ქვეყნები სამ კატეგორიად: დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლების კატეგორიებად არის დაჯგუფებული. აღსანიშნავია, რომ „ბე-ცე-ჟე-ს“ ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში იყენებენ.

სიკვდილიანობის მაჩვენებელზე სხვა უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას (მაგალითად, მოსახლეობის საშუალო ასაკი, დაინფიცირებულების რაოდენობიდან გამომდინარე საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა, საჭირო აღჭურვილობა და ა.შ.) და ეს ცვლადები სტატიაში გათვალისწინებული არ არის. აგრეთვე, კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა ისეთ ქვეყნებშიც ფიქსირდება, სადაც უნივერსალური „ბე-ცე-ჟე“ ვაქცინა ფართოდ გამოიყენება, კონკრეტულად კი - ჩინეთსა და ირანში, რაც თავისთავად, ავტორის მოსაზრებებს უკვე საეჭვოს ხდის. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში, ვირუსის გავრცელება სხვადასხვა დროს დაიწყო და მისი გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე არიან. შესაბამისად, მსგავსი შედარება მართებული არ არის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია