რეზიუმე: საქართველოს და საბერძნეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია.

საბერძნეთი ევროკავშირის იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ გახსნეს. საქართველოს საჰაერო საზღვრები, უპირობოდ, ევროკავშირის მხოლოდ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი აქვს გახსნილი.

საფრანგეთში, რომელთანაც საქართველოს საზღვრები გახსნილი აქვს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე საბერძნეთში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება საბერძნეთის მოსახლეობას. სწორი შეფასებისთვის მართებულია შემთხვევათა რაოდენობა 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით შევადაროთ ერთმანეთს. 1 სექტემბრის მონაცემებით, საფრანგეთში 1 მლნ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4.3-ჯერ აღემატება საბერძნეთის მაჩვენებელს. საფრანგეთში 1 მლნ მოსახლეზე COVID-19-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2,582-ია, რაც საბერძნეთის მაჩვენებელზე (619 შემთხვევა) 4.2-ჯერ მეტია. გასული 2 კვირის (18-31 აგვისტო) მონაცემებით, საბერძნეთში ყოველდღიურად საშუალოდ 221 ახალი შემთხვევა, საფრანგეთში კი დღეში საშუალოდ 4,128 შემთხვევა ფიქსირდება. 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით დღიური შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში საბერძნეთის ანალოგიურ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

ანალიზი

1 სექტემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა მთავრობას უსაფრთხო ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართა და მთავრობის არაერთგვაროვან მიდგომებზე ისაუბრა. მან მმართველ გუნდს მიმართა: „რატომ არ შეგყავთ უსაფრთხო ქვეყნებში საბერძნეთი, რომელსაც 5-ჯერ უკეთესი სტატისტიკა აქვს ვიდრე საფრანგეთს?“.

საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პანდემიის გამო დღემდე შეწყვეტილია. ქვეყნებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება.

30 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა. 1 ივლისიდან ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საბერძნეთმა, საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ გახსნეს. თუმცა საქართველომ საზღვრები, უპირობოდ, მხოლოდ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, გახსნა. აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ფრენები აგვისტოდან აღდგა.

ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ჩარტერული რეისები ხორციელდება. ევროკავშირის ქვეყნების, რომელთაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანეს, მათ შორის საბერძნეთის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ. თუმცა ამ შემთხვევაში, 12 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯებით უწევთ.

გიორგი კანდელაკი სწორად მიუთითებს, ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის არაერთგვაროვან მიდგომაზე. საფრანგეთში, რომელთანაც საქართველოს საზღვარი გახსნილი აქვს, მკვეთრად უარესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ვიდრე საბერძნეთში. ანალოგიური ვითარება იყო საზღვრის გახსნის გადაწყვეტილების მიღების პერიოდშიც.

1 სექტემბრის მონაცემებით, საფრანგეთში 1 მლნ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4.3-ჯერ აღემატება საბერძნეთის მაჩვენებელს. COVID-19-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში 168,634 იყო, საბერძნეთში კი 6,449. საფრანგეთში 1 მლნ მოსახლეზე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2,582-ია, საბერძნეთში კი 619. შესაბამისად, 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში დაახლოებით 4.2-ჯერ მეტია, ვიდრე საბერძნეთში.

გრაფიკი 1: COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა საფრანგეთსა და საბერძნეთში

წყარო: worldometers

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, როგორც საბერძნეთში ასევე საფრანგეთში, წინა პერიოდთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუმცა საბერძნეთში მნიშვნელოვნად უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ვიდრე საფრანგეთში.

საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტის თანახმად, მათ შორის ევროკავშირის საბჭოს კრიტერიუმებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად მართებულია, გასული 2 კვირის მონაცემები ავიღოთ და ინფიცირების ახალი შემთხვევების ტენდენციას დავაკვირდეთ.

გასული 2 კვირის (18-31 აგვისტო) მონაცემებით, საბერძნეთში ყოველდღიურად საშუალოდ 221 ახალი შემთხვევა, საფრანგეთში კი დღეში საშუალოდ 4,128 შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ საფრანგეთის მოსახლეობა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება საბერძნეთის მოსახლეობას. შესაბამისად, სწორი შეფასებისთვის მართებულია შემთხვევათა რაოდენობა 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით შევადაროთ ერთმანეთს. გასული 2 კვირის მონაცემებით, საფრანგეთში 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით დღიური შემთხვევების რაოდენობა (63 შემთხვევა) საბერძნეთის ანალოგიურ მაჩვენებელს (21 შემთხვევა) 3-ჯერ აღემატება.

საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის არაერთგვაროვანი გადაწყვეტილება, გაუგებარი აღმოჩნდა ბერძნული მხარისთვის. 2 აგვისტოს, საბერძნეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისანმა განაცხადა, რომ „გაუგებარია, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი. საბერძნეთი არა მხოლოდ ე.წ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5-ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიის და საფრანგეთის, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა“. საბერძნეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი