უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 8 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანასთან (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) საზღვარი უპირობოდ გახსნა. აღნიშნულს დასახელებული ქვეყნების ანალოგიური გადაწყვეტილება უძღოდა წინ. ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეები/რეზიდენტები პირდაპირი საჰაერო გზით საქართველოში ჩამოსვლას ყველა სახის ვიზიტით შეძლებენ.
მიუხედავად საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებისა, კონკრეტული თარიღი, თუ როდის აღდგება რეგულარული ფრენები, უცნობია. ჩამოთვლილ ქვეყნებთან ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეთანხმება მხოლოდ Luftansa-სთან არის მიღწეული, რომელიც აგვისტოდან მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს.
მიმოსვლის აღდგენა კონკრეტული პირობის შესრულებას ითვალისწინებს. უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებთანაც საქართველომ საზღვრები გახსნა, ქვეყანაში შემოსვლამდე საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო და სხვა შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიუთითონ. საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ PCR-ტესტი ჩაუტარდებათ. ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან. მთავრობის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზეც ევროკავშირის ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტისას ანალოგიური პირობები ვრცელდება.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მიდგომა მოქმედებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას, ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ „უცხო ქვეყნის ვიზიტორისთვის უფრო მცირეა იმ პირთა წრე, ვისთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს უფრო ფართეა. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ეს რეგულაციები". გაუგებარია რის საფუძველზე ასკვნის ირაკლი ჩიქოვანი, რომ უცხოელი ტურისტის კონტაქტების წრე უფრო მცირეა, ვიდრე უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქის. უცხო ქვეყნიდან შემოსვლისას, ვირუსის შემოტანის და შემდგომი გავრცელების რისკი არსებობს, როგორც ტურისტის, ასევე საქართველოს მოქალაქის შემოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს, რომელთაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა, საკუთარი მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მოთხოვნები არ გააჩნიათ. სავალდებულო კარანატინის მოთხოვნა, მხოლოდ მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან შემოსულ პირებზე ვრცელდება, განურჩევლად მოქალაქეობისა (მაგალითისთვის, იხილეთ გერმანიის და ესტონეთის პირობები).
ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს ევროპის შემდეგი ქვეყნები არ ხსნიან: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოსთან საზღვრები გახსნეს ან გარკვეული სახის შეზღუდვები დაუწესეს, მათ მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით შეეძლებათ, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
საქმიანი ვიზიტებისთვის დაწესებული პირობები შედარებით მოქნილია. აღნიშნული მიზნით ჩამოსულმა პირებმა ან საკუთარი სახსრებით 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ, ან ყოველ 72 საათში ერთხელ, COVID - 19-ზე PCR ტესტი საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით (წინასწარ შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით) საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან დასაშვები ხდება.
ტურისტული ფრენების აღდგენის საკითხზე კი საქართველოს მთავრობის წევრების ბოლოდროინდელი პოზიციები არაერთგვაროვანია. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამ ეტაპზე საზღვრების გახსნას მხარს არ უჭერს. როგორც მან 6 ივლისს განაცხადა, „გახსნის შემთხვევაში, იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების. ეს საკმარისი იქნება COVID-ის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რამე მატერიალური სიკეთე რომ მოიტანოს“. 7 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტურიზმის გახსნით (ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომელთაც საქართველოს საზღვარი გაუხსნეს) ქვეყანა მინიმალურ მატერიალურ ეფექტს და COVID-ის იმპორტს მიიღებდა.
როგორც ცნობილია, 30 ივნისს,ევროკავშირის საბჭომ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა და 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა. ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის საქართველო. უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა 2 კვირაში ერთხელ მოხდება. ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის დისკრეციული გადაწყვეტილებაა, აღნიშნულ რეკომენდაციას გაითვალისწინებს თუ არა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოსთვის საზღვრები 1 ივლისიდან გახსნა. მანამდე, 25 ივნისს საქართველოს მთავრობამ ფრენების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენების აღდგენა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე გადავადდებოდა. მისივე განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე რეგულარული ფრენების აღდგენა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.
მოგვიანებით, 2 ივლისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა: „მთავრობას არასდროს უთქვამს, 1 ივლისიდან მასობრივ ფრენები აღდგებოდა... ჩარტერული რეისები მოქმედებს და ადამიანისთვის სულერთია ჩარტერით იფრენს, თუ რეგულარულით, ორივე კომერციულია“. აღნიშნული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო. ჩარტერული რეისით ტურისტული მიზნით მგზავრობა (როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) დაშვებული არ არის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა კი 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს მიღებას გულისხმობდა. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის და ნათია თურნავას არაერთი განცხადება იძებნება, სადაც 1 ივლისიდან ტურისტების მიღებაზე იყო საუბარი.
6 ივლისს მთავრობის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დაინიშნა. ივლისში რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. ამასთან, ივლისში ჩარტერული ფრენები დაიგეგმა შემდეგი მიმართულებებით: თბილისი-ამსტერდამი-თბილისის; თბილისი-ვენა-თბილისის; თბილისი-პარიზი-თბილისის. ივლისის თვეში ჩარტერული რეისები თბილისი-ბერლინი-ბათუმის და თბილისი - თელ-ავივი - თბილისის მიმართულებით უკვე შესრულდა. მთავრობის ცხელ ხაზზე - 144, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების (საქართველოში დასაბრუნებლად) ან სპეციალური ნებართვის მქონე მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა ჯერ კიდევ 7 მაისს წარადგინა, რომლის თანახმადაც საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელიც 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს მიიღებდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების დაცვით. თუმცა დღემდე, არცერთ ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე და უსაფრთხოების ნორმებზე შეთანხმება მიღწეული არ იყო (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).