რეზიუმე: ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკფაქტორებისა და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინვესტორს ინფორმაციას აწვდის. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია: Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები საერთოა, რასაც ყურადღება ექცევა და მოიცავს, როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს.

Fitch-მა საქართველოს BB შეფასება ნეგატიური პერსპექტივით 2020 წლის აგვისტოში შეუნარჩუნა და ამავე წლის აპრილში მინიჭებულ დონეზე დატოვა. თავის მხრივ აპრილში, პანდემიის პირობებში, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს საკრედიტო პერსპექტივა გაუარესდა სტაბილურიდან ნეგატიურამდე. Standard & Poor’s-მა BB სტაბილური შეფასება შეუნარჩუნა საქართველოს, ხოლო Moody’s Ba2 სტაბილური შეფასება 2019 წლის 11 სექტემბრით თარიღდება და შემდგომ არ განახლებულა. საქართველოს შეფასების დონეები პრინციპულად ანალოგიურია სამივე კომპანიის შემთხვევაში, შესაბამისად, მათი შეფასებით საქართველოს ეკონომიკაში არსებობს სპეკულაციური რისკები. მინისტრის ინტერპრეტაცია რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, პრინციპულად არასწორი და მანიპულაციურია, რადგან ისტორიულად, საქართველოს შეფასება არა-საინვესტიციო კატეგორიაში ხვდებოდა (იხ. ცხრილი 1) და აღნიშნული არ შეცვლილა.

მინისტრის განცხადების შესაბამისად, საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ნიშნავს რომ სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემიას საქართველოს საკრედიტო კონიუნქტურის მნიშვნელოვანი გაუარესება არ მოჰყოლია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული ქვეყნების ნაწილის, (სერბეთის, ბულგარეთის) საკრედიტო რეიტინგები S&P შემთხვევაში საქართველოს შეფასებას აღემატება, გაუარესების მიუხედავად. კერძოდ, სერბეთის რეიტინგი არის BB+, ხოლო ბულგარეთის BBB-.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავამ განაცხადებით: S&P-იმა და Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგები უცვლელად დატოვა, რაც იმის ინდიკატორია, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა პანდემიის გლობალური გამოწვევის ფონზე. წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას.

მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნები ერთმანეთს უწევენ კონკურენციას უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით. უცხოურ კაპიტალზე განსაკუთრებით დამოკიდებულია განვითარებადი/ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომელთაც შეზღუდული აქვთ საკუთარი რესურსი. თავის მხრივ, კრედიტორები/ინვესტორები არჩევანს აკეთებენ კონკრეტულ ქვეყანაში უკუგების ნორმისა და სტაბილურობის, სხვანაირად, რომ ითქვას, სახსრების განთავსების მოსალოდნელი მომგებიანობისა და რისკის გათვალისწინებით. რაც ნაკლებია რისკი (მეტია სანდოობა), მით დაბალია უკუგების ნორმა, რომლის სანაცვლოდაც კაპიტალის მფლობელი მზად არის განათავსოს საკუთარი სახსრები ქვეყანაში. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკიფაქტორების და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა, საერთოა და მოიცავს როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს.

Standard &Poor’s და Fitch ის შეფასების სისტემები მსგავსია: უმაღლესი შეფასება მათ სისტემაში არის AAA, შემდგომ AA+, AA, AA-, საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+.,BBB, BBB-, არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-, სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC, დეფოლტი გამოკეთების პერსპექტივით CC, დეფოლტი D. მსგავსია Moody’s შეფასებაც მსგავსია, მაგრამ +/--ის ნაცვლად ციფრებს იყენებს: Aaa, Aa1, Aa2, Aa3, A1,A2,A3, Baa1, Baa2, Baa4, Ba1, Ba2, Ba3, B1, B2, B3, Caa1, Caa2, Caa3, Ca, C. შეფასების საფეხურები, თავის მხრივ, იყოფა საინვესტიციო და არასაინვესტიციო ჯგუფებად. აღნიშნული შეფასებების ეკონომიკური ინტერპრეტაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 1-ში. დამატებით, აღნიშნული კომპანიები რეიტინგთან ერთად აფასებენ სამომავლო პერსპექტივას: ნეგატიურად, სტაბილურად ან პოზიტიურად.

ცხრილი 1: „Moody’s, „S&P”, და „Fitch”-ის შეფასებები და შეფასებების ინტერპრეტაცია

Fitch-მა საქართველოს BB შეფასება ნეგატიური პერსპექტივით 2020 წლის აგვისტოში შეუნარჩუნა და ამავე წლის აპრილში მიანიჭა, როდესაც 2019 წელთან შედარებით, პანდემიის პირობებში, საკრედიტო პერსპექტივა გაუარესდა სტაბილურიდან ნეგატიურამდე. Standard & Poor’s-მა BB სტაბილური შეფასება შეუნარჩუნა საქართველოს, ხოლო Moody’s Ba2 სტაბილური შეფასება 2019 წლის 11 სექტემბრით თარიღდება. საქართველოს შეფასების დონეები პრინციპულად ანალოგიურია სამივე კომპანიის შემთხვევაში, შესაბამისად, მათი შეფასებით საქართველოს ეკონომიკაში არსებობს გარკვეული სპეკულაციური რისკები.

ინტერპრეტაცია რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, არასწორია, რადგან ისტორიულად, საქართველოს შეფასება არა-საინვესტიციო კატეგორიაში ხვდებოდა (იხილეთ ცხრილი 1). თუმცა, მინისტრის განცხადების შესაბამისად, საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ნიშნავს, რომ სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემიას საქართველოს საკრედიტო კონიუნქტურის მნიშვნელოვანი გაუარესება არ მოჰყოლია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული ქვეყნების ნაწილის, (სერბეთის, ბულგარეთის) საკრედიტო რეიტინგები S&P შემთხვევაში საქართველოს შეფასებას აღემატება, გაუარესების მიუხედავად. კერძოდ, სერბეთის რეიტინგი არის BB+, ხოლო ბულგარეთის BBB-.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი