რეზიუმე: დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ იზომება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, მათ შორისაა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი. ფასების ზრდა ზოგ ჯგუფში უფრო მაღალია, ზოგან ნაკლები, ხოლო საბოლოო მაჩვენებელი ერთგვარად გასაშუალოებულ (შეწონილ) სიდიდეს წარმოადგენს. შესაბამისად, შესაძლოა, ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელი შედარებით მცირე იყოს, მაგრამ ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი იმ ჯგუფებში ფიქსირდებოდეს, რომლის მიმართაც მოსახლეობა მეტად მგრძნობიარეა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, 2020 წლის ივნისში, 2012 წლის ივნისთან შედარებით, ფასები 45.5%-ით არის გაზრდილი. მაისში კი, 2012 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, სურსათზე ფასების ზრდის მაჩვენებელი 49.7% იყო. 2020 წლის იანვრის მონაცემებით, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 36% შეადგინა. ინფლაცია აღნიშნულ ჯგუფში ინფლაციის ზოგად მაჩვენებელს (მაგ.; 5.3% პუნქტით 2019 წელს) მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მოსახლეობაზე ძალიან მტკივნეულად აისახება, განსაკუთრებით კი - მოსახლეობის შედარებით ღარიბ ნაწილზე. ამ ნაწილში, განცხადების კონტექსტი მართებულია. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ინფლაციის მაჩვენებელი (54%) სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში არცერთ პერიოდში არ ფიქსირდება, თუმცა, მის მიერ დასახელებული რიცხვი რეალურთან ახლოსაა.

ანალიზი:

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ქვეყანაში 8 წლის მანძილზე საკვები პროდუქტები 54%-ით გაძვირდა“.

დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურეობის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ იზომება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6) ჯანმრთელობის დაცვა, 7) ტრანსპორტი, 8) კავშირგაბმულობა, 9) დასვენება, გართობა და კულტურა, 10) განათლება, 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

ჩამოთვლილი ჯგუფებიდან, ფასების ზრდა ზოგან მეტად, ზოგად ნაკლებად ფიქსირდება, ხოლო საბოლოო მაჩვენებელი ერთგვარად გასაშუალოებულ სიდიდეს წარმოადგენს. შესაბამისად, შესაძლოა, ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელი შედარებით მცირე იყოს, მაგრამ ინფლაციის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდეს ჯგუფებში, რომელთა მიმართაც მოსახლეობა მეტად მგრძნობიარეა. მაგალითად: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, კომუნალური გადასახადები და ჯანმრთელობის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად ინფლაცია, ანუ ფასების დონის მატება ბუნებრივი პროცესია და ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდის თანმდევი მოვლენაა. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის ზრდას ეკონომიკური და სხვადასხვა შემოსავლების ზრდა აღემატებოდეს, რასაც საბოლოო ჯამში, რეალურ ზრდამდე მივყავართ. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებაა. აღნიშნული რეჟიმის დროს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ განისაზღვრება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებული უნდა იქნას. ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს და პარლამენტის მიერ მტკიცდება. შესაბამისად, ინფლაციური პროცესების შესაფასებლად მნიშვნელოვანია ის, თუ ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში რამდენად იყო. წლების განმავლობაში მომატებული ფასების ჯამური მონაცემის დასახელება, შესაძლოა, ერთგვარად დრამატულ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თუმცა საბოლოო სურათის დასანახად წლიური დინამიკის განხილვაა საჭირო.

ცხრილ 1-ში წლიური (წლის შესაბამისი თვის ინფლაცია წინა წლის იგივე თვესთან) ზოგადი და სურსათისა და უალკოჰოლო ჯგუფის ინფლაციაა ასახული, რომელიც 2015 და 2016 წლების გამოკლებით, მთლიან ინფლაციას აღემატება. სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემი 2019 წელსაა, როდესაც სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ზოგად ინფლაციასთან (7%) შედარებით 4.7 პუნქტით მეტი ინფლაცია (12.3%) დაფიქსირდა უშუალოდ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, 2020 წლის ივნისში, 2012 წლის ივნისთან შედარებით, ფასები 45.5%-ით არის გაზრდილი, მაისში კი - 49.7%-ით. წლიურმა ინფლაციამ, 2020 წლის იანვრის მონაცემებით, ფასების ზრდამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 36% შეადგინა. საბოლოო ჯამში, შეიძლება აღინიშნოს, რომ ინფლაცია დასახელებულ ჯგუფში ინფლაციის ზოგად მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მთლიანად მოსახლეობაზე აისახება, განსაკუთრებით კი - მოსახლეობის შედარებით ღარიბ ნაწილზე.

ცხრილი 1: ზოგადი ინფლაცია და ინფლაცია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში

წყარო: საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახური

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი