კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით „ქლიქბეით“ საიტებმა [1] ამირან გამყრელიძის ყალბი განცხადება გაავრცელეს. მათი სათაურის მიხედვით, „კორონავირუსის ვაქცინა და აცრა საქართველოში რამდენიმე კვირაში იქნება“ - მსგავსი ინფორმაცია გამყრელიძეს არ გაუჟღერებია. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად სხვადასხვა ვებგვერდზე (4.intelectclub.com, timesnews.ge, abcnews.com.ge) გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ ის სოციალური ქსელის ათეულობით საჯარო ჯგუფში გაზიარდა.

ამასთან, მკითხველის შეცდომაში შემყვანი სათაურების მქონე სტატიები Facebook-ჯგუფებზე შემდეგი სახის მანიპულაციური აღწერით გავრცელდა:
• „იგეგმება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია!“;
• „ანტიქრისტეს მონამორჩილი მმართველობა“;
• „ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი პირადად აფინანსებს - მოსახლეობამ თავად გამოიტანეთ დასკვნები თუ რას ემსახურება ვაქცინაციის გამოყენება ხალხის წინააღმდეგ. მე პირადად უარს ვეუბნები ვაქცინაციას, და ასევე მოგიწოდებთ სრულიად საქართველოსაც, უარი თქვით ვაქცინაციაზე რომელიც ხალხის დაჩიპვას ნიშნავს“;

ყალბი ამბის გასავრცელებლად გამოყენებული Facebook-ჯგუფების არასრული სია:

სინამდვილეში, 22 ივლისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, გამყრელიძემ ვაქცინაზე საუბრისას აღნიშნა: "უკვე ვაქცინა მიდის იმ კონდიციამდე, რომ, ალბათ, დიდი ალბათობით, მე ასე მგონია, რომ ამ წლის ბოლოსკენ, გვიან შემოდგომაზე, ან იმ წლის დასაწყისში ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება“. მსგავს ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი, მაიკ რაიანიც ავრცელებს. მისი მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, ვაქცინაციის დაწყებას 2021 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან, „ასტრა ზენეკასა“ და „გავისთან“ მიმდინარეობას, რათა „ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს მიმღებთა რიგებში“. თუმცა, ამ კონტექსტში, მას საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის „რამდენიმე კვირაში“ შემოტანის შესახებ არაფერი უთქვამს, რაზეც თავად „ქლიქბეით“ სტატიების შინაარსიც მეტყველებს.

რაც შეეხება მოსახლეობის „მასობრივ ვაქცინაციასა და დაჩიპვას“, აღნიშნულთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე მთელ მსოფლიოში გაჩნდა. ამ კონტექსტში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყალბი ამბავი ბილ გეითსს უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ამერიკელი ფილანტროპი კორონავირუსს საკუთარი მავნე მიზნებისთვის იყენებს და ქმნის ვაქცინას, რომელიც ადამიანების უნაყოფობასა და მათი გამრავლების უნარის განადგურებას გამოიწვევს. აღნიშნული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ დეზინფორმაციას „დაჩიპვასთან“ დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეც გამოეხმაურა: „დიდი იმედი მაქვს, რომ ვაქცინები როცა გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, რომ აიცრას და ძალიან დიდი სურვილი ექნება, ნეტა, იმას ეყოს“.

Facebook-ზე გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე ჯამში 6,500-ზე მეტი ინტერაქცია (რეაქცია, კომენტარი, გაზიარება) დაფიქსირდა.

(timesnews.ge - გავრცელება) (abcnews.com.ge - გავრცელება) (4.intelectclub.com -გავრცელება)

1.ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი, რომლის მიზანი ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი