ანალიზი
პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა: „ავტორიტეტული საკრედიტო სააგენტოს კვლევით, პანდემიის პერიოდში ეკონომიკური რისკების მიხედვით ყველაზე ცუდ, 63-ე ადგილზე აღმოჩნდა საქართველო“.
დასახელებული ორგანიზაცია გერმანულ საინვესტიციო სააგენტოს „scope“ წარმოადგენს, რომელიც 2002 წელს დაარსდა, 2012 წლიდან კი საკრედიტო შეფასებით საქმიანობას ეწევა და ევროპის წამყვანი საკრედიტო შეფასების სააგენტოა. კომპანია ფინანსური ინსტიტუტების, კორპორაციების, სტრუქტურირებული ფინანსების, პროექტის დაფინანსებისა და საჯარო ფინანსების ანალიზსა და რეიტინგებშია სპეციალიზებული. რეიტინგი საქმიანობას ევროკავშირის შეფასების რეგულირების შესაბამისად ეწევა და ევროკავშირში ECAI[1] სტატუსით მოქმედებს. Scope Ratings არის Scope Group– ის ნაწილი, რომელსაც შტაბი ბერლინში და ოფისები ფრანკფურტში, ლონდონში, მადრიდში, მილანში, ოსლოსა და პარიზში აქვს.
„scope“-ს 2020 წლის საგარეო ფაქტორებისადმი მოწყვლადობისა და მედეგობის რეიტინგში, ახალი კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში საქართველო 63 ქვეყნიდან მართლაც ბოლო, 63-ე ადგილს იკავებს. 62-ე ადგილზე თურქეთი, 61-ე ადგილზე არგენტინა, ხოლო მე-60 ადგილზე უკრაინა იმყოფებიან, ხოლო საგარეო რისკისადმი მედეგობის თვალსაზრისით, პირველ ხუთეულში (რიგითობით) ტაივანი, ჩინეთი, შვეიცარია, ტაილანდი და მალტა შედიან.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო საგადასახდელო ბალანსის კუთხით არა მხოლოდ მოწყვლადია, ასევე კრიზისების გამძლეობისას მნიშვნელოვან სისუსტეებს ავლენს. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მაღალ მოწყვლადობას მცირე ღია ეკონომიკა განაპირობებს, რომელსაც სუსტი საექსპორტო ბაზა და იმპორტდამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაღალია და მისი დაფარვა არსებითად საგარეო დაფინანსებაზე არის დამოკიდებული, მათ შორის საინვესტიციო ნაკადებზე. ასევე, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ლარიზაციის [2] მაჩვენებელი დაბალია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საგარეო ვალი, რომელიც მშპ-ს 44%-ს აღემატება, ძირითადად დოლარსა და ევროშია დენომინირებული, რაც ლარის კურსის მერყეობის პირობებში მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. კვლევაში სავალუტო რეზერვების არასაკმარისობაზეც არის ყურადღება გამახვილებული.
----------------------------------------------------------------------------------------------
[1] External Credit Assessment Institutions
[2] ლარიზაცია, ანუ იგივე დე-დოლარიზაცია, გვიჩვენებს ქვეყანაში ლარის გამოყენების წილს ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში.