იტვირთება

რეზიუმე: მსოფლიო ბანკის რეიტინგი („მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი“) ქვეყნებს 6 ძირითადი კრიტერიუმით, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის და კანონის უზენაესობის კუთხით აფასებს. უკანასკნელი რეიტინგი 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და მასში 2018 წლის მონაცემებია ასახული. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის კუთხით საქართველომ მცირედი პროგრესი განიცადა და 63.94% მიიღო. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მაჩვენებელი 76.44 პროცენტია, რაც 2018 წლის შეფასებასთან შედარებით 0.94 %-ით ნაკლებია. თუმცა 2019 წლის მაჩვენებელი, 2015 და 2017 წლების შეფასებებთან მიმართებით, 0.96 %-ით შემცირებულია.

2019 წლის ანგარიშში ამ წელს განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისას გამოვლენილი დარღვევები; „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას, ასევე პოლიტიკოსების: გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ა.შ) ასახული არ არის. ხსენებული მოვლენების შეფასება, სავარაუდოდ, 2020 წლის ანგარიშში იქნება გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, არჩილ თალაკვაძე მის შესახებ წინსწრებით საუბრობს.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ „მსოფლიო ბანკის შეფასებაში, წლევანდელშიც და შარშანდელშიც, საქართველოს სასამართლოების და მართლმსაჯულების შეფასება არის დადებითი, გნებავთ დამოუკიდებლობის ნაწილში, გნებავთ ბიზნესის თავისუფლების ნაწილში“. წამყვანის შეკითხვას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის მხრიდან ტერმინის „პოლიტიკური პატიმრები“ გამოყენებასთან დაკავშირებით, თალაკვაძემ აღნიშნული განცხადებით უპასუხა.

„ფაქტ-მეტრი“ არჩილ თალაკვაძის განცხადებით დაინტერესდა და ქვემოთ მსოფლიო ბანკის ანგარიშების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობაა შეფასებული. მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ქვეყნების 2 ძირითად რეიტინგს, „Doing Business” და „Worldwide Governance Indicators” აქვეყნებს. „Doing Business“ რეიტინგი ქვეყნებს ბიზნესის კეთების სიმარტივით აფასებს და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისებისა და სასამართლოს მომსახურების ეფექტურობას განიხილავს. შესაბამისად, ამ რეიტინგის მიხედვით, ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეფასება არ ხდება და აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემის შესახებ მასზე დაყრდნობით ვერ ვიმსჯელებთ.

რაც შეეხება რეიტინგს, „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი“, ის მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 224 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა, რეგულაციების ხარისხი, სახელმწიფოს ეფექტიანობა, პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა, მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 33 სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის“ უკანასკნელი რეიტინგი 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და მასში 2018 წლის მონაცემებია ასახული. შესაბამისად, 2019 წლის ანგარიშში ამ წელს განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა; „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას, ასევე პოლიტიკოსების: გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები და ა.შ) ვერ მოხვდა. ხსენებული საკითხების შეფასება 2020 წლის ანგარიშში აისახება, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის კუთხით საქართველომ მცირედი პროგრესი განიცადა და 63.94% მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.96 %-ით აღემატება. თუმცა 2019 წლის მაჩვენებელი, 2015 და 2017 წლების შეფასებებთან მიმართებით, 0.96 %-ით შემცირებულია. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის“ ერთ-ერთი კრიტერიუმს კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტერიუმი სასამართლო ხელისუფლებას პირდაპირ არ ეხება, მის შედგენისას სასამართლოში არსებული კორუფციის დონე და მისი ეფექტიანობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში არის გასათვალისწინებელი. 2019 წლის ანგარიშში საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 100%-იანი სკალიდან 76.44 პროცენტი მიიღო, რაც 2018 წლის შეფასებასთან შედარებით 0.94 %-ით ნაკლებია.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ „მსოფლიო ბანკის შეფასებაში, წლევანდელშიც და შარშანდელშიც, საქართველოს სასამართლოების და მართლმსაჯულების შეფასება არის დადებითი“, მეტწილად მცდარია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3138 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი