რეზიუმე: მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ კვლევაში „მმართველობის ინდიკატორები 2019“, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ასახავს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სკალიდან 76.44% მიიღო. ამ შედეგით საქართველო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და ევროპაში მე-20 ადგილი დაიკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესება კვიპროსის მაჩვენებლების მკვეთრმა გაუარესებამ გამოიწვია. საქართველოს საუკეთესო მონაცემები 2017 წელს ჰქონდა (77.4 %). შესაბამისად, 2019 წლის ანგარიშში ჩვენი მდგომარეობა გაუარესებულია. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ 2018 წლის რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილის იკავებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ რეიტინგში, ევროპის მასშტაბით, საქართველო მე-20 ადგილზეა.
ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორის კუთხით საქართველომ 74.04% მიიღო. ეს მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის რეიტინგს არსებობის განმავლობაში, საქართველოსთვის უმაღლესი შეფასებაა. მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე სამინისტროს განცხადებებში შეიმჩნევა ტენდენციური მიდგომა და კონტექსტის უგულებელყოფა. კერძოდ, განზრახ არის დამახინჯებული რამდენიმე ფაქტი. საყურადღებოა ისიც, რომ მინისტრი განცხადებაში არ ახსენებს იმ ინდიკატორებს, რომლებშიც საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია.
ანალიზი
2019 წლის 2 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში - „მმართველობის ინდიკატორები 2019“, საქართველომ ორი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლისა და კონტროლის მხრივ პოზიცია გაიუმჯობესა და მსოფლიოს 186 ქვეყნიდან მე-18 ადგილი დაიკავა. მისივე თქმით, საქართველომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი აჩვენა ხელისუფლების ეფექტიანობის კუთხითაც. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა მინისტრის განცხადების სისწორით და ქვემოთ ხსენებული კვლევის შედეგებს განვიხილავთ.
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი“ მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 224 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულაციების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი.
რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 33 სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.
მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა 2019 წელს გამოქვეყნდა. სწორედ, ამ კვლევის შესახებ ისაუბრა თეა წულუკიანმა.
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, 2018 წელს საქართველომ ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-20 ადგილი დაიკავა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1 პოზიციით უკეთესი შედეგია.
გრაფიკი 1: ევროპის საუკეთესო ოცეულის რეიტინგი 2018 წლის მონაცემებით
წყარო: მსოფლიო ბანკი
დაწინაურების მიუხედავად, 2018 წელს საქართველომ 100%-იანი სკალიდან 76.44 პროცენტი მიიღო, რაც 2017 წლის შეფასებასთან შედარებით 0.94 %-ით ნაკლებია (იხ. გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს შეფასებები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო 9 წლის განმავლობაში
წყარო: მსოფლიო ბანკი
შესაბამისად, აშკარაა, ერთი მხრივ, სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესება, ხოლო, მეორე მხრივ, 2018 წელს შეფასების გაუარესებული მაჩვენებელი. აღნიშნული გარემოება, კვიპროსის შეფასების მკვეთრი გაუარესებით არის გამოწვეული. 2017 წლის რეიტინგში კვიპროსი 78.37 პროცენტიანი მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-20 ადგილს იკავებდა. 2018 წელს კი კვიპროსის შეფასება 74.04 პროცენტამდე დაეცა და რეიტინგში, ევროპის მასშტაბით, 22-ე ადგილი დაიკავა. შედეგად კი საქართველო 21-ე ადგილიდან მე-20 ადგილზე გადაინაცვლა.
ამასთან, წულუკიანის განცხადებაში ნახსენები მე-18 ადგილი არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველომ ევროპის მასშტაბით, არა მე-18, არამედ მე-20 ადგილი დაიკავა. ამასთანავე, მინისტრმა უგულებელყო ის ფაქტი, რომ 2018 წლის შეფასება, 2017 წლის შეფასებას 0.94 %-ით ჩამოუვარდება. ეს კი ფაქტებით მანიპულირებაზე მიუთითებს.
სახელმწიფოს ეფექტიანობის კუთხით, 2018 წელს საქართველო 100%-იანი სკალიდან 74.04%-ით შეფასდა, რაც საქართველოსთვის ნამდვილად საუკეთესო სარეიტინგო შეფასებაა. აღნიშნული მონაცემით საქართველო ევროკავშირის 6 ქვეყანას უსწრებს. ესენია: ბულგარეთი; ხორვატია; რუმინეთი; იტალია; უნგრეთი, საბერძნეთი.
გრაფიკი 3: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს შეფასება სახელმწიფოს ეფექტიანობის კუთხით 1996-2019 წლებში
წყარო: მსოფლიო ბაკი
შესაბამისად, მინისტრის განცხადება, სახელმწიფო ეფექტიანობის კუთხით, საქართველოს ისტორიულად საუკეთესო შედეგის შესახებ, სიმართლეა.
მსოფლიო ბანკის კვლევას, იუსტიციის სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების ცნობით, „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში საქართველომ საუკეთესო შედეგი მიიღო და მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციაზეა. რეგულირების ხარისხის ინდიკატორი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისათვის გატარებული რეფორმების ეფექტიანობის შეფასებას. ამ კრიტერიუმით, საქართველომ 2018 წელს 83.17 % მიიღო.
გრაფიკი 4: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს შეფასება რეგულირების ხარისხის კუთხით 1996-2019 წლებში.
აღნიშნული რეიტინგს არსებობის განმავლობაში, ეს შეფასება საქართველოსთვის უმაღლესი მაჩვენებელია. ამასთან 2018 წლის მონაცემით საქართველო რეგიონში ლიდერია.
გრაფიკი 5: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოსა და მისი მეზობლების შეფასება რეგულირების ხარისხის კუთხით 2018 წელს.
წყარო: მსოფლიო ბანკი
იუსტიციის სამინისტრომ, ასევე აღნიშნა, რომ წინსვლა გვქონდა კანონის უზენაესობის ინდიკატორშიც, რომელიც აფასებს მთავრობის მოქმედებათა, კანონთან შესაბამისობასა და კანონიერი დანაწესების დაცულობის ხარისხს.
2018 წელს კანონის უზენაესობის კუთხით საქართველომ 63.94 % მიიღო. ეს მაჩვენებელი, 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.96 %-ით აღემატება, თუმცა 2014 და 2016 წლების შეფასებებთან მიმართებით 0.96 %-ით შემცირებულია. (იხ. გრაფიკი 7)
გრაფიკი 6: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს შეფასება კანონის უზენაესობის კუთხით 1996-2019 წლებში
წყარო: მსოფლიო ბანკი
მოცემული გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ 2017 წელთან შედარებით ნამდვილად შეინიშნება ზრდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2018 წლის მაჩვენებელი თითქმის 1 პროცენტით ჩამოუვარდება 2014 და 2016 წლების მაჩვენებლებს.
თეა წულუკიანის და იუსტიციის სამინისტროს განცხადებებში ხსენებული 4 კრიტერიუმის გარდა, „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევა 2 სხვა კრიტერიუმსაც მოიცავს, კერძოდ: პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. 2018 წელს პოლიტიკური სტაბილურობისა და არაძალადობრივი გარემოს არსებობის კუთხით, საქართველომ 30%-იანი შეფასება მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით 1.43%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 3.81 %-ით ნაკლებია (იხ. გრაფიკი 8). საყურადღებოა, რომ ეს შეფასება, არც მინისტრის და არც სამთავრობო უწყებების განცხადებებში (მათი უარყოფითი ხასიათის გამო) არ მოხვედრილა.
გრაფიკი 7: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს შეფასებები პოლიტიკური მდგრადობისა და არაძალადობრივი გარემოს კუთხით, ბოლო 9 წლის განმავლობაში.
წყარო: მსოფლიო ბანკი
ასევე უყურადღებოდ დარჩა მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხის ინდიკატორიც. 2018 წელს საქართველომ აღნიშნულ კრიტერიუმში 56.16 % დაიმსახურა, რაც 2017 წლის შედეგს 1.48% პროცენტით აღემატება, თუმცა, 2014 წლის შეფასებას 1.48 %-ით, ხოლო 2015 წლის შეფასებას 0.49 %-ით ჩამორჩება.
გრაფიკი 8: მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს შეფასებები მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხის კუთხით, ბოლო 9 წლის განმავლობაში.
წყარო:მსოფლიო ბანკი
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის და იუსტიციის სამინისტროს განცხადებები წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირებას. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებებში ხსენებული მონაცემების გარკვეული ნაწილი სწორია, აშკარაა ტენდენციური მიდგომა და კონტექსტის უგულებელყოფა. დამახინჯებულია რამდენიმე ფაქტი.