ქალაქ ბათუმის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკუთარ ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები ზუსტად 171 630 600 ლარით განისაზღვრა. საუბარია, საკუთარ შემოსავლებზე. გარდა ამისა, აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების სახით, ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებულია 26 მილიონი ლარი.
ასიგნებების ნაწილში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ გაზრდილია შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი. თუ 2019 წელს ამ მიზნით ბიუჯეტში 22 229 000 ლარი იყო გათვალისწინებული, 2020 წელს ეს პარამეტრი 23 573 000 ლარს შეადგენს, რაც შესადარებელ მაჩვენებელთან მიმართებით, 1 344 000 ლარით ანუ 6,05%-ით მეტია.
დაგეგმილია მომუშავეთა რაოდენობის გაზრდაც - მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, ანაზღაურებას 2 572 ადამიანი, 2019 წელთან შედარებით, 63 დასაქმებულით მეტი აიღებს. თუმცა ეს ზრდა არ ეხება უშუალოდ მერიაში დასაქმებულთა რაოდენობას. პირიქით, აქ დაგეგმილია მათი 19 ერთეულით შემცირება (2019 წელს - 189 ადამიანი). სამაგიეროდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოში 12-ით მეტი ანუ 44 ადამიანი იმუშავებს.
მერიაში ანაზღაურების შემცირება დაგეგმილია 111 200 ლარით, ხოლო საკრებულოში პირიქით, იზრდება 44 000 ლარით და 1 105 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანო საქონელისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი ხარჯის მოცულობის გაზრდასაც გეგმავს - თუ 2019 წელს ეს პარამეტრი 482 600 ლარი იყო, 2020 წელს 529 000 ლარი იქნება.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ახალი ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ ხარჯიც გაითვალისწინა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მომავალი წლის ბიუჯეტში „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის“ 3 444 000 ლარი გამოყო (ეს თანხა, შესაძლოა, შეიცვალოს ისევე, როგორც სხვა პარამეტრებიც. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს ცვლილება მნიშვნელოვანი არ იქნება), რომლის 57,61% (1 460 000 ლარი) 110 მომუშავის შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს, ხოლო დანარჩენი 42,39% (1 460 000 ლარი) – „საქონელსა და მომსახურებას“.
ინსპექციის შექმნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა. მაშინ კითხვები ახალი ა(ა)იპ-ის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით დაისვა. ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ მუნიციპალური სერვისების განვითარების პრიორიტეტულ პროგრამაში შედის. თვითმმართველობა ბიუჯეტის პროექტში ერთი წინადადებით განმარტავს, რომ შექმნის მიზანია მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ რამდენიმე ა(ა)იპ-ი გააუქმა, ზოგის ფუნქციები გააერთიანა და ორი ახალი, გამსხვილებული ორგანიზაცია შექმნა: ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“, რომელიც ქობულეთის ყოფილ მერს, სულხან ევგენიძეს ჩააბარა და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“, რომელსაც ჯუმბერ კობალაძე ხელმძღვანელობს. „ფაქტ მეტრი“ ამის შესახებ წერდა.
მაშინ, ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ სამართალდარღვევაზე ჯარიმის დაწერის უფლება მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიენიჭებოდა, რომელიც მანამდე მხოლოდ მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებდა. ბათუმის მერი ამბობდა: „რეორგანიზაციის შედეგად, ჩვენ სრულიად დავიწყეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმირება. კერძოდ, ფუნქციები შესაბამის დარგობრივ სამსახურებს დაექვემდებარა. ესენია: არქიტექტურისა და ქალაქგანვითარების ურბანული პოლიტიკის სამსახური, სადაც, მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით, ახალი განყოფილება შეიქმნა. ქონების მართვის სამსახურში ჩამოყალიბდა განყოფილება, რომელიც კურირებს ადმინისტრაციულ ზედამხედველობას. მუნიციპალური სერვისების სააგენტოში, ზედამხედველობის მიმართულებით, ოცდაათამდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ყოველდღიურ მონიტორინგსა და ზედამხედველობას სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. უახლოეს პერიოდში ყველა ეს ღონისძიება ქალაქზე აისახება“. თუმცა სიახლე ქალაქზე დიდად ვერ აისახა.
უკანონო ან რეგულაციების დარღვევით მიმდინარე მშენებლობების, მიტაცებული ტროტუარების, ხმაურის, ტექნიკურად გაუმართავი და ამორტიზებული ტრანსპორტის მოძრაობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის, სკვერების, პლაჟებისა და სხვა სივრცეების კანონდარღვევით გამოყენების, არასტანდარტულ პირობებში ფუნქციონირებადი საბავშვო ბაღების, დაუსრულებელ, ჩაუბარებელ კორპუსებში - საფრთხის შემცველ გარემოში შესახლების, გაუმართავი ლიფტებისა და კიდევ მრავალი სახის დარღვევაზე შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციების რეაგირება რომ უეფექტოა, ამაზე არაერთი შემთხვევა და საზოგადოების რეაქციაც მეტყველებს. ამ თემას მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ შეეხნენ.
გამოდის, რომ 2018 წლიდან ქალაქის ბიუჯეტიდან, სწორედ, ზედამხედველობისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, თანხა იხარჯებოდა, თუმცა მერიამ დაანონსებული შედეგი ვერ უზრუნველყო.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი აიპი-ს შექმნის თაობაზე მერიას თანხმობა ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ოქტომბერს მისცა, №74 განკარგულებით. „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ შესახებ პროექტიც მომზადდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციაში 160-180 საშტატო ერთეული იქნება. ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნეთ, 2020 წლის ბიუჯეტში 110 მომუშავეა მითითებული. შესაძლოა, მომავალში ეს რაოდენობა გაიზარდოს.
პროექტის თანახმად, ინსპექციაში სხვა ორგანიზაციებისა და სამსახურების საზედამხედველო-სამონიტორინგო ფუნქციის შემსრულებელი პირები გადმოინაცვლებენ.
თუმცა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალური სერვისების განვითარების პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ახალი ორგანიზაცია დაფინანსდება. ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებას 2019 წელს 113 საშტატო ნუსხით დასაქმებული იღებდა, ხოლო 2020 წელს დაგეგმილი მაჩვენებლის თანახმად, ხელფასს 189 მომუშავე ანუ - 76 ადამიანით მეტი აიღებს. ამასთანავე, არ შეცვლილა იმ ორგანიზაციებში საშტატო ნუსხით დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებსაც საზედამხედველო ფუნქციები ჰქონდა მინიჭებული. მაგალითად, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში შრომის ანაზღაურება კვლავ 80 დასაქმებულს მიეცემა. რაც შეეხება მერიის სამსახურებს, შემცირება, როგორც დასაწყისში ვთქვით, 19 ერთეულით მცირდება. ე.ი. საერთო ჯამში, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციის“ საშტატო ნუსხას არა მხოლოდ სხვა სამსახურებიდან და ორგანიზაციებიდან გადმოყვანილი პირები, არამედ ახალი დასაქმებულებიც შეავსებენ.