რეზიუმე: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2019 წელს სოფლად თვითდასაქმებულთა რაოდენობა 650.5 ათას კაცს შეადგენს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარიან სუბსიდიას და დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად 200 000 ფერმერი მიიღებს. თვითდასაქმებულია სასოფლო ტიპის დასახლებაში მცხოვრები შრომისუნარიანი პირი, რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელსაც ამუშავებს და შემოსავალს ნატურით ან ფულადი ფორმით იღებს. შესაბამისად, ერთ შინამეურნეობაში თვითდასაქმებული შეიძლება იყოს არა მხოლოდ მიწის მესაკუთრე, არამედ მისი ოჯახის წევრებიც. თუმცა, ასევე დასაშვებია, რომ მიწის მესაკუთრე ფერმერს და მისი ოჯახის წევრებს სხვა სამსახური ჰქონდეთ და თვითდასაქმებულები არ იყვნენ. ამგვარად, ცალსახად იმის თქმა, რომ სუბსიდიის მიმღები 200 000 ფერმერიდან ყველა თვითდასაქმებულია, საფუძველს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, მთავრობის მიერ დადგენილი დახმარების პაკეტი, სოფლად მცხოვრებ რამდენ თვითდასაქმებულამდე მივა, ამის განსაზღვრა ძნელია. ასევე 60 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულისთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტი, სოფლად მცხოვრებ რამდენ თვითდასაქმებულს შეეხება, ამასაც ვერ ვიტყვით. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ანტიკრიზისულ გეგმის გარშემო დასმულ კითხვებს უპასუხა, მათ შორის, თვითდასაქმებულების დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ბატონმა ბობოხიძემ თქვა კიდევ, მგონი, რომ თვითდასაქმებულები დარეგისტირებულები არიანო 800 ათასი ადამიანი. ეს 800 ათასი ადამიანი დარეგისტრირებულია საქსტატის მონაცემებით. მაგრამ ამასთან ერთად, ბატონო კაკო, ისიც უნდა თქვათ, რომ ამ 800 ათასი ადამიანიდან, დაახლოებით 600 ათასი ადამიანი არის სოფლად მომუშავე ადამიანი. ეს ასეა. შესაბამისად, გლეხს და ფერმერს, რომელიც სოფლად მუშაობს და თვითდასაქმებულად აღიქვამს მას საქსტატი, ჩვენ სოფლის მეურნეობის პროგრამებით ვეხმარებით. აქეთ გვრჩება, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი, რომელიც თვითდასაქმებულად რჩება. აქედან, ამ 200 ათასიდან, ნაწილი მიდის იმ სოციალურ პროგრამებში, რომელიც თქვენ ბრძანეთ, 60-დან 100 ათას ქულამდე. და დაახლოებით რჩება 150 ათასი ადამიანი. მერწმუნეთ, რომ ყველას დავეხმარებით იმ პროგრამით, რომელიც არის გათვალისწინებული“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1 690.2 მლნ კაცი შეადგინა, საიდანაც დაქირავებით დასაქმებული არის 849.3 ათასი კაცი, თვითდასაქმებული კი - 840.4 ათასი. შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებელში თვითდასაქმებულთა წილი 49.7%-ია. 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასით შემცირდა, რაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა. ის პირები, რომლებიც საქსტატის მიერ თვითდასაქმებულთა კატეგორიაში აღირიცხება, ძირითადად სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულები. ამ პირების საქმიანობა ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან არ არის დაკავშირებული და საკუთარ მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირებად ითვლებიან. მაგალითად, თვითდასაქმებულია სასოფლო ტიპის დასახლებაში მცხოვრები შრომისუნარიანი პირი, რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელსაც ამუშავებს და შემოსავალს ნატურით ან ფულადი ფორმით იღებს.

2019 წელს სულ სოფლად დასაქმებული 891.4 ათასი კაცი იყო, მათ შორის 240.9 დაქირავებით დასაქმებული, 650.5 ათასი კი თვითდასაქმებული. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პაკეტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება, მათ შორის მცირემიწიან ფერმერთა დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

  • 0.25 ჰექტრიდან - 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების სუბსიდირება.

1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდირების რაოდენობა არის 200 ლარი. დახმარებას მიიღებს 200 000 ფერმერი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად.

  • 0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს - აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით ერთი ლარით (ერთი ლიტრი) იაფად მიეწოდებათ. ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრია, დახმარებას 200 000-მდე ფერმერი მიიღებს. ამ პროგრამით, ფერმერების შეღავათი დაახლოებით 40 მილიონი ლარი იქნება.

როგორც ვხედავთ, პროგრამის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების სუბსიდირება, ასევე დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად 200 000 ფერმერზეა გათვალისწინებული, რომლებიც დარეგისტრირებული მიწის მესაკუთრეები არიან (0.25 ჰადან 10 ჰექტრამდე). როგორც აღვნიშნეთ, თვითდასაქმებულია სასოფლო ტიპის დასახლებაში მცხოვრები შრომისუნარიანი პირი, რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელსაც ამუშავებს და შემოსავალს ნატურით ან ფულადი ფორმით იღებს. შესაბამისად, ერთ შინამეურნეობაში თვითდასაქმებული შეიძლება იყოს არა მხოლოდ მიწის მესაკუთრე, არამედ მისი ოჯახის წევრებიც. თუმცა, ასევე დასაშვებია, რომ მიწის მესაკუთრე ფერმერი და მისი ოჯახის წევრები თვითდასაქმებულები არ იყვნენ. ამგვარად, ცალსახად იმის თქმა, რომ სუბსიდიის მიმღები 200 000 ფერმერიდან ყველა თვითდასაქმებულია, საფუძველს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, სოფლად მცხოვრებ რამდენ თვითდასაქმებულამდე მივა ეს დახმარება, ამის განსაზღვრა ძნელია.

რაც შეეხება აღნიშნული დახმარების მიღმა დარჩენილ სოფლად მცხოვრებ თვითდასაქმებულებს, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ ნაწილს სოციალური დახმარების პაკეტი შეეხება, რომელი 60 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულისთვის არის გათვალისწინებული. სოციალურად დაუცველთა ბაზაში 2020 წლის მაისის მონაცემით აღნიშნული სარეიტინგო ქულის მქონე 237 920 ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა მათგან რამდენია სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული, ძნელი სათქმელია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა თვითდასაქმებული მოქალაქის ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, თუ ის შემოსავლის დაკარგვას დაასაბუთებს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 75 მლნ ლარი გამოიყოფა და 250 ათასამდე მოქალაქის დახმარებაა ნავარაუდევი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი