რეზიუმე: Facebook-ში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, რომ თითქოს 5G-ის ინსტალატორი 5G-ის გადამცემ ანტენას ხსნის და მიკროსქემაზე ნახულობს წარწერას - COV-19. აღნიშნული ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ვიდეოდან ჩანს, მასში ასახული მოწყობილობა ძველი ე.წ. Set-Top Box-ის (მოწყობილობა, რომელიც ტელევიზორს უერთდება და ციფრული სიგნალს ანალოგურად გარდაქმნის) ნაწილია, რომელსაც შემდგომ COV-19 დააწერეს.

ანალიზი

სოციალურ მედიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, აქტიურად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პირი, რომელიც თავს 5G ანტენების ინსტალატორად წარმოგვიდგენს, „5G გადამცემის მიკროსქემას“ ხსნის და აღმოაჩენს, რომ COV-19 აწერია. აღნიშნული ვიდეო 5G-ისა და კორონავირუსის (COVID-19) შორის დაკავშირების შეთქმულების თეორიის არგუმენტად აქტიურად გამოიყენეს. მაგალითად, Facebook-გვერდმა „ახალგაზრდული“, რომელსაც 23 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, აღნიშნული ვიდეო შემდეგი აღწერით გაავრცელა: „5-G მიკროსქემას აწერია COVID-19! ადამიანი, რომელიც 5G ანტენების ინსტალაციას აკეთებს, დაინტერესდა 5G გადამცემის მიკროსქემით, აკრძალვის მიუხედავად, მან ის გახსნა. გახსნა და: ანტენის რაღაც ნაწილს აწერია COVID-19“. ვიდეო სხვადასხვა Facebook-ჯგუფშიც გავრცელდა. აღნიშნული ვიდეო Facebook-მა ყალბ ამბად მონიშნა.

გავრცელებული ვიდეოს ავტორი არ ასახელებს, თუ სად არის ის გადაღებული. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მანქანები გზის მარცხენა მხარეს არის გაჩერებული, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ვიდეო გაერთიანებულ სამეფოში არის გადაღებული. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილმდებარეობის მსგავსად, ავტორი არც იმ კომპანიას ასახელებს, სადაც მუშაობს.

ინფორმაციის ნაკლებობის მიუხედავად, ვიდეო მაინც საკმარის მასალას იძლევა, რაც მისი შინაარსის სიყალბეს ადასტურებს. ვიდეოში ნაჩვენებ მოწყობილობაზე ნამდვილად არის წარწერა COV-19.

წყარო: LEADSTORIES

თუმცა ვიდეოში მიკროსქემაზე აგრეთვე ჩანს მოწყობილობის მწარმოებელი ბრენდის წარწერაც - Hannstar და პროდუქტის ნომერიც - Hannstar J MV-1. Hannstar არის ტაივანური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც მონიტორებს, ნოუთქბუქებისა და ტელევიზორების ეკრანებს, set-top box-ებს და აღნიშნულ მოწყობილობათა ნაწილებს აწარმოებს. მაგრამ ის მობილური ინტერნეტის ქსელებს და, მათ შორის, 5G-ის გადამცემ მოწყობილობებს არ აწარმოებს.

წყარო: LEADSTORIES

ასევე მოწყობილობაზე ე.წ. SCART-ის ტიპის დამაკავშირებელის შესაერთებელი ჩანს. SCART-ი ორ აუდიო-ვიზუალურ მოწყობილობას შორის ფიზიკური და ელექტრო დამაკავშირებელია, მაგალითად, ტელევიზორსა და ვიდეო კასეტის ჩამწერს შორის. ის 1970-იან წლებში საფრანგეთში შეიქმნა. მას მობილურ ქსელებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღესდღეობით SCART-ი მოძველებულია და უმეტესად HDMI-ისა და DisplayPort-ის დამაკავშირებლებმა ჩაანაცვლა.

SCART-ის ტიპის დამაკავშირებელი ვიდეოში ნაჩვენებ მოწყობილობაზე. წყარო: LEADSTORIES

შედარებისთვის, SCART-ის ტიპის დამაკავშირებელი შემდეგნაირად გამოიყურება. წყარო: LEADSTORIES

შესაბამისად, ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა ძველი ე.წ. set-top box-ის ნაწილია და 5G-სთან ან COVID-19-თან არანაირი კავშირი არ აქვს. „ესოშიეითიდ პრესი“ (Associated Press – AP) ფაქტების გადამმოწმებელ პროექტთან Virgin Media ადასტურებს, რომ ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა - HannStar J MV-1 – ცხრა წლის წინანდელი ტელევიზორის set-top box-ის ნაწილია, კონკრეტულად კი - Cisco 4585 HD (non-PVR). იგი SCART-ის ტიპის დამაკავშირებელს ნამდვილად იყენებს. აღნიშნული მოდელი 2011 წლიდან არის გაყიდვაში, თუმცა ის აღარ იწარმოება. Virgin Media-ს მიხედვით, აღნიშნულ მოდელის ძველ ნაწილებზე წარწერა - COV-19 - არ არის, ხოლო ვიდეოში ასახული წარწერა მოწყობილობის RF Tuner-ის ნაწილზე (ადგილი, სადაც კოაქსიალური, თანაღერძული, ტელევიზორის კაბელი ერთდება) შემდგომ დააწერეს. Reuters-ის ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა ასევე ასკვნის, რომ მიკროდაფა ტელევიზორის ძველი ე.წ. Set-Top Box-ის ნაწილია, მის ორიგინალ ვერსიაზე წარწერა - COV-19 არ არის და მას მობილური ქსელების ინფრასტრუქტურასთან, 5G-ის ჩათვლით, არანაირი კავშირი აქვს. Reuters-მა ასევე შეადარა ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა და Virgin Media-ს მიერ დასახელებული მოდელი და მათი ღილაკებისა და მიკროსქემის დაფის განლაგებები ემთხვევა. სრული მოწყობილობის სურათი ქვემოთ.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 5G-სა და კორონავირუსს (COVID-19) შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, ხოლო 5G ინტერნეტ-ქსელი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 5G მობილური ქსელები COVID-19- არ ავრცელებს. ვირუსები რადიოტალღებისა და მობილური ქსელების მეშვეობით არ მოძრაობს. ხოლო კორონავირუსი მრავალ ისეთ ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც 5G მობილური ქსელები არ არის, მაგალითად - იაპონიასა და ირანში. COVID-19 ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, როდესაც ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ასევე დაინფიცირებული ზედაპირის ხელით შეხების შედეგადაც შესაძლებელია ვირუსის გადადება.

არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G- რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდარაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ.

4G დაახლოებით 6 გიგაჰერცის სიხშირეს იყენებს, ხოლო 5G 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა. თუმცა 30-დან 300 გიგა ჰერცამდე სიხშირეს საკმარისი ენერგია არ აქვს, რომ ქიმიური ბმები გაწყვიტოს ან ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტონ. შესაბამისად, 5G-ის რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ. მსგავსი გავლენა მხოლოდ ბევრად ძლიერ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შეუძლიათ, რომლებიც იონიზებად რადიაციას გამოსცემენ. ავსტრალიის რადიაციისგან დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოც ამავე დასკვნას აკეთებს. გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) მიხედვით, 5G-გან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებით 66-ჯერ ნაკლებია. 5G-ის კორონავირუსთან კავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ სრულად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

სტატია მომზადებულია IFCN (საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი ქსელის) წევრების - Associated Press, Reuters და LEADSTORIES - მასალებზე დაყრდნობით

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი