იტვირთება

კორონავირუსის პანდემიის და მკაცრი შეზღუდვების გამო მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა სამსახური/შემოსავალი დაკარგა. დღის წესრიგში დადგა, სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების დახმარების აუცილებლობა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას 14 აპრილის განცხადებით, იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნებოდა.

24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის „ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა“ წარადგინა. გეგმის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა, ან უხელფასო შვებულებაში იმყოფება - 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს, ჯამში 1 200 ლარს მიიღებენ. თვითდასაქმებულები კი, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, დაქირავებით დასაქმებულებისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება არსებულ საარსებო მინიმუმსაც არ აკმაყოფილებს.

საარსებო მინიმუმი არის შემოსავლების მინიმალური ოდენობა, რომელიც ადამიანის არსებობისა და აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის გათვალისწინებული. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206 ლარს შეადგენდა, აპრილში კი, ეს მაჩვენებელი 199.6 ლარამდე შემცირდა.

ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილი, ასევე კომუნალურ გადასახადებზე შეღავათს მოიცავს. კერძოდ, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად უფინანსდებათ. აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის 30%-ს არასასურსათო ხარჯები, მათ შორის კომუნალური გადასახადები შეადგენს. შესაბამისად, 200-ლარიან დახმარებასთან ერთად კომუნალურ გადასახადების დაფინანსებაც უნდა გავითვალისწინოთ.

მთავრობის დახმარება ოფიციალურ საარსებო მინიმუმს აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, არსებული საარსებო მინიმუმის ორიენტირად აღება არამართებულია, რადგან საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია ხარვეზიანია და ადამიანის საჭიროებებს რეალურად არ ასახავს.

როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება და რა ხარვეზებს შეიცავს ის?

საარსებო მინიმუმს საქსტატი, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.

მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე“ იყოფა. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს.

საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება 0.7-ზე იყოფა, რადგან საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.

საარსებო მინიმუმის მხოლოდ სასურსათო კალათის მიხედვით დაანგარიშება და ხარჯების ამგვარი გადანაწილება (სასურსათო ხარჯები 70%, არასასურსათო ხარჯები 30%) რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ ადამიანს არასასურსათო ხარჯებისთვის თვეში დაახლოებით 60 ლარი უნდა ეყოს, რაც არარეალურია, რადგან აქ შედის ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯები.

ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად ის გაცილებით მაღალია. საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და საარსებო მინიმუმის ახალი ზღვრის დაწესება 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულებულა.

საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ამასთან, სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. შესაბამისად, მეთოდოლოგიის გადახედვა და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია.


მსგავსი სიახლეები

3113 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი