რეზიუმე: 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ეხება.
ძირითად შეღავათებს და დახმარებას მოქალაქეებისთვის გეგმის მეორე ეტაპი მოიცავს, რაც მიზნობრივ სოციალურ მხარდაჭერას გულისხმობს. საუბარია COVID-19-ის გავრცელების შედეგად, სამსახურის გარეშე დარჩენილებზე, თვითდასაქმებულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, პენსიონერებზე, მრავალშვილიანებზე, ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-დან 100 ათასამდეა განსაზღვრული. მთავრობა შეღავათებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებსაც სთავაზობს.
მოწყვლად ჯგუფებში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები და იძულებით გადაადგილებული პირებიც შედიან. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებისთვის სპეციალური შეღავათები გაწერილი არ არის, თუმცა მათაც იმ კრიტერიუმებით შეეძლებათ სარგებლობა, რითიც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა პრემიერ- მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა და აღნიშნა: „წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში არაფერი თქმულა რუსული ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, მაშინ, როდესაც ქვეყანას ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს. სწორედ დევნილებშია ყველაზე მეტი დაუსაქმებელი და არ მგონია ბოლო წლებში მათი ყოველდღიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო“.
ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შემუშავებული გადაწყვეტილებები, მაქსიმალურად მოიცავს მოქალაქეთა ყველა სოციალურ ფენას და კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მათ დახმარებას, ასევე შეღავათებით სარგებლობის საშუალებას გულისხმობს.
მისივე განმარტებით, ეს სქემა მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმართულებით - 350 ათას მოქალაქეს მოიცავს, რაც ბიუჯეტისთვის 460 მილიონი ლარის ხარჯს ნიშნავს.
6 ეტაპად გაწერილი გეგმა სოციალურ ნაწილში, შემდეგი სახის დახმარებას ითვალისწინებს:
- სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებით 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაც ბიუჯეტს 460 მლნ ლარი უჯდება;
- თვითდასაქმებულები, თუ ისინი წარადგენენ რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. მთლიანობაში ამისთვის 75 მილიონია გათვალისწინებული;
- 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადებისგან;
- 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;
- პენსიების საკითხის ამოქმედება კი 2021 წლის იანვრიდანაა განსაზღვრული. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები. მთავრობის ინფორმაცით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან პენსიების 30 ლარით გაზრდა, ისევ ძალაშია.
6 თვის განმავლობაში, თვეში 100 ლარის დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა (მთლიანობაში 45 მლნ ლარია გაწერილი);
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი (სულ 13 მლნ ლარი);
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვები. (ამისთვის 40 მლნ ლარი დაიხარჯება).
ვის რა სახის შეღავათებით სარგებლობა შეუძლია ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გასულ კვირას „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.
ამ კატეგორიაში კი ზემოთ ჩამოთვლილ მოქალაქეებთან ერთად გამყოფ ხაზთან მცხოვრები და ადგილნაცვალი პირებიც შესაძლოა, მოხვდნენ.
კონკრეტულად კი დასახელებულ 350 ათას მოქალაქეს შორის შესაძლოა აღმოჩნდნენ საქართველოში საოკუპაციო ზოლთან მდებარე 58 სოფელში მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე 285 ათასი მოქალაქის ნაწილი, რომელთა შორის ოფიციალური მონაცემებით, ფულადი სოციალური დახმარების მიმღები ( „საარსებო შემწეობა) 11 898 ოჯახია. იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის მქონეთა შორის კი 2635 დევნილ ოჯახში 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვია რეგისტრირებული. აქედან აღნიშნული სოციალური შემწეობა (ფულადი სახით) 1818 ოჯახს ეძლევა. მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან 2008 წლამდე 15000 იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე პირია რეგისტრირებული, ამ რაოდენობას კი 12 წლის წინ კიდევ 25000 ადამიანი დაემატა.
დევნილების ნაწილი კი, რომლებსაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის სტატუსი არ აქვს, 2008 წლის ომის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან სულზე 45-ლარიან დახმარებას იღებს. ადგილნაცვალ პირთა ნაწილმა ამ დახმარებაზე უარი თქვა და პირადი განცხადების საფუძველზე, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღება არჩია.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში რუსული ოკუპაციის გაგრძელებამ გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა მდგომარეობა უფრო გაართულა, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს და იმ მიწის ნაკვეთებს კარგავენ, რომლის მოსავალზეც მათი არსებობაა დამოკიდებული. 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული მცოცავი ანექსიის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი კვლევა მოამზადა.
აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამას საქართველოს ხელისუფლებაც აღიარებს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევის დაფიქსირებისას განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
მიუხედავად აღნიშნული დამოკიდებულების ღიად გამოხატვისა, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახები განსაკუთრებული შეღავათებით არ სარგებლობენ (გარდა მთის სტატუსის მქონე სოფლებისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი დასახლებებისა, სადაც ზამთრის სეზონზე ენერგოვაუჩერებს არიგებენ, ასევე, დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში რეგისტრირებულ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი უფინანსდებათ).
წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში სპეციალურად ამ ოჯახებისთვის, როგორც მოწყვლადი ჯგუფებისთვის (განსხვავებით პენსიონერების, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, სოციალურად დაუცველებისგან), ცალკე შეღავათები არ არის გაწერილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებლებს, წარმოდგენილი გეგმით გათვალისწინებული შეღავათები შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ შეეხებათ.
იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის რეალიზება დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. „ნაციონალური მოძრაობის“ აღნიშნულ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.