23 აპრილს საქართველოს პარლამენტმა, საგანგებო სესიის სხდომაზე, დაჩქარებული წესით კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად მიიღო. შედეგად, საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა.

ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა მუხლი, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის[1] დარღვევა ფიზიკური პირის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, ისევე, როგორც აქამდე, მომავალშიც ექნება საშუალება, იზოლაციის ან/და კარანტინის წესი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შემოიღოს და აამოქმედოს. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიგს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა მიემატა.

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ თუკი პირი იზოლაციის ან/და კარანტინის წესს დაარღვევს, მაშინ, როცა ეს არ იქნება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილი, დაჯარიმდება 2000 ლარით (იურიდიული პირი - 10 000 ლარით). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი იზოლაციის ან/და კარანტინის წესს დაარღვევს, როგორც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილს, დაჯარიმდება 3 000 ლარით (იურიდიული პირი - 15 000 ლარით).

საყურადღებოა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, ისე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და პრეზიდენტის დეკრეტითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანოები განიხილავენ და სახდელს შეუფარდებენ. საიას შეფასებით, ამ ტიპის სამართალდარღვევებზე, რომლებიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი შინაარსი აქვს, პასუხისმგებლობის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ არა შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს ორგანოები, არამედ სასამართლო.

ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გახდა.

კერძოდ, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც აღნიშნული ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ნასამართლევია, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე (იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით) დაისჯება.

რაც შეეხება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას (მათ შორის იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია), აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩამდენი ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ნასამართლევი პირისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვს წლამდე (იურიდიული პირის შემთხვევაში - ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა), თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სისხლისსამართლებრივადაც, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა ელის, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია.

მიღებული ცვლილების თანახმად და მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კანონი არ გამკაცრდება, რამდენადაც ძალაშია პრეზიდენტის დეკრეტი. აღნიშნული დეკრეტის მიხედვით კი, საგანგებო რეჟიმის განმეორებით დარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი - ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. უნდა აღინიშნოს, რომ იერარქიულად პრეზიდენტის დეკრეტი სისხლის სამართლის კოდექსზე მაღლა დგას, თუმცა ცალკე საკითხია, ზოგადად, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, დეკრეტით დაადგინოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები და განსაზღვროს, რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი. კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებებს, რომელთა შეზღუდვაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის დეკრეტითაა დასაშვები. ის, თუ კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე დაწესდა პრეზიდენტის დეკრეტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის, გაუგებარია.

რაც შეეხება სასჯელის ზომას, საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევისთვის სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება მიუღებელია, ვინაიდან, ამ ქმედებისთვის ის ზედმეტად მკაცრია. შედარებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა 4 წელია, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევაში - 6 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო რეჟიმის დარღვევას, შესაძლოა, არც კი მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი (ან საერთოდ არ მოჰყვეს), ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულად კლასიფიცირება და სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება, არაპროპორციულია.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას ავტორები ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული უპრეცენდენტო და სხვა, შესაძლო ეპიდემიური/პანდემიური შემთხვევებისას საფრთხის მაქსიმალურად თავიდან არიდებით ასაბუთებენ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დღეისთვის არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ცვლილებები არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ წარიმართა იმ კანონპროექტის მიღება დახურულად და დაჩქარებული წესით, რომელიც, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განმარტებით, არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ ამოქმედდება.

როგორი პასუხისმგებლობა შემოიღეს კარანტინის წესების დარღვევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში?

იტალიაში კარანტინის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა €400-დან €3,000-მდე (დაახლოებით 1392-დან 10440 ლარამდე) ან 3 თვემდე პატიმრობა. საფრანგეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის გათვალსწინებულია ჯარიმა €135-დან €3,700-მდე (დაახლოებით 470-დან 12875 ლარამდე), ხოლო განმეორებითი დარღვევა 6 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 1,000-დან 40,000 რუბლამდეა (დაახლოებით 43-დან 1743 ლარამდე) გათვალისწინებული . კარანტინის წესების დარღვევა, რომელსაც სხვა ადამიანების სიკვდილი მოჰყვება, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმის დარღვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას 100-დან 200 მანათამდე (დაახლოებით 188-დან 376 ლარამდე) ან 30 დღემდე დაკავებას ითვალისწინებს.

სომხეთში საგანგებო რეჟიმის დროს თვითიზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა ჯარიმას 100,000-250,000 (დაახლოებით 663-დან 1658 ლარამდე) დრამის ოდენობით, სხვათა დაინფიცირების შემთხვევაში ჯარიმას 300,000-500,000 დრამამდე (დაახლოებით 1989-დან 3316 ლარამდე) ან ერთი თვის ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ორი ან მეტი ადამიანის დაინფიცირებისთვის, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვება, გათვალისწინებულია ჯარიმა 500,000-700,000 დრამის ოდენობით (დაახლოებით 3316-დან 4642 ლარამდე), დაკავება 1-დან 3 თვემდე ან 2 წლამდე პატიმრობა. რეჟიმის დარღვევისთვის, რასაც სხვა ადამიანის სიკვდილი მოჰყვება, 2-დან 4 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საკარანტინო ღონისძიება ისეთი ზომაა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში გადამდები დაავადების შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება იზოლაციას, ის გულისხმობს ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევებას სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას, რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადაცემას.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი