ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიური გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. ახალმა რეალობამ საქართველოში არაერთი ცვლილება გამოიწვია, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის მეთოდსაც შეეხო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიწოდების რეკომენდაცია მისცა. ამ პროცესში ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებად TEAMS-ის პროგრამით დისტანციური სწავლება დასახელდა. აღნიშნული პროგრამის დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო.
დაახლოებით სამი კვირაა, რაც საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა პრობლემებს აწყდებიან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალი გამოწვევის პირობებში და რამდენად მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე, რომლის გარეშეც საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა და ინტერნეტპლატფორმების გამოყენება შეუძლებელია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის კვლევების შედეგად, ინტერნეტი საქართველოს შინამეურნეობების 79, 3 %-ს აქვს. სოფლებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 69,9%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 30%-ს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, რაც დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის.
რესპონდენტებს ტელეფონით დავუკავშირდით და ვთხოვეთ, იმ პრობლემების შესახებ მოეყოლათ, რომელთა გადალახვაც დამოუკიდებლად ძალიან უჭირთ, ან საერთოდ არ შეუძლიათ.
თეონა კაკაციძე, მშობელი: „სკოლაში სწავლა რომ შეწყდა, სოფელში წავედით. აქედან ვერთვებით სასწავლო პროცესში. ხულოში ვარ, ჩემს მეზობლად არის მოსწავლე, რომელსაც არ აქვს ტელეფონი, რომ ჩაერთოს. ორი ბავშვი მყავს, მეორე და მეოთხე კლასებში. ორი ტელეფონი გვაქვს და პრობლემა არ გვექმნება. ჩემს ბავშვებზე შემიძლია ვთქვა, რომ სრულყოფილად აგრძელებენ სწავლას. თავიდან Zoom-ით ვერთვებოდით. ახლა Team-ში ვაგრძელებთ. კლასში 25-ზე მეტი ბავშვია, მაგრამ ზოგჯერ 13 მოსწავლე ესწრება. ჩემი ბიძაშვილის ბავშვი ერთი მეექვსეკლასელია, მეორე - მეოთხეკლასელი. სოფელში სწავლობენ. მეექვსეკლასელი ყველა ერთვება პროცესში, მეოთხეკლასელებიდან - მხოლოდ ნაწილი. ჩვენ ვართ მობილურ ინტერნეტზე დამოკიდებული. მაგრამ სოფელში არ არის ინტერნეტი და ეს ქმნის პრობლემას. ეს წელი რომ ჩავარდეს, კატასტროფა იქნება, ისედაც 12-წლიანია სწავლება სკოლებში“.
ინდირა, მშობელი (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით): „ძალიან გვიჭირს ჩვენ და ჩემს სამეზობლოში რამდენიმეს, არ გვაქვს ინტერნეტი, ერთი ტელეფონია სახლში და მოსწავლე ორი გვყავს. თავიდან დედაჩემმა მოგვცა ფული, რომ ტელეფონში ინტერნეტი ჩაგვერთო. ახლა ვეღარ ვიყიდით, რადგან მაგის პენსიით უნდა გავიტანოთ თავი და არ გვრჩება სხვა რამისთვის თანხა. ჩემი ქმარი თურქეთში გადადიოდა ყოველდღე და მაგით გვარჩენდა. ახლა რომ ვერ მუშაობს, დედაჩემის პენსიის იმედად ვართ. ამიტომ შვილები რჩებიან გაკვეთილების გარეშე. კიდეც რომ გაჩნდეს ინტერნეტის ფული, ორივეს ხომ არ ეყოფა ერთი ტელეფონი და რომელს ვუთხრა, შენ ისწავლე, შენ არ ისწავლო-მეთქი? ჩვენ მდგომარეობაში სოფლებში ბევრია. ინტერნეტი არ არის და რომ იყოს, გადასახადს ხომ უნდა გადახდა და ახლა მაგის თავი ბევრ ოჯახს აღარ აქვს“.
დისტანციური სწავლების მეთოდის მიმართ - არა, მაგრამ რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ მასწავლებლებსაც. ისინი „ფაქტ-მეტრთან“ აცხადებენ, რომ მოსწავლეების ნაწილი სასწავლო პროცესს მიღმა დარჩა და ეს, გარკვეულწილად, დისკრიმინაციული მიდგომაა მათ მიმართ. თუმცა არც იმ, უფრო დიდი ნაწილის, დაჩაგვრა იქნება გამართლებული, რომელიც პროცესში ჩართულია. ამიტომ მასწავლებლები თვლიან, რომ სასწავლო წელი აუცილებლად უნდა ჩაითვალოს. პრობლემებს პედაგოგებიც აწყდებიან და დისტანციური სწავლების ხარვეზებზე საუბრობენ.
ლელა ვერულიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი, მასწავლებელი: „მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ტექნოლოგიების დასანერგად დიდი მუშაობა მიმდინარეობდა. თუმცა, ჩემი აზრით, არ გაამართლა, რადგან მზაობა არ არის არც მატერიალურ-ტექნიკური, არც - მეთოდური თვალსაზრისით. ოჯახმა რა გააკეთოს, როგორ დამეხმაროს ელემენტარულ კომუნიკაციაში? მე მცირეკონტინგენტიან სკოლაში ვასწავლი. არიან მოსწავლეები, რომელსაც არც ინტერნეტი აქვთ, არც ტელეფონი და ელემენტარული კომუნიკაციაც კი შეუძლებელია. მოსწავლეებს რეგისტრაციის პროცესიც უჭირთ, გაკვეთილზე შემოსვლა უჭირთ, რადგან არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან. წარმოიდგინეთ, მშობლის ტელეფონზე ვრეკავ და ვუხსნი გაკვეთილს, ვაწერინებ დავალებებს. ზოგჯერ ველოდები მოსწავლეს, რომ გაკვეთილზე შემოვიდეს და ამ დროს ტელეფონზე მწერს, რომ მეგაბაიტები აღარ აქვს და მშობელი ვერ ყიდულობს. პედაგოგები ვართ სტრესში. ღამით არ მძინავს, ვფიქრობ, რომელ მოსწავლეს რით დავუკავშირდე და მივაწოდო გაკვეთილი. ეს პერიოდი რომ დასრულდება, ჩვენ ყველას მოგვიწევს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა, ისეთ დღეში ვართ.
არსებობს რისკები, რომელთა გათვლა შეუძლებელია და ვერ დავავალდებულებთ სახელმწიფოს, რომ ასეთი რისკები გათვალოს. თუმცა ახლა უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირებას მოახდენს. სახელმწიფო მათ რაღაც დოზით უნდა დაეხმაროს. განათლების სამინისტროს აქვს საშუალება, რომ საკუთარ ოფისებში აიღოს ტექნიკური მოწყობილობები და მიაწოდოს კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ მოსწავლეებს. ინტერნეტით უზრუნველყოფაც თავისუფლადაა შესაძლებელი, თუ ვალდებულებად ჩაუდებს იმ კომპანიებს, რომლებიც აბონენტების ხარჯზე მილიონობით ფულს შოულობენ. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენს სკოლაში ასეთი მოსწავლეების საკმაო რაოდენობაა. აი დღეს რვა მოსწავლიდან, ოთხი მესწრებოდა. საერთოდ, მოსწავლეების დაახლოებით 60%-მდე ახერხებს დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრებას. სხვა მოსწავლეების უფლებები ირღვევა. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, ვიღაც უზრუნველყო მშობელმა ყველა საშუალებით და ვიღაცას არაფერი არ აქვს. ასეთ მოსწავლეებს დასჭირდებათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
თუმცა ვაკვირდები დინამიკას მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნები საერთოდ ვერ უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროცესს. ამის ფონზე, ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ეს სასწავლო წელი, რადგან კოლოსალური ენერგია და ადამიანური რესურსები იხარჯება ამაში. მაგრამ საყურადღებოა დანარჩენი მოსწავლეების ჩართვა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ სამინისტრომ იზრუნოს ამაზე, აქვს ამის ფინანსური რესურსი“.
ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სულ 253 სკოლაა, რომლებშიც, ჯამში, 59 068 მოსწავლეა. აქედან 50 400 მოსწავლე 229 საჯარო სკოლაში სწავლობს. საჯარო სკოლების მოსწავლეთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი - ბათუმის საჯარო სკოლებში, ხოლო დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებშია გადანაწილებული. მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 13 ათასს აღწევს. ჩვენ მიერ სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მშობლებისა და მასწავლებლების გამოკითხვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აჭარის რეგიონში არსებული სკოლების მოსწავლეების დაახლოებით 30%-ზე მეტს დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვა არ შეუძლია ან ინტერნეტის, ან შესაბამისი ტექნიკის არარსებობის გამო.
ცხრილი 1. ინტერნეტაბონენტების რაოდენობა აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2018 წლის (ბოლო) მონაცემები
მუნიციპალიტეტი |
ფიზ. აბონენტი |
იურიდ. აბონენტი |
ბათუმი |
47 032 |
2 261 |
ქობულეთი |
9 694 |
235 |
ხელვაჩაური |
3 895 |
183 |
ქედა |
229 |
47 |
შუახევი |
44 |
61 |
ხულო |
265 |
60 |
წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
გარდა ამისა, არსებული სიტუაციის ფონზე, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავალი აღარ აქვთ და ინტერნეტის თანხას ვერ იხდიან. ეს კიდევ უფრო ამცირებს იმ მოსწავლეების რიცხვს, როლებსაც საგაკვეთილო პროცესში ჩართვა შეუძლიათ. ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია, რადგან ასეთი მონაცემი არ გვაქვს. თუმცა ცნობილია, რამდენი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა. აქედან გამომდინარე, წელს სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა, მხოლოდ აჭარის რეგიონში, რამდენიმე ასეული იქნება. აქვე დავამატებთ, რომ მოსწავლეების ნაწილს არ აქვს ტელეფონი, ან ტელეფონისთვის ინტერნეტპაკეტის შეძენა არ შეუძლია.
ცხრილი 2. მოსახლეობის საერთო რაოდენობა და საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში
მუნიციპალიტეტი |
მოსახლეობის რაოდენობა |
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა |
მათ შორის, 16 წლამდე პირების რაოდენობა |
ბათუმი |
166 000 |
11 077 |
4 289 |
ქობულეთი |
72 800 |
9 630 |
3 437 |
ხელვაჩაური |
52 400 |
5 761 |
2 031 |
ქედა |
16 800 |
6 061 |
1 838 |
შუახევი |
15 100 |
4 251 |
1 301 |
ხულო |
25 900 |
8 138 |
2 399 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; სოციალური მომსახურების სააგენტო
„ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან სცადა გარკვევა, რამდენ მოსწავლეს მიუწვდება ხელი დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ კონკრეტული მონაცემები არ აქვთ და დაგვპირდნენ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვაწვდიან. პასუხის მიღებისთანავე, ჩვენ დისტანციური სწავლების საკითხს კვლავ დავუბრუნდებით.