იტვირთება

2020 წლის 21 მარტს ახალი კორონავირუსისგან მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, დეკრეტი გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს, პრეზიდენტის დეკრეტით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია [1]. სახელმწიფოს, კრიტიკულ სიტუაციებში, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მხოლოდ გარეგანი განზომილების [2] შეზღუდვა შეუძლია. აღნიშნული შეზღუდვისთვის ცალკე ნორმატიული აქტის მიღებაა საჭირო, რაც ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად, დეკრეტის საფუძველზე, შეკრების უფლების შეზღუდვა საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილე პირებზე არ ვრცელდება (ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

30 მარტს, გაუარესებული ეპიდემიური ვითარების გამო, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო მდგომარეობის ვადით, საკომენდანტო საათი დაწესდა, რომლის მიხედვითაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე, პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებით, აიკრძალა. ამასთანავე, საჯარო სივრცეში სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა შეიზღუდა.

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარების ფონზე, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების საკითხი აქტუალური გახდა. საყურადღებოა, რომ ბოლო დრომდე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მკაფიო პოზიცია არ გააჩნდა. მათი განცხადებების მიხედვით, ეს საკითხი საპატრიარქოსთან მოლაპარაკების საგანი იყო და, საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ საპატრიარქოსთან შეთანხმების შემდგომ მიიღებდნენ.

15 აპრილს საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააჟღერეს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში მაქსიმალურად განაწილდება. საპატრიარქომ კომენდანტის საათით დაწესებული შეზღუდვების ფორმალური დაცვის, მაგრამ მისი ფაქტობრივი იგნორირების „მოხერხებული“ გზაც გამონახა და ამით მთლიანად უგულებელყო ზომები, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით არის მიღებული. შეიძლება ითქვას, ანდრია ჯაღმაიძემ მორწმუნეებს თავის დაძვრენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მრევლს შეუძლია ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე (21:00 საათამდე) მივიდეს და ტაძარი დილის 6 საათის შემდეგ დატოვოს.

სასულიერო პირებს კანონმდებლობის ასეთი იგნორირებისკენ გზა მთავრობის პოზიციამ გაუხსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა, 9 აპრილს, ამავე საკითხზე მედიას ბუნდოვანი (მინიმუმ) პასუხი გასცა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაარღვევს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურგიის დროს კომენდანტის საათს, თუკი საღამოს 21:00-მდე მივლენ ეკლესიებში და დილის 06:00-მდე იქ დარჩებიან, მინისტრმა კითხვითვე უპასუხა: „თუ ასე იქნება, რომ შევა [მრევლი ეკლესიაში] და დილის 6 საათამდე აღარ გამოვა, ეს, თქვენი აზრით, კანონის დარღვევა იქნება?“.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ეკლესიებთან პოლიცია იქნება მობილიზებული. ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკ-ჯგუფის, დაავადების ან რაიმე სხვა სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე ბავშვებს მოუწოდებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ოქროს შუალედად“ შეაფასეს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც მორწმუნე ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არ აღნიშვნა. მისივე თქმით, „ეს გადაწყვეტილება, რაც საპატრიარქომ მიიღო, არის მართლაც ოქროს შუალედი“.[3]

ქვეყანა, როდესაც ეპიდემიის ყველაზე მწვავე ფაზაში შედის, საჯარო შეკრებების დაშვება, გაუმართლებელია. საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ყველა შეზღუდვა ადამიანების იზოლაციას და ერთმანეთთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად, რათა არ მოხდეს ეპიდემიური აფეთქება, სამედიცინო სექტორის გადატვირთვა და ლეტალური შემთხვევების დრამატული ზრდა. ამ ფონზე, ღვთისმსახურებაში მრევლის მონაწილეობის დაშვება, ერთი მხრივ, ყველა სხვა შეზღუდვის დისკრედიტაციას ახდენს და მათ შედეგებს უდიდეს საფრთხეს უქმნის. მეორე მხრივ კი - საზოგადოებაში კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების მიმართ უნდობლობას ზრდის და მის ეროზიას იწვევს. ხელისუფლების მოქმედება ერთ რამეს გვაფიქრებინებს, რომ ეპიდემიის საფრთხეების მიუხედავად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებები მიანიშნებს, რომ ის მოქმედებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომლის პრიორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის, მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილგანწყობის შენარჩუნებაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები რელიგიურ დაწესებულებებზე არ ვრცელდება. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, რწმენისა და აღმსარებლობის გარეგანი გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს „მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. კონსტიტუცია ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, ეპიდემიის ფატალური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მორწმუნეთა ტაძრებში თავშეყრა დროებით შეზღუდოს. მთავრობა ხსენებულ სამართლებრივ ბერკეტს ამ დრომდე არ იყენებს. მიღებული გადაწყვეტილება კანონით დაწესებული შეზღუდვების მიზანს უგულებელყოფს და მხოლოდ კანონის ფორმალურ ჩარჩოებში ექცევა. ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს, ერთი მხრივ, სააღდგომო ლიტურგიაში მრევლის მონაწილეობის დაშვება, ხოლო მეორე მხრივ, სახლში დარჩენისკენ მათი მოწოდება. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „არცერთ შემთხვევაში, კანონი არ დაირღვევა. ეს იქნება, როგორც სახელმწიფოს, ისევე ეკლესიის მოწოდება ისევე, როგორც მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება. განსაკუთრებით, სააღდგომო ღამეს. აქ, ჩემი და ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე. მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავის თავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და თავის თავზე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას“. აღნიშნული განცხადებით, მმართველი გუნდი საკუთარი არათანმიმდევრულობის დაბალანსებას, მთლიანი პასუხისმგებლობის მოსახლეობაზე გადატანით ცდილობს.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღდგომის ღამეს, ეკლესიებში მოსალოდნელი ხალხმრავლობის გათვალისწინებით, მომლოცველებს შორის სოციალური დისტანციის დაცვა ნაკლებად სავარაუდოა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიებში ორმეტრიანი დისტანცია, მასობრივი თავშეყრის გამო დაცული ვერ იქნება. მისივე თქმით, „ჩვენ არ ვიცით რამდენი ინფიცირებულია, გარდა ამ 336-ისა [იმ დროისთვის არსებული მონაცემი]. არის დაუდგენელი შემთხვევები, გამოუვლენელი ადამიანები, რომლებიც ინფექციის მატარებლები და გადამდებნი არიან. მიმდინარე დღეების განმავლობაში ეკლესიებში ამის გადადების ძალიან მაღალი რისკია“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ეს შეზღუდვა ტაძრებში მისვლასთან კავშირში არ არის“. აქვე აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, სასულიერო პირებზე, მგალობლებსა და სტიქაროსნებზე აკრძალვა არ გავრცელდება. ავტომობილით გადაადგილების აკრძალვასთან ერთად, ათი დღის ვადით, სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა. ასევე, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. გამკაცრებული ზომების ხასიათი და მოქმედების დრო ნათლად მიუთითებს, რომ ხელისუფლება დამატებითი აკრძალვებით ირიბად ცდილობს, მოსახლეობის მონაწილეობა სააღდგომო ღვთისმსახურებაში მაქსიმალურად შეზღუდოს. აღნიშნული, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გაუგებარს ხდის. სახელმწიფომ მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სააღდგომო ღვთისმსახურების დახურული ფორმით ჩატარების გადაწყვეტილება მიეღო.

სოციალურ დისტანციის დაცვასთან ერთად, კვლავ მთავარ პრობლემად რჩება საერთო კოვზით ზიარების საკითხიც. წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციის დროს, როგორიცაა კორონავირუსი, საერთო საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენება, ვირუსის გავრცელების წყაროა. ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენება კი ყოველგვარ ჰიგიენურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის (ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მიუხედავად ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებისკენ არაერთი მოწოდებისა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზიარების წესი არ შეუცვლია.

16 აპრილს ჟურნალისტების შეკითხვას, „არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო COVID -19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით“, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა. მისი თქმით, „აღნიშნულ საკითხს მეცნიერული კვლევა სჭირდება და, ამ ეტაპზე, ცალსახა პასუხს ვერ გასცემს“. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას ყოველდღიურად მოუწოდებენ, უარი თქვან საზიარო ნივთების გამოყენებაზე, შეძენილი პროდუქტი თერმულად კარგად დაამუშაონ და ახლო კონტაქტებს მოერიდონ, ჯანდაცვის მინისტრის ეს პოზიცია შემდეგზე მიუთითებს: ძნელად წარმოსადგენია, ჯანდაცვის მინისტრისთვის (ვინც არ უნდა იყოს ის) უცნობი იყოს, ეკლესიაში ზიარების ამ ფორმით ვირუსის გავრცელების რისკების შესახებ. შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განცხადების ერთადერთი მიზანი მისი პარტიის პოლიტიკური ინტერესებია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლების საზრუნავი არა ადამიანის ჯანმრთელობა, არამედ ის არის, თუ რას იტყვის საპატრიარქო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობამ კორონავირუსის პანდემიის გამო უარი თქვა საჯარო ღვთისმსახურების ჩატარებაზე (ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს განცხადების მიხედვით, მორწმუნეთათვის ტაძრები დაკეტილია და ყველას დასაცავად, აღნიშნული წესი აღდგომის კვირაშიც გავრცელდება. მისი განცხადებით, პანდემიის ამ კრიტიკულ მომენტში შემოღებული მკაცრი ზომები არ აზიანებს რწმენას და დროებითი შეზღუდვები ეკლესიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობაა. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა (ინწკირველი) საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტიც. მიტროპოლიტი გრიგოლის თქმით, „ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული, არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან“. სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს. 13 სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მძიმე ეპიდემიური ვითარების გამო, ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს.

იმის გათვალისწინებით, რომ სასულიერო პირის კორონავირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურ მსახურებებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შექმნილი ვითარება არაადეკვატურად შეაფასა. მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობისა და საზოგადოების ნაწილის მოწოდებებისა, მთავრობამ სხვა გზა აირჩია, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის რისკს ზრდის.


[1] საქართველოს კონსტიტუციის 71- მუხლი იმ უფლებათა ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს.

[2] რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება ორ კომპონენტს მოიცავს, შინაგან და გარეგან განზომილებებს. შინაგანი თავისუფლება თითოეული ინდივიდის შინაგან სამყაროს ეხება. ის სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს მიღმაა და სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს. გარეგანი განზომილება კი აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებას, მათ გამოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას მოიცავს.

[3] მსგავსი განცხადებები გააკეთეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა - თეა წულუკიანმა, ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ და ა.შ.


მსგავსი სიახლეები

3186 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი