იტვირთება

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე და აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საღმრთო ლიტურგიის ჩატარების საკითხი საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნული სტატია კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების გადაწყვეტილებებს მიმოიხილავს.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქო

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს განცხადების მიხედვით, მორწმუნეთათვის ტაძრები დაკეტილია და, ყველას დასაცავად, აღნიშნული წესი აღდგომის კვირაშიც გავრცელდება. მისი განცხადებით, პანდემიის ამ კრიტიკულ მომენტში შემოღებული მკაცრი ზომები არ აზიანებს რწმენას და დროებითი შეზღუდვები ეკლესიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ არის.

ეგვიპტის კოპტურ მართლმადიდებელი ეკლესია

ალექსანდრიის კოპტურ მართლმადიდებელ ეკლესიაში საღმრთო მსახურება 21 მარტს ორი კვირით შეჩერდა, თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნული ზომა გახანგრძლივდა და აღდგომის კვირაც მოიცვა.

ანტიოქიის საპატრიარქო

ანტიოქიის პატრიარქ იოანეს და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, აღდგომის კვირაში სასულიერო პირები ღვთისმსახურებას დახურულ ტაძრებში ჩაატარებენ და მორწმუნეები მას არ დაესწრებიან. მსახურება ინტერნეტით გადაიცემა.

იერუსალიმი

იერუსალიმის აღდგომის ტაძარი მორწმუნეთათვის დახურულია. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის პროცესია ჩატარდება, თუმცა მას რელიგიური ლიდერები და სამღვდელოება შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან. ცერემონიების უმეტესობა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის ეკლესიამ თავდაპირველად კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ ეკლესიებში სანიტარული ზომების ინსტრუქცია დაამტკიცა. ინსტრუქცია სხვადასხვა სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმას მოიცავს, მათ შორის - ხელების დეზინფექციასა და მღვდელმსახურებისთვის ტემპერატურის გაზომვას, სივრცეების განიავებას, ამასთან, მრევლი მღვდელმსახურის ხელსა და ჯვარს დროებით არ უნდა ეამბოროს და ა.შ. ასევე გადაწყდა, რომ ყოველი ზიარებისას კოვზს სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდნენ.

რუსეთში ეკლესიები არ დახურულა, თუმცა რუსეთის პატრიარქი კირილე მორწმუნეებს ეკლესიებში წასვლისგან თავის შეკავებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ტაძრებში გარკვეული სანიტარული ზომები მიიღეს. მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში, მთავარი სანიტარული ექიმის მოთხოვნის შესაბამისად, 13-დან 19 აპრილამდე, ღვთისმსახურება მრევლის დაუსწრებლად ჩატარდება, მას მხოლოდ სასულიერო პირები და ტელევიზიის თანამშრომლები დაესწრებიან, რომლებიც ღვთისმსახურებას პირდაპირ ეთერში გადასცემენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირას, 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, მრევლი ეკლესიაში ყოფნისთვის დააჯარიმეს, რასთან დაკავშირებითაც მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია

სერბეთის მთავრობის რეკომენდაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ეკლესიებსა თუ ღია ცის ქვეშ რელიგიური მსახურებები მრევლის გარეშე უნდა ჩატარებულიყო. სერბეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის კომუნიკეს მიხედვით, სერბეთის ეკლესია მთავრობის რეკომენდაციებს იზიარებს, თუმცა ლიტურგიის ჩატარებასა და მორწმუნეთა ზიარებას არ შეწყვეტს. შესაბამისად, ეკლესიაში მსახურების დროს მხოლოდ მღვდლები და დიაკვნები იქნებიან. საეკლესიო რიტუალები ტელევიზიითა და ინტერნეტით გადაიცემა, მორწმუნეებს კი სახლში აზიარებენ. ასევე სერბეთის ეკლესიის გადაწყვეტილებით, ნათლობები სიტუაციის ნორმალიზებამდე გადაიდება, ხოლო დაკრძალვებთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაიცა, რომ ცერემონიალები, რაც შეიძლება ცოტა ადამიანის დასწრებით ჩატარდეს.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუმინეთის საპატრიარქოს 27 თებერვალს გამოქვეყნებული რეკომენდაციების მიხედვით, ხალხს, ვისაც ეშინოდა, რომ საზიარო ბარძიმის გამოყენების დროს შეიძლება, დაავადებულიყო, შეეძლოთ, გამონაკლისის სახით, მღვდლისთვის საკუთარი კოვზით ზიარება ეთხოვათ. ასევე, ვისაც დაავადების ეშინოდა, შეეძლო, ეკლესიაში ხატების კოცნისგან დროებით თავი შეეკავებინა. ხოლო ადამიანებს, ვისაც გაციების ან კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, ხალხმრავალი ადგილებისთვის, მათ შორის ეკლესიისთვის, თავი აერიდებინათ.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 9 აპრილის განცხადების მიხედვით, ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ხელისუფლების მიერ საჯარო შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, წელს ბზობა და სააღდგომო მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება. თუმცა მართმადიდებელი ეკლესია, მსურველებს წმინდა ცეცხლს სახლში მიუტანს. რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარსელ ველამ რუმინელებს სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით კი, სააღდგომო დღესასწაულის პირობებში, რადგან ამ დროს ეკლესიებში დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბება. მისი განცხადებით, ეკლესიაში წასვლის სურვილის მიუხედავად სახლში უნდა დარჩნენ, რათა ინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. სახლში დარჩენითა და ყველა შეზღუდვის გათვალისწინებით კი ნორმალურ მდგომარეობას უფრო მალე დაუბრუნდებიან.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას, თავდაპირველად ბულგარეთის ეკლესიამ ტაძრების დახურვაზე უარი განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ტაძრები კვლავ ღია დარჩა, თუმცა ეკლესიამ მოქალაქეებს კანონის დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ტაძრებში მისვლის შემთხვევაში სოციალური დისტანციის დაცვისა და, ასევე, სიწმინდეების შეხებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება აღდგომასთან დაკავშირებული ღვთისმსახურების ჩატარებას, პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეკლესიების დახურვის ბრძანებას ვერ გასცემდა. შესაბამისად, ეკლესიები ბზობისა და აღდგომის დროს ჩვეულებრივ ღია იქნება. თუმცა ბორისოვმა მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ლოცვისკენ მოუწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის, მლადენ მარინოვის განცხადების მიხედვით, ეკლესიებთან პოლიცია იქნება მობილიზებული, რათა სოციალური დისტანციისა და წესრიგის დაცვა უზრუნველყონ.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია

კვიპროსში ეკლესიები 24 მარტს, მას შემდეგ დაიხურა, რაც პრეზიდენტმა ნიკოს ანასტიდიასმა კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვები შემოიღო, მათ შორის 13 აპრილამდე ეკლესიებში, მეჩეთებსა და სხვა სალოცავ ადგილებში, მოსახლეობის მისვლა-შეკრება აიკრძალა. კვიპროსის პატრიარქმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა, რომ არსებული პირობები ქრისტიანებისათვის ტრაგიკულია, რადგან მსახურების ჩატარება ტაძრებში მორწმუნეების გარეშე უწევთ. მისი თქმით, ვისაც მტკიცე რწმენა აქვს, შეუძლიათ და ლოცულობენ კიდევაც, სადაც არ უნდა იყვნენ, მათ შორის სახლში. შეზღუდვები წმინდა კვირასა და აღდგომასაც შეეხება. მსახურება ჩატარდება, თუმცა მორწმუნეთა დასწრების გარეშე და ყველა შესაბამისი ზომის დაცვით. პრეზიდენტი და პატრიარქი შეთანხმდნენ, რომ იმ ტაძრების შერჩევა, სადაც წმინდა კვირისა და აღდგომის მსახურება ჩატარდება, ეკლესიის პასუხისმგებლობაა.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია

საბერძნეთში საეკლესიო მსახურებები 16 მარტიდან 30 მარტამდე აიკრძალა, ხოლო შემდგ აკრძალვა 11 აპრილამდე გახანგრძლივდა. საბერძნეთის ეკლესია აღდგომასთან დაკავშირებულ მსახურებებს ჩაატარებენ, თუმცა ეკლესიებში მხოლოდ სამღვდელოება იქნება მგალობლებთან ერთად. საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენლის, ნაფპაკტოსისა და აგიოს ვლასიოსის მიტროპოლიტი იეროთეოსის განცხადების მიხედვით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, წმინდა სინოდი მორწმუნეებს ტაძრებში წასვლისკენ არ მოუწოდებს. ტაძრები მორწმუნეთათვის დაკეტილი იქნება და წმინდა მსახურებები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ხოლო, მრევლთან ერთად, 26-27 მაისს, აღდგომის წარგზავნის დღესასწაულზე შეიკრიბებიან.

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ალბანეთში, ტირანას არქიეპისკოპოს ანასტასიოსის განცხადების მიხედვით, ერთი თვის წინ მართმადიდებელმა ეკლესიამ საკვირაო ლიტურგიის გარდა, ყველა მსახურება შეაჩერა. ეკლესიები დღის განმავლობაში პერსონალური ლოცვებისთვის ღია დარჩა, თუმცა ეკლესიამ მრევლს სიწმინდეების კოცნისა და ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. საკვირაო ლიტურგია კი დახურულ ტაძრებში ტარდება და ის რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით გადაიცემა. არქიეპისკოპოსმა ანასტასიოსმა ასევე სახლში დარჩენისა და მთავრობის სხვა დირექტივების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს მხარდაჭერილი მართმადიდებლური ეკლესიის კიევ-პეჩერის ლავრაში 26 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ტაძრის წინამძღვრები მთავრობის რეკომენდაციებს, მათ შორის სოციალური დისტანცირების დაცვას, არ დაემორჩილნენ და მრევლსაც მოუწოდეს, მიმოსვლის შეზღუდვის წესები არ დაეცვათ. თუმცა ტაძარში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ უკრაინის მთავრობის ზომებს მხარი დაუჭირეს, მონასტერი საზოგადოებისთვის დაიკეტა და დაინფიცირებულები განცალკევებით იმყოფებიან; საეკლესიო მსახურებები კვლავ ტარდება და ონლაინ რეჟიმში გადაიცემა, ასევე შენობებს დეზინფექცია ჩაუტარდა. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია, კარანტინის პირობებში, როგორც ბზობის, ასევე სხვა მსახურებების, მორწმუნეებს შორის დისტანციის დაცვით ჩატარებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ 7 აპრილს ხარების ლიტურგია ჩაატარა, სადაც მრევლი ორი მეტრის დისტანციით იდგა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, კარანტინის ზომებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ტაძარში პოლიციაც იყო მოსული. პატრიარქმა ფილარეტმა მოსახლეობას მოუწოდა, კარანტინსა და მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილნონ.

კარანტინის გამო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა არ აიკრძალება, თუმცა ის პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარ მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა და ქვეყანაში არსებული კარანტინის პირობებში სააღდგომო მსახურებების გამართვის შესახებ ისაუბრეს. ზელენსკიმ კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში მთავრობისა და რელიგიური საზოგადოებების ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადების მიხედვით, მსახურებები ჩატარდება და პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა, რათა მორწმუნეებს, სახლში დარჩენის შემთხვევაშიც, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

უკრაინაში კარანტინი 24 აპრილამდე გახანგრძლივდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, საეკლესიო მსახურებებს არ დაესწრონ, კარანტინის ზომებს მხარი დაუჭირონ და სააღდგომო მსახურებების პირდაპირ ტრანსლაციას სახლიდან უყურონ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, ეკლესიაში წასვლას მოსახლეობის მხოლოდ 3% აპირებს.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი უცვლელად დატოვა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე, კორონავირუსის შესახებ განჩინება მიიღეს, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა მრევლს ვნების კვირის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნო: „შაბათს 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამისჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო 12:00-ზე დაიწყება ლიტანიობა და მას მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია“.

14 აპრილს თბილისში მდებარე ბოჭორიშვილის კლინიკამ დაადასტურა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც არიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ინფიცირებული სასულიერო პირი ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) განაცხადა, რომ „არ იქნება მართალი, რომ ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, მრევლს ტაძარში მოსვლა ავუკრძალოთ“. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო წირვა. როგორ ჩატარდება, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქო გააკეთებს“.


მსგავსი სიახლეები

3186 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი