მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. პანდემიასთან ბრძოლის შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია, რეალური ეპიდემიოლოგიური ვითარების ცოდნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ჯანდაცვის სპეციალისტების დიდი ნაწილი და რიგი ქვეყნები თანხმდებიან, რომ ფართომასშტაბიანი გამოკვლევის, ე.წ. აგრესიული ტესტირების გარეშე, პანდემიის შეჩერება შეუძლებელია. [1]

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. მისი დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ/PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-CoV-2-ის, ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი.

პჯრ (PCR) ტესტირება

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის [2] განსაზღვრა ხდება. პჯრ დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. საქართველოში COVID-19-ის დიაგნოსტირება პჯრ მეთოდით ხორციელდება. ამ ეტაპზე კი, პჯრ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმისა და ქუთაისის ლაბორატორიებში ხდება. პჯრ ტექნოლოგიით დიაგნოსტირებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით 4 საათი. თუმცა შედარებით სწრაფი პჯრ ტესტებიც არის.

აღსანიშნავია, რომ 24 მარტს, საქართველომ ჩინეთიდან საჩუქრად 1 000 პჯრ ტესტი მიიღო, რომლის მეშვეობით პასუხის დადგენა 1.5 საათშია შესაძლებელი. აღნიშნულ ტესტებს მარნეულის მოსახლეობის გამოკვლევისთვის იყენებენ.

ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი ტესტები

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-CoV-2-ის ანტიგენის [3] განსაზღვრა ხდება. მისი პასუხი დაახლოებით 15 წუთშია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა, მასობრივი კვლევებისთვის, სწორედ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს იყენებს.

ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტები

ამ ტიპის სწრაფი ტესტით სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების [4] გამოვლენა ხდება. აღნიშნული სწრაფი ტესტით შესაძლებელია განისაზღვროს IgM [5], რომელიც დაავადების აქტიურ ფაზას აჩვენებს, ასევე IgG [6], რომელიც გადატანილ ინფექციას აჩვენებს. ტესტის პასუხი დაახლოებით 15-20 წუთშია.

IgM სისხლში დაავადებიდან დაახლოებით მე-5 დღეს ან შემდეგ ჩნდება, რაც ნიშნავს, რომ ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტით ინფექციის დადგენა საწყის ეტაპზე ვერ ხდება. ამიტომაც სწრაფი ტესტის სანდოობაზე ხშირად არის კითხვის ნიშნები. ერთ-ერთი უახლესი კვლევის თანახმად, სიმპტომების გამოვლენიდან 5.5 დღის შემდეგ, პჯრ (PCR) კვლევასთან შედარებით, სწრაფი ტესტის მგრძნობელობა (IgM-ის განსაზღვრა სისხლში), უფრო მაღალი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე დაიწყო ვირუსის შიდა გავრცელება. ფართომასშტაბიანი/მასობრივი კვლევებისთვის ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა/გამოყენება მნიშვნელოვანია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამივე ტიპის ტესტი, მაგრამ უმთავრესი პჯრ დიაგნოსტირებაა.

უახლოეს მომავალში საქართველოში სამივე მეთოდით ტესტირება დაიწყება

1 აპრილს, საქართველოში COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა, რომელიც ტესტირების ჩატარების მეთოდსა და შესაბამის ჯგუფებს განსაზღვრავს. ალგორითმში ახალ კორონავირუსზე ტესტირებას დაქვემდებარებულ პაციენტთა სამი ჯგუფია გათვალისწინებული, ესენია: სიმპტომური პაციენტები, პაციენტები ცხელების სიმპტომებით და მაღალი რისკის ჯგუფები (დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები; სამედიცინო პერსონალი; ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მომუშავე პირები).

ახალი ალგორითმის მიხედვით, უახლოეს მომავალში, COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება. თუმცა ძირითადი სტანდარტი კვლავ პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება იქნება.

სწრაფი ტესტების რა რესურსი აქვს ქვეყანას?

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს ანტისხეულებზე დამყარებული 4 000 სწრაფი ტესტი აქვს; ანტიგენზე დამყარებული 2 000 სწრაფი ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი (რაც ნიშნავს, რომ ტესტირებისთვის საჭიროა ლაბორატორია). უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში, ანტიგენზე დამყარებული 2 000 სწრაფი ტესტი შემოვა, რომელიც ანალიზატორს არ საჭიროებს.

ამასთან, თიბისი ბანკმა, პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტი შეიძინა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. თიბისის ცნობით, ტესტები საქართველოში უახლოეს დღეებში იქნება.

აღსანიშნავია, რომ 27 მარტს, COVID-19-ის 215 000 სწრაფი ტესტის [7] შეძენაზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან სწრაფი ტესტების შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

უნდა ითქვას, რომ არსებული ტესტების მარაგი ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის საკმარისი არ არის. თუმცა, ფართომასშტაბიან ტესტირებაზე გადასვლა, დღის წესრიგში, ჯერ არც დგას. ამ ეტაპზე, მკაცრად არის განსაზღვრული ის ჯგუფები, ვისაც COVID-19-ის ტესტირება ჩაუტარდება.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. იხილეთ ამ თემაზე, ფაქტ-მეტრის სტატია

2. ვირუსის გენომი

3. გენეტიკურად უცხო სხეული

4. ანტისხეული არის იმუნოგლობულინური ცილა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილი ანტიგენების საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება

5. ორგანიზმი IgM (იმუნოგლობინი M) ანტისხეულებს გამოიმუშავებს მწვავე ინფექციის ფაზაში

6. IgG (იმუნოგლობინი G) ანტისხეულები აჩვენებს გადატანილ ინფექციას

7. 211 000 ანტიგენის განმსაზღვრელი და 4 000 ანტისხეულის განმსაზღვრელი ტესტი

თეგები: