ვანო მერაბიშვილის სპიკერი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს ფოტოგრაფები ჯაშუშობის გულისთვის არიან დაკავებულები,  აჭარაში დააწინაურეს

ლევან სამუშია: იმ დროს [ფოტოგრაფების დაკავება ჯაშუშობაში ბრალდებით] ვანო მერაბიშვილის სპიკერი და შსს-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ახლა რომელიც დაწინაურებულია, თუ არ ვცდები, აჭარაში, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს ფოტოგრაფები ჯაშუშები არიან და ჯაშუშობის გულისთვის არიან დაკავებულებიო.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან სამუშიას განცხადება არის სიმართლე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გიორგი ბუხრაშვილი მედიასთან რამდენჯერმე გამოჩნდა. მან, როგორც დეტექტივმა, კომენტარი გააკეთა „ფოტოგრაფების საქმეზე“ და თქვა, რომ დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდნენ. დეტექტივების სამმართველო შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში. აღნიშნულ უწყებას კი იმ დროს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. მისი მინისტრობის პერიოდში, ბუხრაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა კიდევ რამდენიმე რეზონანსულ ინციდენტზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის სისტემაში დარჩა. „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბუხრაშვილი იყო ის პოლიციელი, რომელიც 2021 წელს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, როგორც ნაძალადევის პოლიციის უფროსი. მოგვიანებით ის სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2025 წლის 4 აპრილს შინაგან საქმეთა სამმართველოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

აქედან გამომდინარე, ლევან სამუშიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა: „იმ დროს [ფოტოგრაფების დაკავება ჯაშუშობაში ბრალდებით] ვანო მერაბიშვილის სპიკერი და შსს-ს წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ახლა რომელიც დაწინაურებულია, თუ არ ვცდები, აჭარაში, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს ფოტოგრაფები ჯაშუშები არიან და ჯაშუშობის გულისთვის არიან დაკავებულებიო“.

რამდენიმე დეტალი „ფოტოგრაფების საქმის“ შესახებ:

2011 წლის 7 ივლისს შსს-მ ოთხი ფოტოგრაფი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ზურაბ ქურციკიძეს (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძეს (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მის მეუღლე ნათია გედენიძესა (გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოკორესპონდენტი) და გიორგი აბდალაძეს (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) ბრალი ედებოდათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაში. ინფორმაცია ვრცელდებოდა „ასოშიეითედ პრესის“ ფოტორეპორტიორის, შაჰ აივაზოვის დაკავების შესახებ, რომელიც შსს-მ მალევე გაათავისუფლა. მოგვიანებით გათავისუფლდა ნათია გედენიძეც, ხოლო დანარჩენებს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულებისთვის მოითხოვა პირობითი სასჯელი, იმ მოტივით, რომ მათ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ითანამშრომლეს და მისცეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც რუსული დაზვერვის სასარგებლოდ მომუშავე აგენტების სახელებსაც შეიცავდა. 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ფოტოგრაფები დამნაშავედ ცნო, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სიმართლის დადგენის მიზნით, ფოტოგრაფებმა გამოძიებას მიმართეს. 2016 წელს პროკურატურამ საქმე ხელახლა გახსნა და სააპელაციო სასამართლოს მიმართა. საგამოძიებო უწყების განცხადებითაც, გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას და ძალის გადამეტებას, ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, „რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე" და „სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე“.

2018 წელს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება გვაუწყებს:

„გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რითაც დადასტურდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. 2017 წლის 20 ივლისს, სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანს დ.დ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საპყრობილის დირექტორს ა.მ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ამასთან, ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აქედან გამომდინარე, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა".

ვინ არის გიორგი ბუხრაშვილი და რა აკავშირებს მას „ფოტოგრაფების საქმესთან“:

2011 წელს, როდესაც ფოტოგრაფები დააკავეს, ბუხრაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებს. ტიტრში ის მოხსენიებულია, როგორც დეტექტივი. ბუხრაშვილი ამბობს: „გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ სინიცინთან და ოკროკოვთან. ასევე დადგენილია ზურაბ ქურციკიძის კავშირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებსაც დაკავებული პირები ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციებს“. ბუხრაშვილი ასევე ამბობს, რომ ფოტოგრაფების პირადი ნივთების ჩხრეკისას აღმოჩენილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ნაწილის სქემის ფოტოსურათი, პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტი და სხვა ინფორმაცია და რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება, საქმეზე ახალი დეტალების დადგენის მიზნით. ანუ ბუხრაშვილმა დაკავებული ფოტოგრაფები, გამოძიების დასრულებამდე, ფაქტობრივად ჯაშუშებად გამოაცხადა.

საინტერესოა, ახალი გამოძიებით სწორედ 2011 წელს მოქმედი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი უკანონობა დადგინდა, ანუ „სამართალდამცავებმა ჩაიდინეს ძალადობით და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები“. ეს ნიშნავს, რომ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს ვანო მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებმა. დეტექტივების სამმართველო კი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის.

ინტერნეტში იძებნება ასევე 2012 წლის 4 აგვისტოს ვიდეო, რომელშიც გიორგი ბუხრაშვილი კვლავ სპიკერის როლშია და აკეთებს განცხადებას აჭარაში, ბეშუმში მომხდარ დაპირისპირებაზე. ამ ვიდეოშიც წამყვანმა ბუხრაშვილი დეტექტივად მოიხსენა. გარდა ამისა, მან, როგორც დეტექტივმა, კომენტარი გააკეთა გორის რაიონის სოფელ მერეთში ბიძია ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობისას მომხდარ დაპირისპირებაზე. იმ დროსაც შსს-ს მინისტრი ჯერაც ვანო მერაბიშვილი იყო.

2025 წლის 4 აპრილს გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამმართველოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად. მანამდე ის სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუხრაშვილი, რომელიც 2021 წელს ნაძალადევის პოლიციის უფროსი იყო, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა.

ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან სამუშიას განცხადება არის სიმართლე.


პერსონები
ლევან სამუშია

ყველა სიახლე