ახალი კორონავირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის ფონზე, დაავადების შესახებ საინფორმაციო სივრცე მრავალმა ამბავმა მოიცვა. სასარგებლო და სანდო ინფორმაციის პარალელურად, მედიაში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ამბებიც არანაკლები მასშტაბით ვრცელდება. ზოგიერთი მათგანი უწყინარია და ადამიანებს ვირუსისგან თავის დაცვისა და ტესტის ჩატარების ისეთ არასწორ ინფორმაციას აწვდის, როგორიც ნივრის მიღება ან სუნთქვის შეკავებაა. თუმცა, სამწუხაროდ, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დაავადების შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია სახიფათოა და უფრო მეტიც, კონკრეტული სახელმწიფოს მტრულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

კორონავირუსთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები ყველა მიმართულებით ვრცელდება და დეზინფორმაციული შინაარსის შემცველი ამბები ვირუსის („ბიოლოგიური იარაღის“) ხელოვნურად შემუშავებაში ბრალს, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთთან ერთად, რუსეთსაც სდებენ. თუმცა, თვალშისაცემია, რომ, ამ მხრივ, დეზინფორმაციის კამპანიას საკუთრივ რუსული სახელმწიფო არხები და კრემლთან კავშირში შემჩნეული მედიები, გამორჩეული ინტენსივობით აწარმოებენ. რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში უკვე არაერთმა მედიამ და დასავლურმა სახელმწიფომ ამხილა.

ევროკავშირის 16 მარტს მომზადებული შიდა ანგარიშის მიხედვით, რუსული პროპაგანდისტული კამპანია მიზნად საზოგადოების დაბნევასა და შეშინებას, პანიკისა დათესვას, ვირუსისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ მიღებულ ზომებზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ მოსკოვის ინტერესებში მოსახლეობაში ევროპული სამედიცინო სისტემის მიმართ უნდობლობის დათესვაც შედის, რამაც, გეგმის მიხედვით, პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირება უნდა გაართულოს. ანგარიშის მიხედვით, კრემლთან კავშირში მყოფი პირები და [სოციალური ქსელის] ის ანგარიშები, რომლებიც სირიაზე, ან ყვითელი ჟილეტების მოძრაობის საპროტესტო აქციებზე წერდნენ, ამჟამად, კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე გავრცელებაზე გადავიდნენ. კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ახალი ტაქტიკის მიხედვით, პრორუსული მედიები ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციის წყაროს, თავად არ წარმოადგენენ. სამაგიეროდ, ისინი ცდილობენ, როგორც გავრცელებული დეზინფორმაციის გაძლიერებას, ისე მისი გავრცელებისთვის ხელის შეწყობას, რაც მათ საშუალებას აძლევს, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ანგარიშს მოსკოვიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა და მასში გაჟღერებული ბრალდებები პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაუსაბუთებელად მიიჩნია.

კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთს აშშ-იც ადანაშაულებს. თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ პრორუსული მედიები კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ყალბ ამბებს ავრცელებენ. მათი ნაწილის მიხედვით, ვირუსი, ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის საწარმოებლად, CIA-მა შექმნა. აღნიშნული ბრალდებები, მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უარყო. კორონავირუსის საკითზე რუსეთისა და სხვა ქვეყნების მავნე მოქმედებებზე მარტის დასაწყისში New York Post-ში სენატორი მარკო რუბიოც წერდა. მისი თქმით, მოსკოვი, საერთაშორისო არენაზე არეულობის შექმნასა და ასეთი სიტუაციის აშშ-ის რეპუტაციის შესალახად გამოყენებას ყოველთვის ეცდება. სტატიაში სენატორმა საბჭოთა კავშირის მიერ აივ ინფექციის/შიდსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაც გაიხსენა, რომლის მიხედვითაც ის ამერიკელებმა შექმნეს (1992 წელს საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ევგენი პრიმაკოვმა, აღნიშნულ დეზინფორმაციულ კამპანიაში КГБ-ს როლი აღიარა).

საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინტერნეტში ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი 38 ადამიანი გამოავლინა. 23 მარტს კი, რუსეთიდან მიღებული დავალებით მავნე მოქმედების გამო, დნეპრში ერთი პირი დააკავეს. მას, დირექტივების მიხედვით, მაღაზიებში ცარიელი დახლების, ხოლო აფთიაქებში რიგების ამსახველი ყალბი ფოტო და ვიდეომასალა უნდა მოემზადებინა, რასაც რუსეთი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენებდა.

ახალი რუსული დეზინფორმაციული ტალღის მიხედვით, კორონავირუსი, შესაძლოა, ამერიკელების გარდა, „ნიჭიერი ლატვიელი ბიოლოგებისა და ფარმაცევტების“ მიერაც კი იყოს შემუშავებული. კრემლთან დაახლოებული სხვა წყაროები , SARS-CoV-2-ის შექმნაში, ბრალს გაერთიანებულ სამეფოს სდებენ. ასევე, პრორუსული მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ვირუსი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც NATO-ს (იგულისხმება აშშ) მიერ შეიქმნა და ევროპაში რუსეთისგან თავის დასაცავად გავრცელდა. შესაბამისად, თითქოს აშშ რუსეთის დასამარცხებლად ევროპულ სახელმწიფოებს იყენებს, ხოლო ეს უკანასკნელნი, დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. ამასთან, ყალბი ამბების მიხედვით, ბუნებრივია, რომ კორონავირუსი სწორედ იმ ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია) გავრცელდა, რომელთაც რუსეთთან თანამშრომლობა სურთ. 27 იანვარს გამოქვეყნებულ მასალაში კი, რუსულმა მედიამ, კორონავირუსის გავრცელების წყაროდ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბიუჯეტის მქონე რუსული მედიები - Russia Today, სპუტნიკი და მათი პარტნიორი საინფორმაციო სააგენტოები მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს, ამიტომ მოსკოვს პოლიტიკური მიზნებისთვის დეზინფორმაციის გავრცელება, რუსულისა და ინგლისურის გარდა, სხვადასხვა ენაზე (ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, არაბულ, იტალიურ, ესპანურ და ა.შ.) მარტივად შეუძლია. მაგალითად, არაბული სამყაროსთვის განკუთვნილი Russia Today-სა და სპუტნიკის მიხედვით, კორონავირუსი ამერიკული ბიოლოგიური იარაღია და ის მიზნად ჩინეთზე, ირანზე, ხოლო, მოგვიანებით, მთელს მსოფლიოზე შეტევას ისახავს და ეს ყველაფერი პირადად პრეზიდენტ ტრამპის მითითებით ხდება.

რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი სააგენტოები ქართულ მედიასივრცეშიც გააქტიურდნენ. პრორუსული ქართული საინფორმაციო საშუალებების სამიზნეში ლუგარის ლაბორატორია კიდევ ერთხელ მოხვდა. ამასთან, მათ კორონავირუსის საკითხი აშშ-ის, NATO-სა და ევროკავშირის დისკრედიტაციისთვისაც გამოიყენეს ( იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია)

აღსანიშნავია, რომ ის გზავნილები, რომლებიც რუსეთის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, ვირუსს, ძირითადად, უცხო ქვეყნებიდან მომავალ საფრთხედ წარმოაჩენენ, რომელიც რუსეთს ვერაფერს დააკლებს, თუმცა დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს განადგურებით ემუქრება. მეორე მხრივ, საერთაშორისო აუდიტორიაზე გათვლილი ამბები, უფრო მეტად, ვირუსის „გლობალური ელიტების” მიერ შექმნის შეთქმულების თეორიებს ემყარება და მიზნად დასავლურ სახელმწიფოებში საკუთარი ქვეყნის მთავრობებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის დაკარგვას ისახავს.

რუსული დეზინფორმაცია კორონავირუსის შექმნასა და გავრცელებაში კონკრეტულ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო აქტორებს ადანაშაულებს. თუმცა, ამის გარდა, კრემლის სტრატეგიაში, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებით, საინფორმაციო ქაოსის შექმნაც შედის. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ პრორუსული მედია, პანდემიის (მანამდე ეპიდემიის) შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ზოგადად, ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად ზაფრავს. ამასთან, ზოგიერთი ყალბი ამბავი კორონავირუსის პრობლემას საერთოდ უარყოფს, ხოლო ყალბი ამბების ნაწილი ისეთ დეზინფორმაციას შეიცავს, როგორიც SARS-CoV-2-ის ვაქცინის შექმნას შეეხება, რაც, ჯერჯერობით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბუნებრივია, რომ გლობალურმა პანდემიამ დეზინფორმაციის გასავრცელებლად უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნა. საზოგადოებაში გაჩენილ პანიკასა და შიშს კი კრემლი კვლავ პოლიტიკური მიზნებით იყენებს, რის გამოც რუსული პროპაგანდის სამიზნე ქვეყნებს ბრძოლა, კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, რუსულ „ინფო-დემიასთანაც“ უწევთ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი