მიმდინარე წლის 14 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო შეპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა. 29 ნოემბერს საერთო ოპოზიციურმა ფორმატმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო მოდელი გააცნო, რომელიც კანონპროექტის სახით უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტშიც. 30-მდე ოპოზიციური პარტია ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვერსიაზე შეჯერდა, რასთან დაკავშირებითაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ამჟამად, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სწორედ, ახალ მოდელთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ინიცირებულ საარჩევნო სისტემაში, მოქმედი მოდელისგან განსხვავებით, შეცვლილია როგორც მაჟორიტარული სისტემით არჩევის პრინციპები, ასევე პროპორციული სისტემით პარტიებისთვის მანდატების საერთო რაოდენობის მიკუთვნების წესი. მმართველი გუნდის განცხადებით, მანდატების პროპორციული სისტემით გადანაწილების წესი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ამის გამო სახალხო დამცველმა ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელი, რეკომენდაციების მისაღებად, ეუთოს/ODIHR-ს გადაუგზავნა. რაც შეეხება ინიცირებული მოდელით მაჟორიტარულ სისტემაში გათვალისწინებულ ცვლილებებს, ამ საკითხზე მხარეებს შორის დისკუსია გრძელდება.

ოპოზიციის საარჩევნო მოდელის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნები მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარდება. აქამდე არსებული 73 ერთმანდატიანი ოლქის ნაცვლად, 10 მრავალმანდატიანი ოლქი უნდა შეიქმნას: 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „დეტალურად განვიხილეთ ოპოზიციის მიერ შექმნილი და წარმოდგენილი მრავალმანდატიანი მოდელი, კვლევისა და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში და აქედან აქვს გადაღებული ერთ ქვეყანას, ერაყს“.

დეპუტატი ამავე განცხადებაში განმარტავს, რომ „ავღანური მოდელით“ დიდია ალბათობა იმისა, რომ მიღებული შედეგები სამართლიანი არ იყოს. ავღანეთი და ერაყი დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საკმაოდ ჩამორჩებიან განვითარებულ ქვეყნებს და მდინარაძე ამით ცდილობს გაამყაროს საკუთარი არგუმენტები შემოთავაზებული მოდელის მიუღებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, რომელიც ევროპის 33 ქვეყანაში მოქმედებს, საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო.

მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებად დაყოფას ითვალისწინებს, ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა (SNTV) ეწოდება. SNTV-ის მიხედვით, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ის კანდიდატები მიიღებენ სადეპუტატო მანდატს, რომლებიც საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. მაგალითად, თუ რომელიმე ოლქი ექვსმანდატიანია, საუკეთესო შედეგის მქონე პირველი ექვსი კანდიდატი მიიღებს დეპუტატის მანდატს. აღნიშნული მოდელით, როგორც წესი უზრუნველყოფილია ოლქიდან ყველა პოპულარული კანდიდატის მოხვედრა პარლამენტში და ამომრჩევლის ნება უფრო მეტად არის ასახული საკანონმდებლო ორგანოში.

ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა რამდენიმე სახელმწიფოში მოქმედებს: ავღანეთი, ლიბია, ვანუატუ, იორდანია, ინდონეზია და ტაივანი. ავღანეთის და ვანუატუს გარდა, ყველა სახელმწიფოში SNTV-ის მოდელის გამოყენებას თავისი სპეციფიკა ახლავს: ლიბიასა და იორდანიაში შერეული სისტემა მოქმედებს და მაჟორიტარული სისტემის ნაწილში გამოიყენებენ ერთი არაგადაცემადი ხმის პრინციპს; ინდონეზიაში მხოლოდ ზედა პალატაში ირჩევენ SNTV-ის მოდელით; ხოლო ტაივანში საკანონმდებლო ორგანოს 113 ადგილიდან, მხოლოდ ექვსი ადგილის დაკომპლექტებისთვის მოქმედებს აღნიშნული სისტემა. ერაყში 2018 წლიდან რეგიონულ პროპორციული სისტემა მოქმედებს, რომელიც გარკვეულწილად ჰგავს ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემის პრინციპს, თუმცა არსობრივად პროპორციული საარჩევნო სისტემების ჯგუფს მიეკუთვნება.

როდესაც ავღანეთთან მსგავსებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ სახელმწიფოში მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის SNTV-ის მოდელი მოქმედებს, ხოლო ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი შერეული საარჩევნო სისტემების კატეგორიას განეკუთვნება, სადაც SNTV ერთ-ერთი კომპონენტია, მანდატების პროპორციულად გადანაწილებასთან ერთად. ავღანეთი SNTV საარჩევნო სისტემაზე 2004 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გადავიდა. იმ დროისთვის, ავღანეთში აღნიშნული საარჩევნო მოდელის შემოღებას საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერა ჰქონდა.

სარა ღადირის კვლევაში, „SNTV ავღანეთში: უკეთესი ვარიანტი?“, აღნიშნულია, რომ SNTV-ის საარჩევნო მოდელზე გადასვლას წინ უსწრებდა, ავღანეთის პრეზიდენტისთვის, ჰამიდ კარზაისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ შეთავაზება. ავღანეთის ერთპიროვნული ლიდერისთვის პროპორციული არჩევნები მიუღებელი აღმოჩნდა. კარზაის დათმობაზე წასვლა მაინც მოუწია, მაგრამ რადგანაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარი უკვე ნათქვამი ჰქონდა, ოპტიმალური ვარიანტი SNTV-ის სისტემა აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარზაის და მის გუნდს SNTV-ის მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები სიღრმისეულად არ შეუსწავლია. ავღანეთის პრეზიდენტს ეშინოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით ოპოზიციის შანსები გაიზრდებოდა, რასაც დიდ საფრთხედ აღიქვამდა. შესაბამისად, ერთ-ერთი გამოსავალი SNTV-ის სახით კომპრომისზე წასვლა იყო.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელი ერთჯერადად, მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მორიგი (2024 წლის)საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა SNTV-ის მოდელს ათწლეულების განმავლობაში იყენებდა: სამხრეთ კორეა 1948-1972 წლებში, იაპონია 1949-1993 წლებში და შვეიცარიის კანტონების არჩევნები 1971-2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემის ერთი არაგადაცემადი ხმის მოდელი ევროპულ სახელმწიფოებში ახლა უკვე აღარ გამოიყენება, როგორც ავღანეთის შემთხვევით ჩანს, SNTV ერთგვარი კომპრომისული გზაა და შეიძლება, ჩავთვალოთ გარდამავალ საარჩევნო მოდელად, როდესაც მოქმედ საარჩევნო სისტემას ხარვეზები აქვს, ხოლო უკეთეს მოდელზე გადასვლის პროცესი თავად მმართველმა გუნდმა შეაჩერა.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი