იტვირთება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია „სითი პარკთან“ შეთანხმების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ათასობით ჯარიმის მოთხოვნა გამოისყიდა და მერიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს აღნიშნული ჯარიმები ჩამოეწერებათ. „მე რადგან ვსაუბრობდი ჯარიმებზე, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ, ამ ჯარიმებიდან თანხების მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება, პარალელურად მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, რომელიც დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულებისაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე, გასულ კვირას, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ კომპანია „სითი პარკმა“ სამართლებრივი დავა შეწყვიტა. თბილისის მერიის განცხადების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. „ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი უკან გაიხმო და საარბიტრაჟო დავაზე უარი განაცხადა. შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც კომპანიის კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„სითი პარკისთვის“ კომპენსაციის სახით 4 300 000 დოლარის გადახდას ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ გამოეხმაურა და თბილისის მერი წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. შპს „სითი პარკის“ მიმართ პრეტენზია მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობდა. ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მთავრობას მთელი ოპოზიციური სპექტრი მოუწოდებდა, რომ შპს „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაეუქმებინა, თუნდაც კომპენსაციის გადახდის ფასად (კომპენსაციის სავარაუდო რაოდენობად 25 მილიონი ლარი სახელდებოდა). ასევე, თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისის მერობის თითქმის ყველა კანდიდატის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შპს „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა იყო. მათ შორის ახლანდელი მერი კახა კალაძეც აცხადებდა: „პარკირების სისტემის უზრუნველყოფა მართლაც იქნება პირადად ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. პირობას გაძლევთ, როგორც კი შევალ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც დღეს ხდება დედაქალაქში და შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ გარემოში მოახდინონ მანქანების დაპარკინგება“.

თბილისში კომპანია „სითი პარკმა“ ოპერირება 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კომპანიებმა „სითი პარკი“ დააფუძნეს. თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ექსკლუზიური მართვის უფლება გადაეცა. ხელშეკრულების პოზიციის მიხედვით (იხ: სტატია), თუ თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას საკუთარი სურვილით შეწყვეტდა (კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გარეშე), ის ვალდებული იქნებოდა, კომპანიისთვის კომპენსაცია გადაეხადა. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მისი დადებიდან 4 წლის განმავლობაში მოხდებოდა, შპს „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: 500 ათასი ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მისი ამოქმედებიდან 4 წლის გასვლის შემდეგ მოხდებოდა, მერიას კომპანიისთვის კომპენსაცია შემდეგი რაოდენობით უნდა გადაეხადა: „სითი პარკის“ მომსახურებიდან გასული 12 თვის განმავლობაში მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების ვადის შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

„სითი პარკის“ გაშვების მცდელობა მერიას დავით ნარმანიას დროსაც ჰქონდა. მაშინ თბილისის მერიამ ხელშეკრულების შესასწავლად აუდიტორული კომპანია EY დაიქირავა (რაშიც 47 000 ლარი გადაიხადა). აუდიტორული დასკვნის მიხედვით, „სითი პარკის“ უაპელაციოდ გაშვება გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ეს რისკი საკომპენსაციო თანხის შესაძლო გადახდა იყო, რომლის სავარაუდო რაოდენობა იმ დროისთვის 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

2018 წლის 10 აპრილს თბილისის მერიამ, კომპანია „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და დედაქალაქში პარკირების სისტემის ოპერირების უფლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გადასცა. მაშინ თბილისის მერი კახა კალაზე აცხადებდა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მუნიციპალიტეტს ჯარიმის გადახდა არ მოუწევდა და მუნიციპალიტეტი სამართლებრივი ბრძოლისთვის მზად იყო. იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებდა თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და ამბობდა, რომ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, თბილისის მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდიდა. თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტიდან წლისა და ათი თვის თავზე, კომპანია „სითი პარკისთვის“ მერიას 4.3 მილიონ აშშ დოლარის გადახდა მაინც მოუწია. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული თანხა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლებიდან (პარკირების ოპერირების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან) დაიფარა და არა თბილისის ბიუჯეტიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისის მერის ინიციატივით, 50 000 მოქალაქეს „სითი პარკის“ ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს, რაც თანხობრივად 850 000 ლარს შეადგენს. აქვე, „სითი პარკის“ მიერ წლების განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკას მოვიყვანთ:

ცხრილი 1: 2011 -2017 წლებში „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა წლიურად და თვიურად

წელი

ჯარიმების რაოდენობა წლიურად

ჯარიმების რაოდენობა თვიურად

2011

545 950

45 495

2012

802 383

66 865

2013

750 566

62 547

2014

821 066

68 422

2015

1 135 933

94 661

2016

1 392 033

116 002

2017

1 466 666

122 222

რაც შეეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მის მიერ თვეში საშუალოდ 39 000 ჯარიმაა გამოწერილი. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, პარკირების წესების დარღვევისთვის „სითი პარკის“ მიერ თვეში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტი იყო.

თბილისის მერიის შემოსავალი პარკირების ჯარიმებიდან ბოლო წლების განმავლობაში შემდეგნაირია:

ცხრილი 2: მერიის შემოსავალი „სითი პარკის“ ჯარიმებიდან

წელი

მერიის შემოსავალი ჯარიმებიდან

2011

3 274 700

2012

4 814 300

2013

4 503 400

2014

4 926 400

2015

6 815 600

2016

8 352 200

2017

8 800 000

2018

5 181 900

2019 (9 თვე)

3 641 200

ონაცემების მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარკირების ოპერირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს (2018 წლის აპრილიდან), პარკირების ჯარიმებიდან დედაქალაქის ბიუჯეტში შესული თანხების რაოდენობა შემცირებულია.

მას შემდეგ, რაც პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცა, თბილისის პარკინგის მომსახურების სერვისცენტრი გაიხსნა; პარკინგის 9000 ნიშანი გამოიცვალა და დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი. მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე დედაქალაქის მერიამ ინტერესთა გამოხატვა არაერთხელ გამოაცხადა, დასახელდა ლოკაციებიც: ფილარმონიასთან, ვარკეთილში, სადგურის მოედანი და გეგეშიძის ბაღთან. ამ დრომდე არცერთ მითითებულ ტერიტორიაზე პროექტი განხორციელებული არ არის. ამავე პერიოდში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ზონალური პარკირების სისტემა ამოქმედდა.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, მოქალაქეებისთვის პარკირების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, ასევე შემცირებულია პარკირების დარღვევის ჯარიმებიდან დედაქალაქის ბიუჯეტში შესული თანხები. „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ მუნიციპალიტეტს კომპანიისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოუწევდა. თუმცა, საბოლოოდ, დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სითი პარკს“ 4.3 მლნ აშშ დოლარი მაინც გადაუხადა, დაანონსებული 25 მილიონი ლარის ნაცვლად (დღევანდელი კურსის მიხედვით, დაახლოებით 12.3 მილიონი ლარი). საყურადღებოა ის ფაქტი, რომ, მერია 50 000 ადამიანისთვის 870 000 ლარის ღირებულების ჯარიმის ჩამოწერას აპირებს. აღნიშნული კი მიმდინარე საარჩევნო წელს, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს.


მსგავსი სიახლეები

2997 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი