სადაც „სითი პარკის“ მიერ 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხის ოდენობა გაასაჯაროვეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში „სითი პარკმა“ თბილისელების ჯიბეებიდან 64 მილიონი ლარი ამოიღო, აქედან დედაქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ 18 მილიონი ლარი ჩარიცხა, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიას დარჩა. აქედან გამომდინარე, საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის მერიისგან „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა და ხელშეკრულების პირგასამტეხლოს თანხის (25 მილიონი ლარი) 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ასახვა მოითხოვეს.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.
საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, "სითი პარკთან" ხელშეკრულების დეტალები გარკვეული დროის განმავლობაში ხელმისაწვდომი არ იყო. ხელშეკრულება მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ (2014 წლის სექტემბერში), თბილისის ახალმა მთავრობამ გაასაჯაროვა.
2007წელს თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კომპანიებმა შპს „სითი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან თბილისში ავტომანქანების პარკირების საკითხს კურირებს.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს “სითი პარკს“ თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ექსკლუზიური მართვის უფლება გადაეცა (ხელშეკრულების მუხლი 1.1). „სითი პარკის“ ექსკლუზიური მართვის უფლება ხელშეკრულების მე-9 მუხლითაც არის გამყარებული.
ამ მუხლის მიხედვით, თუ თბილისის მერია მესამე მხარეს ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემს, შპს „სითი პარკი“ უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს (მუხლი 12.2). კომპენსაცია გადასახდელია არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია ხელშეკრულებას საკუთარი სურვილით შეწყვეტს („სითი პარკის“ მხრიდან ვალდებულებების დარღვევის გარეშე), არამედ მაშინაც კი, თუ შპს „სითი პარკი“ თავად შეწყვეტს ხელშეკრულებას ქალაქ თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: 500 000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო, თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერია ვალდებული იქნებოდა შპს „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების ხარჯები აენაზღაურებინა, რაც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
ხელშეკრულებაშიკიდევ ერთი საინტერესო საკითხი თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემოსავლების გადანაწილებაა. ხელშეკრულების მიხედვით (11.3), თბილისის მერიას პარკირების შემოსავლის 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (ისეთი მომსახურება, რაც არ არის აღნიშნული ხელშეკრულებაში) ეკუთვნოდა, ხოლო შპს „სითი პარკს“ პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (მაგ. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, ავტოსატრანსპორტოს საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და ა.შ.). ასევე, ხელშეკრულების დანართის თანახმად, თბილისის მერიას პირველ წლს მინიმალური შემოსავლის სახით 1 მილიონი ლარი უნდა მიეღო, მომდევნო წლებში თბილისი მერიის მინიმალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა (ხელშეკრულების მეორე წლიდან მინიმალური შემოსავალი გამოითვლებოდა შემდეგი ფორმულით: 1 000 000* 1.1 n-1, სადაც n არის წლების რაოდენობა გასული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან).
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველწლიურად მისაღები მინიმალური თანხის გადახდის თარიღმა ორჯერ გადაიწია. პირველად, 2008 წლის 31 დეკემბრის ცვლილებით, თანხის გადახდამ ერთი წლით გადაიწია. მიზეზად 2008 წლის აგვისტოს ომი დასახელდა, რაც ფორსმაჟორულ სიტუაციად იქნა მიჩნეული და კომპანიის საქმიანობის პირველ წლად არა 2008, არამედ 2009 წელი განისაზღვრა.
ხელშეკრულების მეორე ცვლილების თანახმად (2009 წლის 23 ივლისი), 2009 წლის მინიმალური თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკით გადაწყდა: 2009 წლის 31 მარტი - 50 000 ლარი; 2009 წლის 30 აპრილი - 50 000 ლარი; 2019 წლის 30 დეკემბერი - 900 000 ლარი. ცვლილების მიზეზად 2009 წლის აპრილში რუსთაველის გამზირზე დაწყებული ოპოზიციური გამოსვლები, ე.წ. საკნების პროტესტი დასახელდა, რის გამოც კომპანიამ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. ცვლილების ტექსტში ნათქვამია, რომ „სითი პარკს“ ამ პერიოდში უკვე დაწყებული ჰქონდა პარკირების ინსტრუქტორების დატრეინინგება, ქუჩების შეღებვა, საგზაო ნიშნების განთავსება და ა.შ. ყოველივე ეს გარკვეული თანხის ინვესტირებას მოითხოვდა მაშინ, როდესაც „სითი პარკს“ პრაქტიკულად არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდებოდა, რადგან რეალურად ის თავის საქმიანობას ვერ ახორციელებდა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ „სითი პარკისგან“ მინიმალური გადასახადის გადახდა გაუმართლებელი იქნებოდა.
ხელშეკრულებაში მესამე ცვლილება 2011 წლის 6 აპრილს შევიდა. ამ ცვლილების მიხედვით, „სითი პარკსა“ და მერიას შორის შემოსავლების გადანაწილების საკითხი დაზუსტდა. როგორც ცვლილებაშია აღნიშნული, შემოსავლების გადანაწილების დაზუსტების მიზეზი გახდა ის, რომ თბილისის მერიამ 2009 წელს პარკირების გადასახადის სისტემა შეცვალა. თუ მანამდე პარკირების გადასახადი საათობრივი იყო, ცვლილების შედეგად პერიოდული გადახდის სისტემა იქნა შემოღებული. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაში რიგი ცვლილებები განხორციელდა, რაც „სითი პარკის“ შემოსავლებს გარანტირებულად ზრდიდა და თბილისის მერიის შემოსავლებს ამცირებდა. კერძოდ, „სითი პარკს“ მიეცა უფლება საოპერაციო ხარჯებისთვის მიეღო ე.წ. მინიმალური წლიური თანხა (2 500 000 ლარი დღგ-ის გარეშე). გარდა ამისა, „სითი პარკი“ პარკირების ყოველი ჯარიმიდან 3 ლარს მიიღებდა, ასევე მიიღებდა მინიმალურ წლიურ თანხას და დარჩენილი თანხა მერიას და კომპანიას შორის 60/40%-ის თანაფარდობით გადანაწილდებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ „სითი პარკს“ უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 100% იმ დრომდე, სანამ „სითი პარკის“ შემოსავალი 2.5 მლნ ლარს არ მიაღწევდა.
თუ პარკირების შედეგად მიღებული შემოსავალი „სითი პარკის“ მინიმალურ წლიურ თანხაზე (2.5 მლნ ლარი) ნაკლები იქნებოდა, სხვაობა თბილისის მერიას უნდა დაეფარა. ასევე, ამ ცვლილებით, თბილისის მთავრობას პარკირების საფასურის გადახდის სისტემის შეცვლის უფლება შეეზღუდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ხელშეკრულება ძალაში უნდა შესულიყო ხელმოწერისთანავე (2007 წლის 7 დეკემბერი) და მისი მოქმედების ვადა თხუთმეტი წლით განისაზღვრა (მუხლი 3). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “სითი პარკის“ საქმიანობის დაწყების თარიღი სამჯერ შეიცვალა და საბოლოო ცვლილებით, ხელშეკრულების დაწყების ვადად 2011 წელი დადგინდა. შესაბამისად, შპს „სითი პარკის“ ოპერიერების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
ასევე საინტერესოა შპს „სითი პარკის“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებანი. ხელშეკრულების ცვლილებამდე, შპს „სითი პარკს“ ევალებოდა პარკირებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება (დახაზვითი სამუშაოები გზებსა და ტროტუარებზე, საგზაო ნიშნების მონტაჟი), საზოგადოების ინფორმირება, ავტომატური საზომი მოწყობილობების მონტაჟი, პარკირების ფიჭური სისტემის გავრცელება, ქოლ-ცენტრის მუშაობა, საფასურის ასაკრეფი ინფრასტრუქტურის მონტაჟი და ა.შ. ხელშეკრულების ცვლილების შედეგად, შპს „სითი პარკს“ თითქმის ყველა ვალდებულება მოეხსნა, პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობის (პერიოდულად საავტომობილო ნიშნების და დახაზული ნაწილის განახლების) და ქოლ-ცენტრის ფუნქციონირების გარდა.
რაც შეეხება „სითი პარკის“ შემოსავლებს, საჯაროდ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხოლოდ მიახლოებული სურათი შეიძლება მივიღოთ.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" კვლევის მიხედვით,შპს „სითი პარკმა“ 2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისამდე სულ დაახლოებით 1 მლნ 160 ათას 874 ლარის ჯარიმა გამოწერა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარკირების მინიმალური ჯარიმა ათლარიანია, ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ჯარიმებიდან მიღებული მინიმალური შემოსავალი 11 მლნ 608 ათას 740 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „სითი პარკს“ თითოეული ჯარიმიდან სამი ლარი პირდაპირ ერიცხება, გარდა ამისა შპს-ს ერიცხება „ყოველწლიური მინიმალური თანხა“ – 2.5 მლნ ლარი, ხოლო ამ თანხების გამოკლების შედეგად დარჩენილი თანხა თბილისის მერიასა და შპს-ს შორის 60/40% თანაფარდობით ნაწილდება. ამის გათვალისწინებით, 2009-2013 წლებში შპს „სითი პარკმა“ მხოლოდ ჯარიმებიდან დაახლოებით 8.4 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო (3 მლნ 484 ათასი თითოეული ჯარიმიდან 3 ლარის სახით; 2.5 მლნ მინიმალური წლიური შემოსავალი; 2 მლნ 398 ათას 447 დარჩენილი თანხის 40%), ანუ წელიწადში საშუალოდ 2.4 მილიონი. ამას პარკირების გადასახადიდან მიღებული შემოსავალიც ემატება, რაც საჯარო არ არის.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 2014წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ადგილობრივ ბიუჯეტში შპს „სითი პარკისგან“ 18 245 997,52 ლარია (შემოსავალი სანქციებიდან - ჯარიმები, საურავები) ჩარიცხული.
ჩვენთვის უცნობია, შპს „სითი პარკმა“ ოპერირების განმავლობაში რა თანხის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ ამ წლების განმავლობაში კომპანიის მოგებაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ დიდ პრობლემას წარმოადგენს „სითი პარკის“ მიერ ჯარიმების ჩაბარების (კომპანიის წარმომადგენელი ჯარიმის ქვითარს საქარე მინაზე ტოვებს და ითვლება, რომ ქვითარი მანქანის მესაკუთრეს ჩააბარა, ან კურიერს გზავნილი სახლში მიაქვს და მისი ჩაბარება ნებისმიერ პირს შეუძლია) და ამოღების წესი. ძალიან ხშირად, დაჯარიმებული ჯარიმის შესახებ დაგვიანებით იგებს. ჯარიმის დროულად (ჯარიმის მიღებიდან 30 დღეში) გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელს 150 ლარიანი საურავი ეკისრება. საურავის დარიცხვის შემდეგი ეტაპი აღსრულების ეროვნული ბიუროა, რომელიც უფლებამოსილია დაჯარიმებულის ანგარიშები დააყადაღოს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები (ალეკო ელისაშვილი და "რესპუბლიკელები") მერიას კონტრაქტის შეწყვეტისთვის პირგასამტეხლოს თანხის (25 მილიონი ლარი) მოძიების რამდენიმე გზას სთავაზობენ. ალეკო ელისაშვილის თქმით, მიზნობრივი ტრანსფერით საქართველოს ბიუჯეტიდან პირობიანი ახალი ტენდერის გამოცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 20 მილიონიანი ხარჯების ეკონომიით და 2016 წლის თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალი 30 მილიონიანი ნაშთით, „სითი პარკისთვის“ კონტრაქტის შეწყვეტისთვის პირგასამტეხლოს გადახდა სრულიად რეალურია. თუმცა, როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს,ოპოზიციის შეთავაზებების პრაქტიკაში განხორციელება თითქმის შეუძლებელია.
დასკვნა 2007
წელს თბილისის მერიას და შპს „სითი პარკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც თბილისში ავტომანქანების პარკირების ოპერირების უფლება (ხელშეკრულებაში შესული რამდენიმე ცვლილების საფუძველზე) 2024 წლის 31 დეკემბრამდე აღნიშნულ კომპანიას ექსკლუზიურად გადაეცა. ფაქტ-მეტრმა დაწვრილებით შეისწავლა თბილისის მერიასა და შპს „სითი პარკს“ შორის შემოსავლების გადანაწილების პირობები, ასევე ის, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს თბილისის მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. მერიას პირგასამტეხლოს გადახდა არამარტო ხელშეკრულების შეწყვეტისას მოუწევს, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე მხარეს ან სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას.
მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე შპს “სითი პარკმა“ მერიის ბიუჯეტში მართლაც 18 245 997 ლარი ჩარიცხა. როგორც ალეკო ელისაშვილმა დაგვიზუსტა, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში „სითი პარკის“ შემოსავალი ამ მონაცემზე დაყრდნობით გამოთვალა, თუმცა 62 მილიონი როგორ მიიღო, არ დაგვიკონკრეტა. თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „სითი პარკის“ შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში მინიმუმ 17 მილიონია (შემოსავლების 40% - 12 163 998 ლარი, 5 მილიონი ლარი - ორი წლის მინიმალური შემოსავალი). სამწუხაროდ, ჯარიმების ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის უცნობია, ამიტომ ამ თანხას თითოეული ჯარიმიდან 3 ლარის შემოსავალს ვერ მივუმატებთ. ასევე უცნობია პარკირების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი.
როგორც აღვნიშნეთ, თბილისის მერიას შპს „სითი პარკის“ ჯარიმების შემოსავლიდან 60% ერიცხება. სავარაუდოდ, მერიას ურჩევნია 25 მილიონი ლარის გაუღებლად, 60%-იან შემოსავალს დასჯერდეს და დედაქალაქში პარკირების სიტემით უკმაყოფილო თბილისელების გულისწყრომა კვლავ „სითი პარკისკენ“ მიმართოს. მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებისთვის საკომპენსაციო თანხა (25 მილიონი ლარი) ჩადებული არ არის.