იტვირთება

რეზიუმე: საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებულ 2019 წლის 9 დეკემბრის დასკვნაში, რომელიც ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტს ეხება, აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა კანონპროექტი პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად განიხილა და მისი განხილვის პროცედურის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია. პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებთან და მე-2–მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას ამოწმებს. აღნიშნული კანონპროექტის თანდართული დოკუმენტების შემოწმება გულისხმობს და არა მის შინაარსობრივ შესაბამისობას უშუალოდ კონსტიტუციასთან. შესაბამისად, დასკვნაში, რომელიც გიგა ბოკერიას ჰქონდა მხედველობაში, ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის საკითხი საერთოდ არ განხილულა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის საქართველოს კანონმდებლობასთან (ასევე, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან), მათ შორის, კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს, პარლამენტის რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით განიხილავს და კიდევ ერთ, სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას ამზადებს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს თან უნდა ერთვოდეს. ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის (ე.წ. გერმანული მოდელი) შესახებ მეორე დასკვნის მომზადების საბოლოო თარიღი 11 თებერვალი იყო.

14 თებერვალს „ფაქტ-მეტრმა“ იურიდიული დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტზე მომზადებული დასკვნა მიიღო, რომელშიც განხილულია მისი შინაარსობრივი შესაბამისობის საკითხი კანონმდებლობასთან, მათ შორის, კონსტიტუციასთან. დეპარტამენტის დასკვნით, კანონპროექტი, კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, დამატებით მსჯელობას საჭიროებს. ფაქტ-მეტრის კითხვაზე, თუ რა იგულისხმება და სად უნდა გაიმართოს დამატებითი მსჯელობა, დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ კანონპროექტი უნდა განიხილოს იურიდიულმა კომიტეტმა და შესაბამისი მსჯელობაც სწორედ კომიტეტზე უნდა გაგრძელდეს. ბუნებრივია, აქედან შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ, შესაბამისი კონსტრუქციული განხილვისა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტს მიღების პერსპექტივაც არსებობს.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა[1], 2019 წლის 9 დეკემბრის დასკვნით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია. აღნიშნული ფაქტის შესახებ, პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: ,,მივიღეთ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ჩვენი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. თუ პატარა ეჭვი მაინც აქვთ ხოლმე [იურიდიულ დეპარტამენტს], მკაფიოდ წერენ, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება[2], რაც ჩვენ არ მოგვწონს ხოლმე. ამაზე მსგავსი არაფერი დაწერეს. დაწერეს, რომ მზად არის განხილვისთვის, ანუ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება მათი შეხედულებით”.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებთან და მე-2–4 პუნქტებთან შესაბამისობას ამოწმებს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი, თავის მხრივ, ნორმატიული აქტის პროექტის თანდართულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას ჩამოთვლის, რაც მათში უნდა აისახოს.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას, შეესაბამება თუ არა, ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღნიშნული დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს თან უნდა ერთვოდეს.

2019 წლის 9 დეკემბრის დასკვნაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოამზადა, წერია, რომ დეპარტამენტმა კანონპროექტი პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად განიხილა და მისი განხილვის პროცედურის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია. აღნიშნული დასკვნით, კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა არ დადგენილა და ვერც დადგინდებოდა.

საკითხის დასაზუსტებლად, „ფაქტ-მეტრი“ 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული მოდელის მოდიფიცირებული კანონპროექტის განხილვა მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მოხდა და რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ის ჯერ არ ჰქონდათ განხილული.

ამასთან, 9 დეკემბრის დასკვნას პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დეპარტამენტმა შეისწავლა, „წარდგენილი კანონპროექტი რამდენად ინიცირებულია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, განმარტებითი ბარათი წარდგენილია თუ არა ნორმატიული აქტების შესახებ კანონის შესაბამისად, განმარტებითი ბარათის რეკვიზიტები რამდენად არის კანონთან შესაბამისობაში და აგრეთვე, წარდგენილია თუ არა კანონპროექტი პაკეტის სახით, ან უნდა ჰქონდეს თუ არა მას დართული სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი. სხვა სახის შესაბამისობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ დგება და სწორედ ეს ინფორმაცია იყო პარლამენტის ბიუროსთვის მიწოდებული“.

„ფაქტ-მეტრმა“, ასევე, დააზუსტა, რასთან დაკავშირებით იმსჯელა იურიდიულმა დეპარტამენტმა 2019 წლის 11 ნოემბრის დასკვნაში, რომელიც მომზადდა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ და რომელიც, დეპარტამენტის რეკომენდაციით, ბიურომ ინიციატორებს დაუბრუნა[3]. დეპარტამენტის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ინიციატორებს იმიტომ დაუბრუნდათ, რომ კანონპროექტი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილი სუბიექტის (ინიციატორის) მიერ არ იყო წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონპროექტს განმარტებითი ბარათი უნდა დაერთოს, რომელშიც კანონპროექტის ინიციატორი უნდა იყოს მითითებული. აღნიშნულს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ამოწმებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დასკვნით, დეპარტამენტმა იმსჯელა, თუ რატომ არ ჰქონდათ ამ კონკრეტულ ინიციატორებს კონსტიტუციური კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის კანონით მოწესრიგების უფლებამოსილება და კონსტიტუციასთან მის შინაარსობრივ შესაბამისობაზე არ უმსჯელია.

20 იანვარს „ფაქტ-მეტრმა“ კვლავ მიმართა პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს კითხვით, იტვირთება თუ არა რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომზადებული დასკვნები პარლამენტის ვებგვერდზე. ასევე ვითხოვეთ, კანონპროექტებთან (ნებისმიერ კანონპროექტზე) დაკავშირებით მომზადებული ასეთი რამდენიმე დასკვნის გადმოგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იურიდიულმა დეპარტამენტმა გვიპასუხა, რომ დასკვნების პარლამენტის ვებგვერზე განთავსება შედარებით დაგვიანებით, მაგრამ პერმანენტულად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გადამოწმებულ ათეულობით კანონპროექტზე რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომზადებული დასკვნა მაინც ვერ ვნახეთ. დეპარტამენტმა, მოთხოვნისამებრ, რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომზადებული დასკვნების რამდენიმე ეგზემპლარი გადმოგვიგზავნა.

რაც შეეხება ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტზე რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომზადებული დასკვნას (მეორე დასკვნას), ის „ფაქტ-მეტრმა“ დეპარტამენტისგან 14 თებერვალს მიიღო. თუ რა წერია აღნიშნულ დასკვნაში, დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ასახული იყო არამხოლოდ იურიდიული დეპარტამენტის ის დასკვნა, რომლის შესახებაც გიგა ბოკერია საუბრობდა, არამედ იურიდიული დეპარტამენტის მეორე დასკვნა. „ფაქტ-მეტრმა“ ცალკე სტატიაში მიმოიხილა მეორე დასკვნა, რომელშიც განხილულია კანონპროექტის კონსტიტუციურობის საკითხი.

-----------------------------------------------------------------------------------------

[1] საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დებულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი არის საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო სარეკომენდაციო დასკვნების მომზადება წარმოადგენს.

[2] სავარაუდოდ, გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების მიერ წარდგენილ კანონპროექტს გულისხმობდა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ეხებოდა. დეპარტამენტის რეკომენდაციით, კანონპროექტი ბიურომ ინიციატორებს დაუბრუნა იმ საფუძვლით, რომ ის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილი სუბიექტის (ინიციატორის) მიერ არ იყო წარდგენილი.

[3] „ტაბულას“ ინფორმაციით, ევროპულმა საქართველომ გაავრცელა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 11 ნოემბრის დასკვნა, რომელშიც დეპარტამენტი ოპოზიციის კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებდა.


მსგავსი სიახლეები

3113 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი