საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ, შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტზე დასკვნა მოამზადა. დასკვნაში დეპარტამენტი კანონპროექტის საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის კონსტიტუციასთან შესაბამისობის/შეუსაბამობის საკითხზე მსჯელობს. დეპარტამენტის წარმომადგენლების აზრით, კონსტიტუციური კანონი შესაძლებლობას იძლევა, არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი საარჩევნო კანონმდებლობამ დაადგინოს. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციით, მანდატების განაწილების წესი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით მკაცრადაა შებოჭილი. შესაბამისად, მანდატები - 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს შორის ცალ-ცალკე უნდა გადანაწილდეს.
პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი დასკვნებს ორი კრიტერიუმით ამზადებს. გასულ წელს გამოქვეყნებული დასკვნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა. კერძოდ, დეპარტამენტმა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებთან და მე-2-4 პუნქტებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა, რაც კანონპროექტის თანდართული დოკუმენტების შემოწმებას გულისხმობს და არა მის შესაბამისობას უშუალოდ კონსტიტუციასთან.
კიდევ ერთი კრიტერიუმს, რომლითაც იურიდიულმა დეპარტამენტმა დასკვნა მოამზადა, რეგლამენტის სხვა მუხლი ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას, შეესაბამება თუ არა, ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
„ფაქტ-მეტრმა“ იურიდიულმა დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ახალი დასკვნა 14 თებერვალს მიიღო. მასში ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის კონსტიტუციასთან შესაბამისობის/შეუსაბამობის საკითხია განხილული.
რას წერს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი
დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი (ე.წ. გერმანული მოდელი) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას და სამართლებრივი ტექნიკის მხრივ დახვეწას საჭიროებს. ასევე, საქართველოს საარჩევნო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დეპარტამენტი, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
რაც შეეხება კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს, დასკვნის მიხედვით, კანონპროექტით წარმოდგენილი მანდატების განაწილების წესი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით დამატებით მსჯელობას საჭიროებს. ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტში პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმებია. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან შედგება. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც მიიღებენ. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“. იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ამ ნორმიდან ივარაუდება, რომ პროპორციული წესით პარლამენტის წევრის 77 მანდატი უნდა განაწილდეს. დეპარტმენტის წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ჩანაწერის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული მანდატები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაანგარიშდება და არა რომელიმე მათგანის ხარჯზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პარალელური კენჭისყრის ფორმას წარმოადგენს ასიმეტრიული სისტემის ელემენტებით.
დასკვნის ავტორები მიიჩნევენ, რომ თუკი კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ ნორმას გრამატიკულად განვმარტავთ, პარლამენტის სრულ შემადგენლობაში პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა არ იცვლება, თუმცა ნორმის კონსტიტუციურობის დადგენისას უნდა ვიხელმძღვანელოთ უფრო მაღალი კონსტიტუციური სტანდარტით, რაც ნორმის ნორმატიული შინაარსის სისტემურ და ფართო ტელეოლოგიურ[1] განმარტებას გულისხმობს. „ვფიქრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით მანდატების განაწილების წესი მკაცრად არის შებოჭილი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით. მანდატები უნდა განაწილდეს 77 პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრსა და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს შორის ცალ-ცალკე. ამდენად, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი მანდატების განაწილების წესი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით დამატებით მსჯელობას საჭიროებს“,- წერია დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ დასკვნის ავტორებმა გერმანიაში მოქმედ საარჩევნო მოდელთანაც გაავლეს პარალელი. მათი აზრით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელისგან განსხვავებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი საარჩევნო მოდელი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც, პროპორციული სისტემით მიღებული ხმების თანახმად, ეკუთვნის განსაზღვრული რაოდენობის მანდატები, ეს მანდატები ვერ მიიღოს. „კანონპროექტით კი წარმოდგენილია პრინციპი, რომლის თანახმად, შესაძლებელია პოლიტიკურმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა გადალახოს 3-პროცენტიანი ბარიერი, თუმცა 77 მანდატის ფარგლებში ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღოს. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა დისპროპორციულია (იგულისხმება დისპროპორცია პროპორციული სისტემით მიღებული ხმების რაოდენობასა და მიღებული მანდატების რაოდენობას შორის)“,- აღნიშნულია დასკვნაში.
კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, იურიდიული დეპარტამენტი, კანონპროექტის სხვა ნაწილთან დაკავშირებითაც დამატებითი მსჯელობის საჭიროებას ხედავს. კერძოდ, კანონპროექტით წარმოდგენილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 124-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებისას, ამომრჩევლის მეორე ხმა მხედველობაში არ მიიღება, თუ მას პირველი ხმა მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატისთვის ჰქონდა მიცემული. ასეთი ამომრჩეველი არც პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში ჩაითვლება. შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენები ერთ პაკეტად შეიკვრება, დაილუქება და პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის მიცემული ხმების დათვლისას აღარ გაითვალისწინება“. აღნიშნული ნორმა დეპარტამენტმა კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო უფლებასთან მიმართებით განიხილა და დაასკვნა, რომ კანონპროექტი უშვებს შესაძლებლობას, ამომრჩევლის მეორე ხმა (პარტიული/საარჩევნო ბლოკის სიისთვის განსაზღვრული ხმა) კონკრეტულ შემთხვევაში დაიკარგოს, რაც ამომრჩეველს აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების შესაძლებლობას ართმევს. „მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით მისცა ხმა და მისი გაბათილების საფუძველი არ არსებობს, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებისას, ეს ხმა მხედველობაში მაინც არ მიიღება. ამასთანავე, ასეთი ამომრჩეველი არც პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში ჩაითვლება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით მსჯელობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანასწორობის უფლებასა და აქტიურ საარჩევნო უფლებასთან მიმართებით“,- ვკითხულობთ დასკვნაში.
როგორც დასკვნიდან ჩანს, დეპარტამენტის ვარაუდითა და არგუმენტებით, მანდატების განაწილების წესს კონსტიტუცია განსაზღვრავს ისე, რომ პროპორციული სისტემით მხოლოდ 77 მანდატი განაწილდეს. მიუხედავად ამისა, დასკვნის ავტორები, ასევე, მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციური კანონი იძლევა შესაძლებლობას, მანდატების განაწილების წესი საარჩევნო კანონმდებლობამ დაადგინოს -კონსტიტუციის საფუძველზე და მის ფარგლებში (დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით განიმარტება ნორმა, რაზეც საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეთქმის).
მიუხედავად მმართველი გუნდის წარმომადგენლების (ირაკლი კობახიძე და სხვა) კატეგორიული მტკიცებისა, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას აშკარად ეწინააღმდეგება, იურიდიულმა დეპარტამენტმა თავის დასკვნაში საკითხზე დამატებითი მსჯელობის საჭიროებაზე მიუთითა. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციურმა პარტიებმა გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი წარმოადგინეს. ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. პარლამენტის ბიუროს 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა. კომიტეტს კანონპროექტი 25 თებერვლამდე უნდა განეხილა, რის შემდეგაც ის განსახილველად პლენარულ სხდომას უნდა გადასცემოდა.
მიუხედავად ამისა, „საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად დამუშავების“ მიზნით, 20 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის განსახილველად დამატებით 5-თვიანი ვადა ითხოვა. ერთი რამ ცხადია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „დამატებითი მსჯელობისას“ მმართველი პარტიის პოლიტიკური ნების შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.
--------------------------------------------------------------------------------
[1] ტელეოლოგიური განმარტება ნიშნავს სამართლის ნორმის ობიექტური მიზნის განსაზღვრას. მისი მიზანია განსაზღვროს სამართლის ნორმის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, რამდენად შეესაბამება კანონმდებლის წარმოდგენები, რომელიც საფუძვლად დაედო ნორმის მიღებას, დღეს ამ ნორმის გამოყენებისას მიღებულ გადაწყვეტილებებს.