რეზიუმე: ზუსტი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი შეადგინა 2019 წელს აჭარის რეგიონში ჯამურმა ფაქტობრივმა ინვესტირებამ (უცხოური და ადგილობრივი ერთიანად), არ არსებობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის სამი კვარტლის მიხედვით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 112 550 500 დოლარია. ეს ნიშნავს, რომ შარშანდელი სამი კვარტლის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (78 796 900 დოლარი) მიმართებით, 42.8%-ით გაიზარდა.
თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ ნაწილია. აჭარის მთავრობის მიერ ინვესტორებთან გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების მიხედვით კი მხოლოდ დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობაზე შეიძლება მსჯელობა, თუმცა ამ ხელშეკრულებების ნაწილი ვადის დარღვევითა და შეფერხებებით ხორციელდება. ის, რომ კომპანიებთან ხელშეკრულებები წლების წინ გაფორმდა, ვერ გახდა ამ ინვესტიციების რეალურად განხორციელების გარანტია. რეგიონის მთავრობამ, შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ინვესტიციები განაახლა, ანუ ინვესტორების ნაწილი პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა და ხელშეკრულების შესასრულებლად დამატებითი დრო მისცა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა.
„ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, მთლიანი ინვესტიციების პორტფელი მოიცავს სამი ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ინვესტიციასაც, მათ შორის, შპს „ბათუმი რივიერას“ 1-მილიარდიან პროექტს, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები, ფაქტობრივად, 2020 წელს დაიწყო. კომპანიამ ნებართვა ჯერ მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის ნაწილზე მიიღო. ასევე უცნობია „გრინ რიზორთსა“ და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებული 500-მილიონიანი ხელშეკრულების განხორციელების ბედიც. კომპანიას ნებართვა ჯერ არ მიუღია.
მთავრობის თავმჯდომარემ 4-მილიარდიან საინვესტიციო პორტფელში მოიაზრა ასევე გაცემული სამშენებლო ნებართვების საფუძველზე დაგეგმილი ინვესტიცია და მიმდინარე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებების საერთო მოცულობა – 1 900 000 000 ლარი. ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია გარანტირებულად იმის თქმა, რომ ყველა პროექტი სრულად განხორციელდება, რადგან რეგიონისთვის მიტოვებული და დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტებიც არაა უცხო. თუმცა ფაქტ-მეტრი თვლის, რომ, საინვესტიციო პორტფელის მოზიდვის ნაწილში, განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა სხვადასხვა კონტექსტში იქნას აღქმული.
რაც შეეხება საინვესტიციო პროექტების ფარგლებში შექმნილ სამუშაო ადგილებს. ვინაიდან რამდენიმე პროექტი 2019 წელს სრული დატვირთვით არ ხორციელდებოდა, სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული ადამიანების სრული რაოდენობა ვერ დასაქმდებოდა. თავის მხრივ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტლის მდგმარეობით, აჭარის რეგიონში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების ოდენობა დაახლოებით 2 700 ერთეულით გაიზარდა, თუმცა ვინაიდან ეს საერთო მაჩვენებელია, ის არაფერს ამბობს უშუალოდ ახალი საინვესტიციო პორტფელის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. ამ სახით ინფორმაციას საქსტატი არ ამუშავებს, რეგიონის დონეზეც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტრომ მსგავსი მონაცემი ვერ მოგვაწოდა. განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე მეტად ლოგიკურია აღქმა რომ მთავრობის თავმჯდომარე სწორედახალი ინვესტიციების ფარგლებში შექმნილ სამუშაო ადგილებს გულისხმობს, თუმცა ასეთ შემთხვევაში განცხადების ვალიდურობის ან მცდარობის დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი" განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და მხოლოდ ანალიზით შემოიფარგლება.
ანალიზი
2019 წლის ბოლოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა შეაფასა და განაცხადა: „ჩვენ [2019] წლის დასაწყისში ვამბობდით, რომ ახალი საინვესტიციო პორტფელი იქნებოდა 3 მილიარდი ლარი, დღეის მდგომარეობით ეს ნიშნული არის უკვე 4 მილიარდი ლარი და 2 000 სამუშაო ადგილი გვაქვს ჩვენ რეგიონში შექმნილი.“
„ფაქტ-მეტრმა" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ინფორმაცია 2019 წლის 30 დეკემბერს გამოითხოვა. ჩვენ დავინტერესდით, რომელ მონაცემებს ეყრდნობოდა რეგიონის პირველი პირი და კონკრეტულად რომელ კომპანიას რა მოცულობის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული 2019 წლის ბოლოს, ასევე, რამდენი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული პროექტის ფარგლებში.
ოფიციალური პასუხი 2020 წლის იანვრის ბოლოს მივიღეთ, რომელშიც ასახულია ჩამონათვალი იმ კომპანიებისა, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები, ამ ხელშეკრულებებით დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა და გაცემული სამშენებლო ნებართვების საფუძველზე დაგეგმილი ინვესტიციის ჯამური მოცულობა. უწყებამ არ/ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, დაგეგმილიდან რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა უკვე, ან რამდენი ადამიანი დასაქმდა რეალურად ამ ინვესტორების მიერ.
ორმოცზე მეტი განახლებული და სამი ახალი პროექტის, ასევე გაცემული სამშენებლო ნებართვების საფუძველზე განსახორციელებელი პროექტების მიხედვით, რეგიონში დაგეგმილი ინვესტიციების ჯამური მოცულობა 3 654 640 125 ლარი და 216 750 000 აშშ დოლარია. 2019 წლის დეკემბერში (განცხადების გაკეთების დროს) 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 2, 88 ლარი იყო. ამის გათვალისწინებით, დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობამ ნამდვილად შეადგინა 4 278 880 125 ლარი.
ცხრილი 1. აჭარის რეგიონში 2019 წელს განახლებული და ახალი პროექტების, ასევე გაცემული სამშენებლო ნებართვების საფუძველზე განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო მოცულობა
|
ინვესტიციის მოცულობა |
|
ლარი |
აშშ დოლარი |
|
განახლებული პროექტები |
254640 125 |
216750 000 |
ახალი პროექტები |
1900000 000 |
- |
გაცემული სამშენებლო ნებართვების საფუძველზე განსახორციელებელი პროექტები |
1500000 000 |
- |
წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ამ მონაცემებში შეტანილია სამი ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც, მათ შორის, „ბათუმი რივიერას“ მიერ ბათუმის კონცხზე დაგეგმილი ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა, რასაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. მათი განცხადებით, არსებობს რამდენიმე სახის საფრთხე, რომლებსაც ამ პროექტის განხორციელება უქმნის შავ ზღვას, სანაპიროსა და ქალაქს და რასაც შესაბამისი კვლევებიც ადასტურებს. კომპანიამ სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და როგორ გააგრძელებს, ან რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს საბოლოოდ, ამის თქმა შეუძლებელია.
კიდევ ერთი პროექტი შპს „გრინ რიზორთმა“ ქობულეთში უნდა განახორციელოს. საუბარია 500 მლნ ლარის ინვესტიციაზე, თუმცა სამინისტრომ ამაზე მეტი ინფორმაცია არც ამ პროექტთან დაკავშირებით მოგვაწოდა. რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს კომპანია საბოლოოდ, უცნობია. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს. მისი განმარტებით, 2019 წელს, ინვესტიციის მთლიანი მოცულობიდან, ბიუჯეტში მხოლოდ მიწის შესაძენად გადახდილი თანხა - 4 მლნ ლარი აისახა. ამ ეტაპზე, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ნებართვა ჯერ არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია, ინვესტიცია მთლიანი საინვესტიციო პორტფელის მოცულობაში მოიაზრება, მაგრამ მისი განხორციელება მომავლის პერსპექტივაა.
მესამე ახალ პროექტს შპს „ალიანსი სიტი“ ახორციელებს. კომპანია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში 400 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციისთვის, „ალიანს სიტისა“ და შპს „ალიანსს“, რომელსაც რეგიონში არაერთი პროექტი აქვს, ერთი და იგივე დირექტორი ჰყავთ. „ალიანსი“ კი ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც სახელშეკრულებო პირობები ვერ შეასრულეს, მთავრობამ კი პირგასამტეხლოც აპატია და ვადაც გაუხანგრძლივა. აღნიშნული თანხა მოზიდული ინვესტიციების ფარგლებში მოიაზრება, მაგრამ როდის განხორციელდება რეალურად, ჯერ უცნობია.
აუცილებლად უნდა დავაკონკრეტოთ, რომ 4 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მთლიანად არა 2019 წელსაა მოზიდული, არამედ რამდენიმე გასული წლის განმავლობაშიც. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მთავრობამ საინვესტიციო პორტფელის ჯამურ მოცულობაში 2018-2019 წლებში განახლებული პროექტებიც შეიყვანა. ასევე უცნობია, როდის და რომელ კომპანიებზეა გაცემული სამშენებლო ნებართვები. ინფორმაციისთვის, უწყებამ ეს ბოლო ინფორმაცია ჩაშლილი სახით არ/ვერ მოგვაწოდა, ამიტომ ჩვენთვის უცნობია, ხომ არ მოხდა დუბლირება გაცემული ნებართვების ნაწილში. კერძოდ გაცემული სამშენებლო ნებართვების ფარგლებში იდენტიფიცირებული საინვესტიციო ღირებულება თეორიულად მოსალოდნელია შედიოდეს ცალკე კომპონენტად ასახული ინვესტიციების მოცულობაშიც, რაც წარმოშობს ორჯერადი აღრიცხვის შედეგად კომპონენტთა ჯამური მოცულობის უსაფუძვლოდ ზრდის შესაძლებლობას. სამინისტროს წარმომადგენელმა მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციის გზით განმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს და მოწოდებული მონაცემები კორექტულია.
როგორც აღვნიშნეთ, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს კონკრეტულ მონაცემებს უკვე განხორციელებული ინვესტიციების მოცულობისა და დასაქმებულების რაოდენობის შესახებ. განახლებული პროექტების განხორციელების ვადა, შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, გაგრძელდა და მათი დასრულება, ახალი პირობებით, 2020 წელსა და შემდეგ პერიოდში იგეგმება. ეს კი ნიშნავს, რომ 2019 წელს ჯერაც არ იყო განხორციელებული 4 მილიარდი ლარის ინვესტიცია და მხოლოდ საინვესტიციო პორტფელი იყო შექმნილი, საინვესტიციო პორტფელის მოზიდვა კი განხორციელებულ ინვესტიციებს არ ნიშნავს.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ 2 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ამის შესახებ უწყებამ ზუსტი ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა და ის საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა. ამ მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, დასაქმებულთა რაოდენობა, 2019 წლის მე-3 კვარტლის მიხედვით, 696 000 კაცით განისაზღვრა, საიდანაც აჭარის რეგიონზე 9,7% ანუ 67 512 ადამიანი მოდის, რაც, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 756-ით მეტია. საქსტატს მონაცემები საერთოა რეგიონის მთელი ბიზნეს სექტორისთვის, ჩაშლილი არ არის, რაც არ გვაძლევს საშუალებას, განსაზღვროთ უშუალოდ ახალი საინვესტიციო პორტფელის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა. შესაბამისად სამუშაო ადგილების ნაწილში თორნიკე რიჟვაძის განცხადების დადასტურებისათვის ან უარყოფისათვის საკმარისი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.
აჭარის რეგიონში მოზიდული ინვესტიციების განხორციელების პროცესს „ფაქტ-მეტრი" მომავალშიც დააკვირდება.
შესწორება: სტატიის პირველი ვერსია 03. 02. 2020-ში გამოქვეყნდა და შეფასდა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ დაგვიკავშირდა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო, რომელიც არ დაეთანხმა ვერდიქტსა და ანალიზს შექმნილი სამუშაო ადგილების ნაწილში. კერძოდ, უწყების მხრიდან დამატებით მოწოდებულ ოფიციალურ წერილში ასახული პოზიციით, მთავრობის მეთაური არა ახალი საინვესტიციო პორტფელის ფარგლებში, არამედ ზოგადად აჭარის რეგიონში სამუშაო ადგილების წმინდა ზრდას გულისხმობდა და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი წყაროდ მიუთითა.
სამინისტროს ჩვენი მხრიდან განემარტა, რომ საქსტატის მონაცემები არ შეეხებოდა კონკრეტულად ახალი ინვესტიციების ფარგლებში შექმნილ სამუშაო ადგილებს და მთავრობის მეთაურის მიერ დასახელებულ მაჩვენებელს (2000 ადგილი 2700-ის წინააღმდეგ) არც რიცხვობრივად ემთხვეოდა. სტატიის მომზადების პროცესში, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროდან ის მონაცემები გამოვითხოვეთ, რომლებსაც მთავრობის მეთაური ეყრდნობოდა. იქვე განვმარტეთ, რომ კვლევის პროცესში, სამინისტროს მიერ ჩვენი კითხვის პასუხად მოწოდებულ წერილში (N 01-01-10/336 27. 01. 2020) სამინისტრო უთითებს: „სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ანალიზისა და გათვლების მიხედვით, იქნება ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელების გარდაუვალი ეკონომიკური ეფექტი, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად, პროექტების განხორციელების პარალელურად.“ ამით უწყება ადასტურებს, ერთი მხრივ, რომ საუბარი შეეხებოდა ახალი ინვესტიციების ფარგლებში (და არა ჯამში) შესაქმნელ სამუშაო ადგილებს, მეორე მხრივ - ფაქტს, რომ ეს ადგილები მომავალში უნდა შექმნილიყო. შედეგად, სწორედ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთავრობის მეთაურის განცხადება შეფასდა უარყოფითი ვერდიქტით.
ჩვენს არგუმენტაციაზე პასუხად მოწოდებულ წერილში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, რომ კვლევის პროცესში მათი მხრიდან მოწოდებულ ოფიციალურ წერილში (რომელსაც ეფუძნებოდა ჩვენი ანალიზი) დაშვებულია შეცდომა და ითხოვა, არ გაგვეთვალისწინებინა ხარვეზიანი ჩანაწერი და დავყრდნობოდით სტატიის გამოქვეყნების შემდგომ მოწოდებულ დაზუსტებას.
„ფაქტ-მეტრი“ მიესალმება დაინტერესებული მხარეების ჩართულობას კვლევის პროცესში და ადასტურებს მზადყოფნას, გაითვალისწინოს ობიექტური გარემოებები, რომლებიც, შესაძლებელია, ახდენდეს გავლენას რეალობის დადგენის პროცესზე, რაც წარმოადგენს ჩვენს საბოლოო მიზანს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ სამინისტროს პოზიციას და განახლებულ ანალიზში არ ვიყენებთ კვლევის პროცესში მოწოდებულ ოფიციალურ წერილში შეცდომით (სამინისტროს პოზიციით) ასახულ ინფორმაციას. შედეგად, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს რომ:
1. მთავრობის მეთაურის განცხადება, კონტექსტიდან გამომდინარე, აღიქმება, რომ საუბარი ეხება ახალი ინვესტიციის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ადგილებს და არა აჭარის ა/რ-ში ჯამურად შექმნილ სამუშაო ადგილებს, მიუხედავად იმისა, თუ რას გულისხმობდა, ან რისი თქმა სურდა მას. აღნიშნულს ამყარებს ფაქტი, რომ მის მიერ დასახელებული მაჩვენებელი 2000 სამუშაო ადგილი არსებითად ჩამოუვარდება რეგიონში ჯამურად შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს (2700 ადგილი).
2. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელსაც დაზუსტებული პოზიციით, განცხადების წყაროდ უთითებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასახავს რეგიონში ჯამში შექმნილი სამუშაო ადგილების ცვლილებას (2700 ადგილი) და შეუძლებელია იდენტიფიცირება აღნიშნული 2700 ადგილიდან რამდენია შექმნილი ახალი ინვესტიციის ფარგლებში. შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის მეთაურის განცხადება შექმნილი სამუშაო ადგილების ნაწილში ვერ შეფასდება, როგორც ვალიდური, ამავდროულად, კვლევის პროცესში სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის გაუთვალისწინებლობის პირობებში, ვერ დასტურდება მისი რეალობასთან შეუსაბამობაც.
3. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თავდაპირველ ვერდიქტს „ნახევრად-სიმართლე“ ცვლის ვერდიქტით „ვერდიქტის გარეშე“ და მხოლოდ მონაცემთა ანალიზით შემოიფარგლება. ამავდროულად, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს გამოქვეყნებული სტატიის კორექტირების შესახებ ინფორმაციას, თავდაპირველ და განახლებულ შეფასებას, კორექტირების შეტანის საფუძველთან ერთად.