რეზიუმე:

რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უმრავლესობას, 2020 წლის არჩევნებამდე პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისკენ, მართლაც პირდაპირ მოუწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდების ნაწილში სიტყვა „პროპორციული“ აღარ გხვდება, ის რეზოლუციის საბოლოო ტექსტიდან ამოღებული არ არის.

ანალიზი:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროსაბჭოს წევრ 10 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2019 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეხება.

მიუხედავად რეზოლუციის მწვავე კრიტიკული ხასიათისა [1] , საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პირდაპირი ტექსტით ეწერა [თავდაპირველ] პროექტში, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმებულიყვნენ 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა „პროპორციული“ ამოღებულია, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება“.

რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უმრავლესობას, 2020 წლის არჩევნებამდე პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისკენ, მართლაც პირდაპირ მოუწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდების ნაწილში სიტყვა „პროპორციული“ აღარ გხვდება, ის რეზოლუციის საბოლოო ტექსტიდან ამოღებული არ არის. კერძოდ, რეზოლუციაში, საქართველოში 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ჩავარდნის [2] გამო შეშფოთებაა გამოთქმული, რაც, ასამბლეის შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიულ კონსოლიდაციას ძირს უთხრის. ნიშანდობლივია, რომ ამ კონტექსტში, ასამბლეა პასუხისმგებლობას მმართველ უმრავლესობას აკისრებს და მოუწოდებს მას, ისეთი საარჩევნო სისტემა მიიღოს, რომელსაც ყველა მონაწილე მხარის ნდობა და მხარდაჭერა ექნება.

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული შერეული ვარიანტი (50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული სიით) მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდის მიერაა მხარდაჭერილი და ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორისთვის ის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ასამბლეის მიერ მმართველი გუნდისადმი გაკეთებულ მოწოდებაში (მმართველი პარტიის მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების კონტექსტის გათვალისწინებით), სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ან ოპოზიციის კომპრომისული შემოთავაზებების გათვალისწინება იკითხება და არა სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლებების დემონსტრირება, რაზეც კობახიძე აპელირებს.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის მოწოდების ნაწილიდან მართლაც ამოღებულია სიტყვა „პროპორციული“, ირაკლი კობახიძის განცხადება ფაქტებით მანიპულირებაა და სახელმწიფოს სუვერენულ უფლებაზე უადგილო აპელირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

1. გარდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესებთან დაკავშირებითაც. ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების შესახებ და დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.

2. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 14 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ „ჩააგდო“დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა. 29 ნოემბერს საერთო ოპოზიციურმა ფორმატმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო მოდელი წარუდგინა, რომელიც კანონპროექტის სახით საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. მიუხედავად იმისა, რომ 30-მდე ოპოზიციური პარტია ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვერსიაზე შეჯერდა, „ქართული ოცნების“ პოზიციით, ის წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშვებული კანონპროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს გადაუგზავნა განსახილველად და მასზე მომზადებულ დასკვნას სახალხო დამცველის ოფისში მომდევნო კვირაში ელოდებიან.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი