იტვირთება

Facebook-გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, ციტატების შეთხზვა დაიწყო და ისინი ოპოზიციის ლიდერების განცხადებებად წარმოაჩინა. ამ შემთხვევაში „სირცხვილის კორიდორის“ დეზინფორმაციის სამიზნეები იყვნენ: გივი თარგამაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ეკა ბესელია, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, სალომე სამადაშვილი, გიგი უგულავა, ირინა სარიშვილი, რომან გოცირიძე; ასევე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები: ნიკა გვარამია, გიგა მაქარაშვილი, სალომე ბარკერი, თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე.

„სირცხვილის კორიდორი“ ყალბი და მანიპულაციური ამბების გავრცელებაში „ფაქტ-მეტრს“ უკვე არაერთხელ შეუმჩნევია. აღნიშნული Facebook-გვერდის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები, ისევე, როგორც ამ შემთხვევაში, წარსულშიც ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული: შოთა დიღმელაშვილისა და გიგა მაქარაშვილის შესახებ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, შოთა დიღმელაშვილისა და მარიამ გეგუჩაძის მიმოწერის სურათი გააყალბა; ასევე, „ნეტგაზეთის“ სტატია - „რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა“ გააყალბა, როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შვილების შესახებ ინფორმაცია; ასევე ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სერგეი გავრილოვი ელენე ხოშტარიას ლექტორი იყო.

ანალიზი

9 ნოემბერს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა და 20 დეკემბერს საზღვრის კვეთის ბრალდებით ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 28 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა და საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა. აღნიშნული, იმ პერიოდში, ყველაზე აქტუალური ამბავი იყო და „სირცხვილის კორიდორმა“ დეკემბერში, დეზინფორმაციის ერთ-ერთ თემად სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი აირჩია.

Facebook-გვერდ „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გამოქვეყნებული ირინა სარიშვილის განცხადება - „ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი ფეხით დაბრუნდება უკან“ - დამახინჯებულია, რეალურად ის შემდეგნაირად ჟღერს: „ხელისუფლებავ, ისე არ ქნათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი ფეხით უკან გაბრუნდეს ცხინვალში.“

ნიკა გვარამიას განცხადება - „რატო შეგვე**თ ამ ვაჟა გაფრინდაშვილით, არ ვიცოდეთ მაინც, რომ ესეც ოცნების ვერაგი თამაში იყო“ - ბოლო ერთი თვის განმავლობაში (ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს განთავისუფლდა) საძიებო სისტემა Google-ში არ იძებნება. მეტიც, ნიკა გვარამიას ვაჟა გაფრინდაშვილი თავის გადაცემაში - „მთავარი აქცენტები“ - სტუმრად ჰყავდა, სადაც მას გმირს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მისი კონტაქტების წყალობით გათავისუფლდა, საძიებო სისტემა Google-ში (მხოლოდ სირცხვილის კორიდორის Facebook-პოსტი) არ იძებნება და მსგავსი რამ მიხეილ სააკაშვილს, 28 დეკემბრიდან მოყოლებული, არც ერთ ინტერვიუში ან Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში არ განუცხადებია. ასევე, არ იძებნება რომან გოცირიძის განცხადება - „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ ქოცებმა ექიმი უკვე დაავერბორკეს“ და არც 28 დეკემბრის შემდეგ მის მიერ მიცემულ რომელიმე ინტერვიუში ფიქსირდება. „სირცხვილის კორიდორი“ კი თავად არც ერთი ციტატის წყაროს არ ასახელებს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამონათქვამების გაყალბება

გიგა მაქარაშვილის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია

Facebook-გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ გამოაქვეყნა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის - გიგა მაქარაშვილის - ორი განცხადება:

„სირცხვილის კორიდორი“ არ ასახელებს წყაროს. დეკემბრის შემდეგ გიგა მაქარაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუებში აღნიშნული ციტატა არ იძებნება. „ფაქტ-მეტრი" დაუკავშირდა გიგა მაქარაშვილს და მან გავრცელებულ ინფორმაციებს ტყუილი უწოდა. ასევე, Google-ის საშუალებით არც ეს განცხადებები იძებნება.

შობასთან დაკავშირებით გიგა მაქარაშვილის Facebook-პროფილზე სრულიად განსხვავებულ პოსტს ვხვდებით:

„სირცხვილის კორიდორმა“ შობასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია „ტაბულას“ რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებაც გაავრცელა, რომელიც მითების დეტექტორმა გადაამოწმა.

კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც „სირცხვილის კორიდორის“ დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა, სალომე ბარკერია. როგორც წინა შემთხვევებში, აქაც არ არის დასახელებული ინფორმაციის წყარო, ხოლო სალომე ბარკერის Facebook-პროფილზე, მის ინტერვიუებსა და Google-ში აღნიშნული განცხადება არ იძებნება. თავად სალომე ბარკერი უარყოფს განცხადებას.

ოპოზიციის გამონათქვამების გაყალბება

გიგა ბოკერიას შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია

24 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. წერილმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში წერილის შინაარსი, ხელისუფლების მხარდამჭერ თუ კრიტიკულ შინაარსს ატარებდა, განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით Facebook-გვერდმა - „სირცხვილის კორიდორი“ - გამოაქვეყნა სურათი შემდეგი აღწერით: "არაუშავს, აშშ-ც ცდება ზოგჯერ" - ასე ეხმაურება გიგა ბოკერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოში მიღწეული პროგრესი, მართლმსაჯულების თვალსაზრისით. 13 იანვარს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აღიარებითი ჩვენება უწოდა 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით და „სირცხვილის კორიდორმაც“ გაავრცელა მეორე სურათი შემდეგი აღწერით: ,,სააკაშვილმა ამ ხელისუფლების დასამხობი ყველა გეგმა წყალში ჩაგვიყარა, ვერ ვხვდები გვარამია და მიშა რა სტრატეგიით მოქმედებენ, ისინი იძლევიან პირდაპირი ეთერით ჩვენებებს, შეიძლება ეს ნორმალურ საქციელად ჩაითვალოს?! ადრე თუ გვიან თვითონ მოუწევს პასუხი აგოს თავის საქციელზე, მე თუ მკითხავთ სააკაშვილის ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად აღარაა" - გიგა ბოკერია.

„სირცხვილის კორიდორს“ გიგა ბოკერიას არც ერთ განცხადებაზე წყარო მითითებული არ აქვს, რაც განცხადებების ნამდვილობას დაადასტურებდა. ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გიგა ბოკერიას ეს ფრაზა არც ერთი ტელევიზიის ეთერში არ განუცხადებია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წერილის გავრცელების შემდგომ პერიოდში მსგავსი განცხადება საძიებო სისტემა Google-შიც არ იძებნება.

13 იანვრის შემდეგ, როცა სააკაშვილი „აღიარებითი ჩვენების“ მიცემაში დაადანაშაულეს, გიგა ბოკერიას „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებული ფრაზა ინტერვიუებში არ უთქვამს. განცხადება, რომელსაც „სირცხვილის კორიდორი“ გიგა ბოკერიას მიაწერს, Google-ის საძიებო სისტემაში ასევე არ იძებნება .

ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს და აღნიშნული ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ „სირცხვილის კორიდორმა“ გიგა ბოკერიას შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

,,მერაბიშვილი არის ერისკაცი, ვანოს ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით, რათა დავგეგმოთ მომავალი პოლიტიკური სტრატეგია, ვეცდებით , რომ ვანო მოხვდეს პარლამენტში , რადგან ის ღირსეული კაცია" - გიგა ბოკერია.

ასევე „სირცხვილის კორიდორმა“ გაავრცელა ვანო მერაბიშვილის ცრუ „განცხადებაც“: „მეგობრებო! მალე თქვენთან ერთად ვიქნები, მძიმე პერიოდი გველის, მაგრამ გპირდებით ჩემი მინისტრობით და ბოკერიას გენპროკურორობით ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ეს იქნება საქართველოს ევროპული გზა მარადისობისაკენ“

გიგა ბოკერიას არც ეს ფრაზა იძებნება მის ინტერვიუებში და Google-ში, ხოლო თავად გიგა ბოკერია ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებებს უარყოფს. არც ვანო მერაბიშვილის განცხადება გავრცელებულა ციხიდან და ის მხოლოდ „სირცხვილის კორიდორის“ Facebook-გვერდზე იძებნება.

„სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებულ სურათებზე „Georgian National News – GNN.GE”-ს ლოგოა დატანილი. ვინაიდან „სირცხვილის კორიდორი“ წყაროს არ ასახელებს, აღნიშნული ინფორმაციების გადამოწმება Georgian National News-ის საიტზე - gnn.ge ვცადეთ, თუმცა საიტზე მსგავსი სიახლეები არ მოიპოვება. დეზინფორმაცია ევროპული საქართველოს კიდევ ერთ წევრს - ზურაბ ჭიაბერაშვილს შეეხო, რომელსაც „სირცხვილის კორიდორმა“ შემდეგი განცხადება მიაწერა: „C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით რომ ტრაბახობს სერგეენკო, სულ არ იყო საჭირო ეს პროგრამა, გადაეცით! " -ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის მედიკამენტების ვადის გასვლის შესახებ და, შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა განხილვის საგანს წარმოადგენდა. სწორედ ამ დროს გაავრცელა „სირცხვილის კორიდორმა“ დეზინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არც ამ განცხადებას ახლავს წყარო და ინტერნეტ და მედია სივრცეში არ იძებნება, ხოლო თავად ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ განცხადების ნამდვილობას უარყოფს. აღსანიშნავია, რომ იგი C ჰეპატიტის პროგრამის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ის კრიტიკულად პროგრამის განხორციელების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს აფასებს. მაგალითად: „C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია“, „ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს.“

„სირცხვილის კორიდორის“ კიდევ ერთი სამიზნე აღმოჩნდა გიგი უგულავა: „საპატრიარქო არის სამარცხვინო ორგანო, სამარცხვინო ადამიანებით დაკომპლექტებული '' - გიგი უგულავა.“ მას არ ერთვის წყარო, ხოლო გიგი უგულავას ინტერვიუებში ეს განცხადება არ ფიქსირდება. ხოლო თავად გიგი უგულავა ფაქტ-მეტრთან აღნიშნულ განცხადებებს უარყოფს. გიგი უგულავამ საპატრიარქოსთან დაკავშირებით განცხადება 2019 წლის 15 ივნისს გააჟღერა, თუმცა აღნიშნული „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გამოქვეყნებულ ცრუ ციტატას არ ემთხვევა.

„სირცხვილის კორიდორის“ ფოტო მანიპულაციები

სხვადასხვა პიროვნების სურათის გამოქვეყნებისა და ციტატის გამოგონების გარდა „სირცხვილის კორიდორმა“, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მეტი დამაჯერებლობისთვის, მიხეილ სააკაშვილისა და ელისო კილაძის Facebook-პოსტები ამოჭრა და შემდეგ ფოტოს დამუშავების გზით ორიგინალი ტექსტის ადგილას გაყალბებული ტექსტი ჩასვა.

მეტიც, „სირცხვილის კორიდორის“ სურათში ჩანს ორი კომენტარი, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურად გვხვდება მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტზეც. მეორე კომენტარის ქვეშ „სირცხვილის კორიდორის“ სურათზეც და ორიგინალ პოსტზეც აღნიშნულია, რომ ის რედაქტირებულია (edited).„სირცხვილის კორიდორის“ გამოქვეყნებულ სურათს და აღნიშნულ პოსტში რეაქციების, კომენტარების და გაზიარებების რაოდენობა მცირედით არის გაზრდილი, რაც იმით აიხსნება, რომ პოსტის სურათის შენახვის შემდეგ ორიგინალი პოსტი კვლავ მოიწონეს, გააზიარეს და დატოვეს კომენტარები.

ამავე პოსტზე კომენტარების დამთხვევის გარდა, „სირცხვილის კორიდორის“ მიერ სურათის გაყალბებაზე მიუთითებს მის სურათში შემდგომ პოსტზე მოცემული კომენტარის (Viktor Tsimakouridze: We luv you mikheil) დამთხვევა, რომლის ნახვა შემდეგი პოსტის კომენტარებშია შესაძლებელი.

ფოტო მანიპულაცია ელისო კილაძის პოსტზე

„სირცხვილის კორიდორმა“ ელისო კილაძის Facebook-პროფილიდან დასამუშავებლად შემდეგი პოსტი გამოიყენა:

ზუსტად ემთხვევა პოსტის გამოქვეყნების დრო - 7 იანვარი 12:59. აღნიშნულ პოსტზე რეაქციების რაოდენობა ორიგინალისას მცირედით აღემატება, კომენტარების რაოდენობა კი ორივე პოსტზე იდენტურია. ასევე, დაფარვის მიუხედავად, პოსტის პირველი კომენტარი ბუნდოვნად მაინც ჩანს და მისი შედარება ორიგინალი პოსტის პირველ კომენტართან სრულიად შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია მსგავსების დანახვა კომენტარის ავტორის პროფილის სურათში, კომენტარის ავტორის სახელისა და კომენტარის სიგრძესა და გულის „ემოჯიზე“.


მსგავსი სიახლეები

3003 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი