ანალიზი
Facebook-გვერდმა „სირცხვილის კორიდორმა“ 14 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
„სირცხვილის კორიდორი“ 20 ივნისის აქციების დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლების (ელენე ხოშტარიას, სალომე სამადაშვილისა და გიგა ბოკერიას შესახებ) და „სირცხვილიას“ აქციებისშესახებყალბ ინფორმაციას ავრცელებდა და მათ დისკრედიტაციას ეწეოდა.
2019 წლის 13 ნოემბერს „სირცხვილის კორიდორმა“ გამოაქვეყნა ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი და ფოტომანიპულაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა „მითების დეტექტორი“ მათ [„სირცხვილის კორიდორის] პოსტებს სიმართლეს, ხოლო თავად გვერდს ობიექტურსა და დაბალანსებულს უწოდებდა. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აღნიშნული უარყო „მითების დეტექტორმა“. მისი გავრცელებით „სირცხვილის კორიდორი“ შეეცადა მკითხველის თვალში მისი სანდოობის გაზრდას.
„მითების დეტექტორის“ შესახებ ყალბი ამბის გავრცელების შემდეგ „სირცხვილის კორიდორმა“ გამოაქვეყნა ორი ყალბი ინფორმაცია, რაც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დაწყებული აქციების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობაა:
1. „მზად ვარ, ავიღო მართვის სადავეები ხელში და ვმართო ეს ქვეყანა“ - გიგა მაქარაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმ-თაიმი“ ავრცელებს. – „პრაიმთაიმს“ მსგავსი განცხადება არ გამოუქვეყნებია და ის „სირცხვილის კორიდორმა“ გამოიგონა.
2. შოთა დიღმელაშვილი: მთავრობის კაბინეტის ახალ შემადგენლობას მალე დავასახელებთ! - ისევე, როგორც წინა შემთვევაში, არც ეს განცხადება იძებნება მედიაში და არც შოთა დიღმელაშვილის გამოსვლებში ფიქსირდება.
ამასთანავე, იდენტური ყალბი ამბავი გაავრცელა Facebook-გვერდმა „ნაცია-ადამიანი?“. აღნიშნული გვერდი 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის აქტიურად ავრცელებდა ყალბ და მანიპულაციურ ინფორმაციას. Facebook-გვერდი ასევე ჩართული იყო 20 ივნისის აქციების მიმდინარეობისას ორგანიზატორების დისკრედიტაციაში. აღნიშნულის გაგრძელება იყო მათ მიერ 14 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალა, სადაც გაავრცელეს „პრაიმ-ტაიმის“ ყალბი ინტერნეტ ბმული გამოგონილი ციტატით, რომლის ავტორადაც გიგა მაქარაშვილი წარმოადგინეს.
აღნიშნული ინფორმაციის სიყალბე მარტივად მოწმდება თავად ბმულზე გადასვლისას, სადაც ჩნდება შეტყობინება, რომ მსგავსი გვერდი არ იძებნება.
როგორც გიგა მაქარაშვილის, ასევე შოთა დიღმელაშვილის ციტატები გამოგონილია და არ შეესაბამება სიმართლეს.