რეზიუმე: სალომე ზურაბიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენების ქრონიკა დაამახინჯა. მისი განცხადებით, ე.წ „პარლამენტის შტურმი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ მოხდა და მმართველი გუნდის მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე დათანხმება სწორედ ამან გამოიწვია.
ანალიზი
28 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „მას შემდეგ, რაც [სერგეი] გავრილოვი საქართველოდან გაფრინდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა, მეორე ეტაპი, მეორე ფაზა დაიწყო, როდესაც პარლამენტს საფრთხე დაემუქრა. ეს პარლამენტის აღების ცხადი მცდელობა იყო, როგორც ეს თქვეს კიდეც რადიკალურმა ლიდერებმა, რომლებიც ამ მცდელობებს ხელმძღვანელობდნენ“. მოვლენების მსგავსი მიმდევრობა რეალობას არ შეესაბამება. 20 ივნისს პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატის ჩაჯდომამ მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ამ ფაქტს იმავე საღამოს პარლამენტის წინ აქციის გამართვა, პოლიციას და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება და ხელისუფლების მხრიდან, მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი გზით დაშლა მოჰყვა. სწორედ, აღნიშნულის საპასუხოდ, 21 ივნისს ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე განცხადება გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა პირველი ადამიანი, რომელმაც 20 ივნისის მოვლენათა არასწორად წარმოჩინება სცადა. 2019 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე გადაცემაში „კვირის თემა” იმყოფებოდა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდების კომენტირებისას, ის 20-21 ივნისის მოვლენებს შეეხო და მოვლენათა განსხვავებული ქრონოლოგია წარმოგვიდგინა. მისი თქმით, გავრილოვის ინციდენტზე აღშფოთებული საზოგადოების საპასუხოდ, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური ფასი გადაიხადა, რაც პარლამენტის თავჯდომარის გადადგომაში გამოიხატა. წამყვანის კომენტარზე, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შეთავაზება მოუწია, თალაკვაძემ შემდეგნაირად უპასუხა: „რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი? იმიტომ არ აღმოჩნდა, რომ ამ ადამინების ნაწილმა ყველაფერი გააკეთეს, რაც არ შეიძლებოდა, ყველა წესი დაარღვიეს, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არასოდეს არ უნდა დაირღვეს, ისარგებლეს ახალგაზრდების პროტესტითაც, ძალადობრივი შეტევა გააკეთეს პარლამენტზე, რომელსაც არც ერთი, მსოფლიოში არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა არ შეეგუება და არც საზოგადოება არ შეეგუება თავის პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას“. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ თალაკვაძე საზოგადოების პროტესტს და ე.წ. „ძალადობრივ შეტევას პარლამენტზე“ სხვადასხვა დროს მომხდარ მოვლენებად წარმოაჩენს. მისი კომენტარების მიხედვით, შთაბეჭდილება იქმნება, რომ გავრილოვის ინციდენტზე აღშფოთებული საზოგადოების პროტესტის საპასუხოდ, ჯერ ირაკლი კობახიძემ დატოვა თანამდებობა, შემდეგ კი ოპოზიციამ „პარლამენტის შტურმი“ სცადა.
საყურადღებოა ისიც, რომ პარლამენტის სპიკერი პროპორციულ საარჩევნო სისტემის დაპირებას, არა საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვრად, არამედ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „დესტაბილიზაციის“ პასუხად მიიჩნევს. „ოპოზიციამ რა გააკეთა? გააკეთა ის, რომ ის ფაქტი, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო, კი არ გააპროტესტა უბრალოდ, გამოვიდნენ და ამაზე დაგეგმეს დესტაბილიზაცია და ქვეყანა შეიყვანეს ისეთ პროცესში, სადაც რეალურად ერთადერთი გამოსავალი დარჩა, რომ დაგეგმილი პოლიტიკური პროცესიდან, დაგეგმილი პოლიტიკური რეფორმიდან ჩვენ გადავსულიყავით დაჩქარებულ გეგმაზე, გამოვედით ინიციატივით, რომ 2024 პროპორციული გადმოვწიოთ 2020-ში“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის და პარლამენტის თავჯდომარის განცხადებები, შესაძლოა შეფასდეს როგორც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსავამს იმ ფაქტს, რომ „ქართულ ოცნება“ შექმნილ მძიმე ვითარებას, რაც მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობამ გამოიწვია, არ აღიარებს.