რეზიუმე: დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ყველა დაქირავებით დასაქმებული, სავალდებულო წესით, სქემაში ავტომატურად ჩაერთო. 40 წლამდე დასაქმებულისთვის და მისი დამსაქმებლისთვის საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა. 40 წლის ასაკის ზევით დასაქმებულს საპენსიო სქემის დატოვება, სქემაში ავტომატურად გაწევრიანებიდან ხუთი თვის ვადაში შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპენსიო სქემის მონაწილედ რჩებიან. საპენსიო სქემიდან გასვლაზე მიმართვიანობის შემცირება სქემიდან გასვლის ვადების ამოწურვასთან არის პირდაპირ კავშირში. შესაბამისად, მსჯელობა, რომ მოქალაქეები ენდობიან საპენსიო სისტემას და ამიტომ შემცირდა სქემიდან გასვლაზე მიმართვიანობა, არამართებულია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 960,430 შეადგენს. გასულ წელს საპენსიო სქემა 164,151 მოქალაქემ დატოვა.
ანალიზი
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ „მოსახლეობის მხრიდან ჩვენ არანაირ სკეპტიციზმს არ ვხედავთ, პირიქით, ეს რეფორმა შედგა... მიმართვიანობა სქემიდან გასვლაზე პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი, ანუ ადამიანებს სჯერათ... როგორც მე ვამბობ, რომ პრივატიზების დროს ინვესტორებს და კომპანიებს სჯერათ და ყიდულობენ ჩვენს ობიექტებს, იგივე არის ეს - ადამიანი ინვესტიციას დებს თავის მომავალში და ეს რწმენა თანდათან გამყარდა“.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო სისტემა 6%-იან კონტრიბუციას გულისხმობს, რომელსაც საინვესტიციო ამონაგები ემატება. კერძოდ, დასაქმებული ყოველთვიურად ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დასაბეგრი ხელფასის 2%-ს რიცხავს, დამსაქმებელი, ასევე - 2%-ს, 2% კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. თვითდასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე შემოსავლის 4% შეაქვს, სახელმწიფოს თანამონაწილეობა კი ამ შემთხვევაშიც 2%-ია. თუ დასაქმებულის ხელფასი ან თვითდასაქმებულის შემოსავალი წლიურად 24 000 ლარს აღემატება, სახელმწიფოს თანამონაწილეობა 1%-მდე მცირდება. სახელმწიფოს თანამონაწილეობა 0%-ია იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სქემის მონაწილის შემოსავალი წლიურად 60 000 ლარს აღემატება.
საპენსიო სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებულისთვის და მისი დამსაქმებლისთვის არის სავალდებულო. 40 წელს ზევით დასაქმებულისთვის და თვითდასაქმებულისთვის კი საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ყველა დაქირავებით დასაქმებული, მათ შორის, 40 წელს ზევით დასაქმებული, სავალდებულო წესით ავტომატურად ერთვება სქემაში. 40 წლის ასაკის ზევით დასაქმებულს საპენსიო სქემის დატოვება შეუძლია, სქემაში ავტომატურად გაწევრიანებიდან ხუთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპენსიო სქემის მონაწილედ რჩებიან.
საპენსიო რეფორმას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან ნდობა და მხარდაჭერა თავიდანვე არ ჰქონდა. საპენსიო შენატანის სავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ ის დამატებითი ფინანსური ტვირთია, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის” სტატია).
საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 960,430 შეადგენს. გასულ წელს საპენსიო სქემა 164,151 მოქალაქემ დატოვა. 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი საპენსიო სქემაში გაწევრიანებული 911 897 მონაწილე იყო. იმ ადამიანთა რაოდენობა კი, ვინც საპენსიო სქემა დატოვა, 162 103 ადამიანს შეადგენდა. საპენსიო სქემას მოქალაქეები კვლავ ტოვებენ, თუმცა სქემიდან გასვლაზე მიმართვიანობა შემცირდა. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ 40 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების დროს იყვნენ დასაქმებულები და ავტომატურად გაწევრიანდნენ სქემაში, საპენსიო სქემიდან გასვლის 5-თვიანი ვადა ამოიწურა. ამ ეტაპზე სქემიდან გასვლაზე საპენსიო სააგენტოს მხოლოდ 40 წელს ზევით ასაკის დასაქმებულებს შეუძლია მიმართონ, რომლთა დაგროვებითი საპენსიო სქემაში გაწევრიანებიდან 5 თვე არ გასულა.