იტვირთება

რეზიუმე:

ეუთო/ODIHR-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიში 9 სექტემბერს გამოაქვეყნა. ანგარიშში მოსამართლეთა გასაუბრების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან არათანაბარი მოპყრობის შესახებ არის აღნიშნული, რაც კანდიდატებისთვის კითხვების დასმის მანერაში, რაოდენობასა და შინაარსში, გასაუბრებების ხანგრძლივობასა და ზოგიერთი კანდიდატის დახმარებაში გამოიხატებოდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოაქვეყნა განცხადება და მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ისეთი კანდიდატებიც მოხვდნენ, რომლებმაც საკმარისი იურიდიული ცოდნა და მიუკერძოებლობისადმი ერთგულება ვერ წარმოაჩინეს. იგივე საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერიც, რომლის განცხადების მიხედვითაც, კანდიდატთა შერჩევის პროცესს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ქვეყნის შიგნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოეხმაურა და გამოვლენილ ხარვეზებზე მიუთითა. გარდა ამისა, პროცესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სპეციალურ ანგარიშში აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევისას მრავალი პრობლემა გამოვლინდა.

ანალიზი

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანიშნი 19 კანდიდატიდან 14-ს დაუჭირა მხარი. უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეების შერჩევისა და დანიშნვის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა: ,,მე მესმის, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეულ სახის კრიტიკული მოსაზრებები პროცესთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი პირველად წარიმართა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ შეფასებები არის დადებითი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები/რეკომენდაციები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიამ ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში გამოაქვეყნეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი საკანონმდებლო ცვლილებებს მიესალმა, შენიშვნების ძირითადი ნაწილი კრიტიკული იყო და ისეთ საკითხებს შეეხო, როგორიცაა კანდიდატების შერჩევისას კენჭისყრის ფარულობა, ინტერესთა კონფლიქტი, გასაჩივრების უფლება და ა.შ. მეტიც, ეუთო/ODIHR-მა ცვლილებების პროექტის შემუშავებისა და მიღების პროცესს დემოკრატიული კანონშემოქმედების პრინციპებთან შეუსაბამო უწოდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის" სტატია).

29 ივნისიდან ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფმა საქართველოში სადამკვირვებლო საქმიანობა დაიწყო - კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრებების მონიტორინგი. მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც 9 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპი არის აღწერილი და შეფასებული.

მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ODIHR-ის რეკომენდაციების მიუხედავად, სტანდარტი კითხვების რაოდენობასთან და შინაარსთან, კითხვების დასმის წესთან და დროსთან, აგრეთვე გასაუბრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არ დაწესდა. არ არსებობდა ქცევის წესები, რომლებიც პროცესის სამართლიანად და მოწესრიგებულად ჩატარებას უზრუნველყოფდა. ასევე, ანგარიშში მითითებულია, რომ თითოეული გასაუბრება, ფაქტობრივად, იმპროვიზაციის შედეგი იყო. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ზოგიერთი წესის განხილვა და შეცვლა ხდებოდა ზეპირად, რაც პროცესის თანმიმდევრულობას არ უზრუნველყოფდა. ასევე, კანდიდატებს წინასწარ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესი უშუალოდ მათ შემთხვევაში.

,,გასაუბრებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვების დასმის პროცედურის და გასაუბრებების ხანგრძლივობის მხრივ (გასაუბრების ხანგრძლივობა სხვადასხვა კანდიდატის შემთხვევაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და გრძელდებოდა 1,5 საათიდან 6 საათამდე), რაც თანაბარი მოპყრობის პრინციპს ეწინააღმდეგება. მართალია, მთლიანობაში, დასმული შეკითხვები კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების შეფასებისთვის საჭირო საკითხებს მოიცავდა, თუმცა ODIHR-ის დამკვირვებლებმა კანდიდატებისთვის კითხვების დასმისა და მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავება დააფიქსირეს. ზოგჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხვადასხვა მეთოდით მიანიშნებდნენ თავიანთი მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერას ან პირიქით - წინააღმდეგობას’’, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში დამატებით წერია, რომ ,,ზოგიერთ კანდიდატს მისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნიდნენ, რაც პროცესის სამართლიანობას აზიანებდა. ზოგიერთ კანდიდატთან გასაუბრება უფრო შინაურულ პირობებში მიმდინარეობდა და უსვამდნენ ზოგად და შედარებით იოლ სამართლებრივ კითხვებს - კანდიდატის სპეციალიზაციის სფეროდან ან კანდიდატის მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით, რის გამოც მათი პასუხებიც წარმატებული იყო. საბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ ზოგიერთი კანდიდატის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში სხვადასხვა ფორმით დახმარება დაფიქსირდა “. ეუთო/ODIHR ყურადღებას ამახვილებს შიდა პროცესებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები არამოსამართლე წევრებს კითხვების დასმას ხშირად აწყვეტინებდნენ, მწვავედ აკრიტიკებდნენ და მათ კითხვებს დასცინოდნენ, აგრეთვე აიძულებდნენ, არ დაესვათ ისეთი კითხვები, რომლებიც დაპირისპირებას გამოიწვევდა.

12 დეკემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებას ეხება. მასში აღნიშნულია, რომ საელჩო საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას იზიარებს, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. საელჩომ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ისეთი კანდიდატებიც მოხვდნენ, რომლებმაც საკმარისი იურიდიული ცოდნა, ასევე მიუკერძოებლობისადმი ერთგულება ვერ წარმოაჩინეს.

13 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა. ,,შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული“, - წერია განცხადებაში.

შეფასებები საქართველში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს ქვეყნის შიგნით კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოეხმაურა.

განცხადებაში გასაუბრების პროცესის ღიაობა დადებით შეფასდა, თუმცა აღინიშნა, რომ ადგილი ჰქონდა მინიშნებებსა და კარნახს, განსაკუთრებით - საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან. განცხადებაში, ასევე წერია, რომ თვალსაჩინო იყო საბჭოს მოსამართლე წევრების აგრესიული ტონი და ირონიული დამოკიდებულება იმ კანდიდატის მიმართ, რომლებმაც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს.

2019 წლის 10 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე (რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი პირის თაობაზე განსხვავებული აზრი წერილობით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს), განსხვავებული აზრი უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა.

აღნიშნულ დოკუმენტში საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის შერჩევის პროცესში არსებულ დარღვევებზეა საუბარი. მოსაზრებაში მოცემულია 10 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა მხარი საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთი კანდიდატისთვის. ტექსტში მითითებულია პირველი კენჭისყრისას კანდიდატების დარღვევით გამოვლენაზე, ინტერესთა კონფლიქტზე, საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევების შესახებ და ა.შ. რაც, ასევე, მნიშვნელოვანია, საუბარია დარღვევებზე, რომელიც თავად გიორგი მიქაუტაძეს ეხება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, კანდიდატად დარღვევებით დარეგისტრირდა, რამდენადაც განაცხადის ფორმაში ნაცვლად სავალდებული 3 რეკომენდატორისა, ინფორმაცია 2-ის შესახებ მიუთითა. გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის დაქვემდებარებაში იყო საბჭოს ის დეპარტამენტი, რომელიც კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, კანონით დადგენილი წესით, ინფორმაციას კანდიდატების, მათ შორის, თავად გიორგი მიქაუტაძის შესახებ აგროვებდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ინტერესთა კონფლიქტია.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს კი საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის [1] არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაკვირვების შედეგად სპეციალური ანგარიშიც მოამზადა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე. ,,იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად” - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში 20 ივნისის ფარულ კენჭისყასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ,,ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. კერძოდ:

  • გამოვლინდა 4 ბიულეტენი, სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი იყო შემოხაზული;
  • გამოვლინდა სხვა 3 ბიულეტენი, სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან შემოხაზული იყო სხვა ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი (და არა ისინი, ვინც პირველ პუნქტში ნახსენებ 4 ბიულეტენში იყო შემოხაზული);
  • გამოვლინდა სხვა 2 ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო მეორე პუნქტში მითითებულ 3 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და კიდევ სხვა 5 კანდიდატი;
  • გამოვლინდა სხვა 1 ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო პირველ პუნქტში მითითებულ 4 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და მესამე პუნქტში მითითებულ 2 ბიულეტენში შემოხაზული 5 კანდიდატი.

------------------------------------------------------------------------------

[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 341 მუხლის მე-7, მე-12 და მე-13 პუნქტები.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2938 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი