იტვირთება

რეზიუმე: საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის პრობლემატიკაზე არაერთ საერთაშორისო კვლევასა და ანგარიშშია ყურადღება გამახვილებული. საერთაშორისო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“; “Heritage Foundation“ და “Freedom house”, მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში პირდაპირ უთითებენ სასამართლოში არსებულ კორუფციასა და პოლიტიკურ გავლენებზე.

ანალიზი

2019 წლის 8 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ზამბახიძემ (ის 2007 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეა. აღსანიშნავია, რომ ზამბახიძე 2019 წლის 11 ოქტომბერს, პარლამენტში გამართული მოსმენიდან სამ დღეში ამავე თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა), იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „შემიძლია, ვთქვა, საქართვლოში ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო დღეს კორუმპირებულია. მემგონი არცერთ საერთაშორისო შეფასებაში და აქტშიც ამაზე აქცენტირება, რომ კორუფციული დანაშაულის კუთხით სასამართლოები გაკრიტიკებული იყვნენ, ნამდვილად ასე არ მახსენდება. იმიტომ, რომ კეთილსინდისერი და პასუხისმგებლობით აღსავსე კოლეგები ახორციელებენ [უფლებამოსილებას]".

1. კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ყოველწლიურად აქვეყნებს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევას, რომელიც მსოფლიოს 180-მდე სახელმწიფოს მოიცავს. 2018 წლის კვლევაში, საქართველომ 58 ქულა მიიღო. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიის სფეროში უკუსვლა ემუქრება. აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებად მითითებულია, დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა, სამართალდამცავი ორგანოებში ძალაუფლების მომეტებული კონცენტრაცია და სასამართლოში პოლიტიკური გავლენებისა და კორუფციის არსებობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

2. Heritage Foundation

ამერიკული, გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია “Heritage Foundation-ის“ 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით, წინა წლებთან შედარებით საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია. ანგარიშის თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ საქართველომ მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიიდან მეტწილად არათავისუფალ

ქვეყანათა რიგში გადაინაცვლა, ამასთან 2017 წელთან შედარებით 2019 წლის მაჩვენებელი 11.8 %-ით შემცირებულია. ზემოხსენებულ კვლევაში უშუალოდ სასამართლოს შიგნით კორუფციის არსებობაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეწოლა და მაღალი დონის კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

3. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი (WJP)

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ 2006 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ და ოცდაერთმა სხვა წამყვანმა ორგანიზაციამ დააფუძნეს. აღნიშნული ქვეყნებს 8 ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს შკალაზე 0-დან 1-მდე, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია კორუფციის, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვისა და სასამართლოს თავისუფლების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი რეგრესი შეიმჩნევა სასამართლოს სანდოობის და ეფექტიანობის ინდიკატორიშიც. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს პოზიცია 7 საფეხურით გაუარსედა.

4. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი“

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი“ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას, რომელიც მსოფლიოს 224 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია კორუფციასთან ბრძოლის ინდიკატორში, თუმცა აღნიშნული ცალკე არ გამოყოფს სასამართლოს შიგნით კორუფციის არსებობას. 2018 წელს საქართველომ აღნიშნული კრიტერიუმით 77.4 % დაიმსახურა, რაც 2019 წლის შეფასებასთან (76.44) შედარებით 0. 96%-ით ნაკლებია.

5. Freedom House

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, “Freedom house", 2019 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2019“, საქართველოს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად ასახელებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ანგარიშის თანახმად, „ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტიანი გამოყენება შეფერხებულია სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობით, ასევე წარმატებული საქმეების ნაკლებობაა იმ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაშია“.

ზემოთ განხილული ანგარიშები, ნათლად მიუთითებს, რომ ქართული სასამართლოსთვის კორუფცია და დამოუკიდებლობა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი