იტვირთება

რეზიუმე: 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „გვაქვს პრეტენზია და პირადად მაქვს პრეტენზია რომ ვერცერთ მიმართულებას ვერ დაასახელებენ რომ გავაუარესეთ“. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მინიმუმ სამი მაჩვენებელი: მშპ-ს ზრდის ტემპი, ლარის კურსი და საგარეო ვალის მაჩვენებელი, მკვეთრად გაუარესდა. შესაბამისად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი

მთლიანი შიდა პროდუქტი ფუნდამენტური მაკროეკონომიკული მაჩვენებელია და წარმოადგენს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების მოცულობას. რეალური [1] მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

2004-2012 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა, ხოლო 2013-2018 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3.9%-ით იზრდებოდა. აშკარაა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რაც ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორები აქვს, რომელთაგან ნაწილი ცალკეული ქვეყნის ხელისუფლების გავლენის სფეროს არ განეკუთვნება, თუმცა ნაწილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

გრაფიკი 1: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ლარის კურსი და საგარეო ვალი

2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 80%-ით არის გაუფასურებული და დაახლოებით 2.98 ნიშნულზეა. 2012 წლის ბოლოს ლარი დაახლოებით 1.65 ნიშნულზე იყო. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებით 2014 წლის მიწურულს დაიწყო, რაზეც საგარეო ფაქტორებთან ერთად, ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხელისუფლებასაც ეკისრება. (გაეცანით ლარის გაუფასურების ქრესტომათიას). ლარის მკვეთრ გაუფასურებას რიგი უარყოფითი შედეგები მოსდევს მაკროეკონომიკური კონიუნქტურის ცვლილების თვალსაზრისით, მაგალითად: იწვევს ინფლაციურ პროცესებს და ზრდის საგარეო ვალის გადასახდელ მაჩვენებლებს. შესაბამისად, საგარეო ვალის მაჩვენებლების ზრდა დიდწილად ვალუტის კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული.

2004-2012 წლებში, საშუალო სამთავრობო ვალი იყო მშპ-ს 33.1 %, ხოლო სახელმწიფო ვალი 37.1%. 2013-2019 წლებში, საშუალო სახელმწიფო ვალი შეადგენს მშპ-ს 41.4%, ხოლო სამთავრობო ვალი 40.8%-ს. 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სამთავრობო ვალი შეადგენს მშპ-ს 43%-ს, როდესაც 2013 წელს აღნიშული მაჩვენებელი დაახლოებით 34% იყო.

მთლიანი სახელმწიფო ვალი, წარმოადგენს მთლიანი საგარეო ვალის (ეროვნული ბანკის ვალის ჩათვლით) და საშინაო სახელმწიფო ვალის ჯამს. მთლიანი სამთავრობო ვალი, სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით არ მოიცავს ეროვნული ბანკის ვალდებულებებს.

გრაფიკი 2: სახელმწიფო და სამთავრობო ვალი 2004-2019 წლებში

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

შენიშვნა: 15 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები განაახლა (იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია). სტატიაში შედარების მიზნით გამოყენებულია ეას 1993 მეთოდოლოგიით დათვლილი მაჩვენებლები.

-----------------------------------------------------------

[1] რეალურ მაჩვენებლებში გამორიცხულია ფასების ზრდის ზემოქმედება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2941 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი