იტვირთება

რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს 2013 წელთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო თვიური რეალური შემოსავლები ჯამში 6.7%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები 2017 და 2018 წლებში შემცირდა.

2018 წელს 2013 წელთან შედარებით რეალური მშპ ერთ სულზე 21%-ით არის გაზრდილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა.

2018 წელს 2013 წელთან შედარებით, აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი 26.2%-დან 20.1%-მდე შემცირდა. სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 წელს კი სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ისევ შემცირდა.

2018 წელს 2013 წელთან შედარებით, ცხოვრების დონე და მოსახლეობის შემოსავლები გაზრდილია, თუმცა არა მნიშვნელოვნად. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 2 წელში მოსახლეობის რეალური შემოსავლები შემცირებულია.

ანალიზი

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ცხოვრების დონეც და მოსახლეობის რეალური შემოსავლებიც, 2013 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო თვიური ნომინალური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) 2013-2018 წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. მოსახლეობის რეალური შემოსავლები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2013-2016 წლებში გაიზარდა, 2017 და 2018 წლებში კი შემცირდა. 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რეალური შემოსავლები 2013 წელთან შედარებით ჯამში 6.7%-ით არის გაზრდილი (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები, 2013-2018 წლებში

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, (მიებას ექსელი) 2013-2018 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იზრდებოდა. 2018 წელს 2013 წელთან შედარებით მშპ ერთ სულზე 21%-ით არის გაზრდილი. (იხილეთ გრაფიკი 2)

აქვე აღსანიშნავია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. 2004-2012 წლებში ქვეყნის რეალური მშპ წელიწადში, საშუალოდ, 6.2%-ით იზრდებოდა. 2013-2018 წლებში რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი, საშუალოდ, 3.9%-ს შეადგენდა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

გრაფიკი 2: 2013-2018 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე (ათასი)

წყარო: საქსტატი

ცხოვრების დონეზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ქვეყნისთვის უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება სიღარიბე. 2011-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია იყო, 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 წელს კი სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ისევ შემცირდა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

2018 წლის მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის [i] ზღვარს მიღმა საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობს, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 26.2%-ს შეადგენდა. 2018 წელს ფარდობითი სიღარიბის[ii] მაჩვენებელი 20.5% იყო, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.

---------------------------------------------------------------------------------------------

[i] აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. აბსოლუტური სიღარიბის ზღვრად, ოფიციალური საარსებო მინიმუმია აღებული.

[ii] ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას ქვეყანაში საშუალო მოხმარების დონესთან. ღარიბად მიიჩნევა ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური [საშუალო] მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2867 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი