რეზიუმე: იმ დროს, როდესაც მამუკა ბახტაძე საუბრობდა, 2019 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი, არა 4.5%-ს, არამედ 7.5%-ს შეადგენდა. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ეკონომიკაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მაჩვენებელი ბევრად უფრო დიდი ყოფილა, ვიდრე საქართველოს შემთხევაში. შესაბამისად, საქართველოს მონაცემების „უპრეცედენტო წარმატებად“ შეფასება ტყუილია. ასევე, საქართველოსთან შესადარისობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, სომხეთის, ესტონეთის და ირლანდიის შემთხვევები, რომლებსაც დეფიციტის უფრო დიდი პროცენტული პუნქტით შემცირება ახსოვთ, ვიდრე ეს საქართველოში არის პროგნოზირებული.

თავის მხრივ, საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება უმეტესწილად სავაჭრო სალდოს უკავშირდება. კონკრეტულად, მომსახურებით ვაჭრობას, სადაც ექსპორტი მაღალი ტემპით იზრდება, რაც ტურიზმის ზრდის ტემპით არის განპირობებული. აქვე აღსანიშნავია, რომ საქონლის ნაწილში ექსპორტ-იმპორტის ტემპი არსებითად არ შეცვლილა. გარდა გასული და მიმდინარე წლისა, 2013 წელს 2018-2019 წლის მაჩვენებელზე ბევრად დაბალი დეფიციტის იყო. ამ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 5.92% შეადგინა, რაც ადგილობრივი მოხმარების შემცირებით და შესაბამისად, იმპორტის კლებით იყო გამოწვეული. ეს უკანასკნელი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ მიუთითებს. ამდენად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ყველა შემთხვევაში არ შეიძლება დადებითად იქნას მიჩნეული.

ანალიზი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მისი გადადგომის დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა. ბახტაძე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსაც შეეხო. მისი თქმით, „წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-იდან შემცირდა 4.5%-მდე [2019 წლის პროგნოზი], რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებაა“.

მიმდინარე ანგარიში საგადასახდელო ბალანსის ნაწილია. ეს უკანასკნელი კი სტატისტიკური ანგარიშია, რაც კონკრეტულ ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, განხორციელებულ ოპერაციებს ასახავს. უშუალოდ მიმდინარე ანგარიში საქონელსა და მომსახურებას, პირველად და მეორად შემოსავლებს მოიცავს. ე. ი. აღნიშნული ანგარიშის დეფიციტი ქვეყნის სავაჭრო სალდოს და შემოსავლებს შორის სხვაობას ასახავს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძირითადი ნაწილი სწორედ სავაჭრო ბალანსია, რაც გვიჩვენებს - ქვეყანაში არსებულ მოხმარებაზე მეტი იწარმოება თუ ნაკლები. საქართველოს შემთხვევაში უფრო ნაკლები საქონელი და მომსახურება იწარმოება, ვიდრე მოხმარებაა. ამდენად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის და მომსახურების იმპორტი აჭარბებს ექსპორტს. ასეთ შემთხვევაში კი მიმდინარე ანაგრიში დეფიციტურია, რომლის ცვლილებაზე გავლენას ძირითადად ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ახდენს. თავის მხრივ, დეფიციტის შევსების წყარო კაპიტალური ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციები და საგარეო ვალია. აღნიშნული კი კაპიტალსა და ფინანსური ანგარიშში აისახება. აღსანიშნავია, რომ დეფიციტის შემცირების რამდენიმე „ბუნებრივი“ და „ხელოვნური“ მიზეზები არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძირითადი ნაწილი ექსპორტ-იმპორტის სალდოა, შესაბამისად, დეფიციტის შემცირების „ხელოვნურ“ მიზეზებში უმეტესწილად სავაჭრო პოლიტიკის გამკაცრება მოიაზრება. რაც შეეხება „ბუნებრივ“ მიზეზებს, აქ ძირითადად შემდეგი მოვლენები იგულისხმება: საექსპორტო სექტორებში ზრდის მაღალი ტემპი (დადებითი), ადგილობრივი მოხმარების შემცირების შედეგად იმპორტის შემცირება (უარყოფითი), ძირითადი სავაჭრო ვალუტებთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსის ცვლილება.

დროით ჭრილში და შედარებითი ანალიზისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი/პროფიციტი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) შეფარდებით მიღებული ფარდობითი მაჩვენებლით იზომება. თავის მხრივ, უარყოფითი მაჩვენებელი ანაგრიშში დეფიციტს ასახავს, ხოლო დადებითი კი - პროფიციტს. 2000-2018 წლებში საქართველოს მიმდინარე ანგარიში დეფიციტური იყო, რაც საშუალოდ მშპ-ს -10.90%-ს შეადგენდა. აღნიშული პერიოდის პირველ 5 წელიწადში, 2000-2005 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შედარებით დაბალ ნიშნულს იკავებდა. უკვე 2005 წლიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი იზრდება, რამაც 2008 წელს -21.96%-ს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში დეფიციტის ზრდა ადგილობრივი მოხმარების მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება, რამაც სავაჭრო ბალანსზე გავლენა იქონია. კონკრეტულად, იმპორტი უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ექსპორტი (ეს პერიოდი შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა). თუმცა 2009 წლიდან დეფიციტი მცირდებოდა, რაც 2009-2012 წლებში საშუალოდ -11.39%-იანი ნიშნულით იყო წარმოდგენილი.

გრაფიკი 1: საქართველოს მიმდინარე ანგარიში (მლნ აშშ დოლარი; %)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2013 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს - 5.92% შეადგინა, რაც 2000 წელს არსებული მაჩვენებლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელი იყო. ამ წლის დეფიციტის შემცირების მიზეზი ექსპორტ-იმპორტის წინა პერიოდთან შედარებით ცვლილებას უკავშირდებოდა. კონკრეტულად, 2013 წელს წინა წელთან შედარებით საქონელი და მომსახურების იმპორტი 1.34%-ით (122. 6 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 19.11%-ით (1 150.6 მლნ აშშ დოლარი). ცალკე საქონლით ექსპორტ-იმპორტში კი შემდეგი მდგომარეობა იყო: 2013 წელს წინა წელთან შედარებით საქონლის იმპორტი 0.15%-ით (11.8 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა, ხოლო ექსპორტი კი - 21.15%-ით (731.7 მლნ აშშ ლარი). აღნიშული არ მიუთითებს ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვინაიდან იმპორტის შემცირება არა ადგილობრივი წარმოებით მის დაკმაყოფილებას, არამედ ადგილობრივი მოხმარების შემცირებას უკავშირდებოდა. 2013 წელს კერძო მოხმარება რეალური მაჩვენებლით 0.08%-ით შემცირდა, მაშინ, როცა მთლიანად მშპ 3.4%-ით გაიზარდა, რაც საგარეო მოთხოვნის ზრდის შედეგია. ამ უკანასკნელმა კი ექსპორტის უფრო სწრაფი ტემპით ზრდაზე გავლენა იქონია. თავის მხრივ, ექსპორტის ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა მომსახურების ექსპორტთან იყო დაკავშირებული, სადაც არსებითი გავლენა ტურიზმის მაჩვენებლებმა იქონია. ზემოთ ხსენებულის შემდეგ, 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 13.15% შეადგინა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ წელს გულისხმობს მიმდინარე წლის პროგნოზის შედარებისას. თავის მხრივ, წინა წელთან შედარებით დეფიციტის მაჩვენებელი 0.52% პუნქტით გაუარესდა, რომლის მიზეზი არა სავაჭრო დეფიციტი, არამედ პირველადი შემოსავლების შემცირება იყო.

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო სალდო, მხოლოდ საქონელი (მლნ აშშ დოლარი; %)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მიმდინარე წლისთვის ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი მშპ-ს 7.5%-ია და არა 4.5%, როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა (განცხადების პერიოდში არსებული პროგნოზი). რაც შეეხება 2020 წელს, ამ წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 7.3%-ით არის პროგნოზირებული.

გრაფიკი 3: საქართველოს ვაჭრობის სალდო, მხოლოდ მომსახურება (მლნ აშშ დოლარი; %)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მსოფლიოში არაერთი ეკონომიკაა, რომელმაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2-3-წლიან პერიოდში ბევრად უფრო მეტი პროცენტული პუნქტით შეამცირა, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში არსებული შემცირებაა. ამდენად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც დეფიციტის შემცირებას „მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო წარმატება“ უწოდა, არის ტყუილი. მით უმეტეს, როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება არ იძლევა ინფორმაციას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ადგილობრივი მოხმარების და შესაბამისად, იმპორტის შემცირება იყოს, რაც, პირიქით, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

1998-2018 წლებში სომხეთის მიმდინარე ანგარიში დეფიციტური იყო, რაც საშუალოდ მშპ-ს 8.95%-ს შეადგენდა. ამ ქვეყნაში დეფიციტის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს 1998-2001 წლებში იკავებდა, როცა საშუალო მაჩვენებელი -16.28%-ს შეადგენდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დეფიციტის მაჩვენებელი თითქმის 6%-მდე შემცირდა, ხოლო 2004-2006 წლებში კი - საშუალოდ - 2.38%-იან ნიშნულს შეადგენდა. თუმცა მსოფლიოს ფინანსური კრიზისის დროს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა და 2009 წელს -16.48%-ს მიაღწია. 2010 წლიდან სომხეთს კლების ტენდენცია ახასიათებს, რაც 2016 წლისთვის -2.26% -მდეც კი შემცირდა. ამდენად, სომხეთის ეკონომიკას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში.

გრაფიკი 4: საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი (%)

წყარო: მსოფლიოს ბანკი; მსოფლიოს სავალუტო ორგანიზაცია

1998-2008 წლებში ესტონეთის მიმდინარე ანგარიში დეფიციტური იყო, რაც ამავე პერიოდში, საშუალოდ -9.77%-ს იკავებდა. 2009 წლიდან კი ამ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში პროფიციტულია და საშუალოდ მშპ-ს 1.39%-ს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი დეფიციტი ამ ეკონომიკას 2002-2008 წლებში ჰქონდა, როცა ეს მაჩვენებელი საშუალოდ -11.91% იყო, რაც 2009 წლიდან პროფიციტული გახდა და მშპ-ს 2.67% შეადგინა. ამდენად, ესტონეთის ეკონომიკაშიც ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უფრო მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა, ვიდრე საქართველოში.

1998-2012 წლებში ირლანდიის მიმდინარე ანაგრიში დეფიციტური იყო, რაც საშუალოდ -9.62% -ს შეადგენდა. 2013 წლიდან მიმდინარე ანგარიში პროფიციტული გახდა. დეფიციტურ წლებში ყველაზე დიდი დეფიციტი 2008 წელს -24.23% იყო, რაც შემდეგ წელს 14.68% პუნქტით შემცირდა. ასევე, დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი იყო 2006 წელსაც, -23.08%, 2007 წელს კი 9.35% პუნქტით შემცირდა. 2012 წელს ირლანდიის მიმდინარე ანაგრიში მშპ-ს -3.75%-ს შეადგენდა, რაც 2013 წელს 9.52% პუნქტით შემცირდა და პროფიციტური გახდა. ამდენად, ირლანდიის ეკონომიკაშიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების უფრო მაღალი პროცენტული პუნქტით ცვლილება ყოფილა, ვიდრე საქართველოში.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი