იტვირთება

ფაქტ-მეტრი აგრძელებს აჭარის ა/რ სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულთა სამივლინებო ხარჯების კვლევას. უკვე გაგაცანით ინფორმაცია აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატში დასაქმებულთა მივლინებების შესახებ. ახლა წარმოგიდგენთრეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მივლინებების შესახებ.

დაკვირვების პერიოდად 2018 წელი და 2019 წლის 1 აგვისტომდე დროის მონაკვეთი შევარჩიეთ. ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებისთვის დახარჯული თანხის მთლიანი მოცულობა 131 327 ლარს შეადგენს.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯები, 2018 წელი და 2019 წლის იანვარ-ივლისი

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ უწყებამ 2019 წლის შვიდ თვეში ქვეყნის გარეთ მივლინებებისთვის ბიუჯეტიდან თითქმის ორჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე შარშან. 2019 წლის (შვიდი თვის) მივლინებების ხარჯების ჯამური რაოდენობა, 2018 წლის (სრული წლის) მაჩვენებელთან მიმართებით, 71,35%-ითაა გაზრდილი.

გასულ წელს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (ინფორმაციისთვის, მინისტრი 2018 წლის ივლისში შეიცვალა. მივლინებაში იყვნენ, როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი მინისტრები) უცხოეთში ვიზიტებისთვის 13 542 ლარია გადახდილი. აქედან ყველაზე ძვირი ახალი მინისტრის შვეიცარიაში მივლინება დაჯდა - 6 275 ლარი. ჯაბა ფუტკარაძე შვეიცარიაში, სპორტული ტურიზმის შესახებ დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, თავის პირველ მოადგილე თორნიკე კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა. ორივე პირის მივლინების ღირებულება ჯამში 12 152 ლარს შეადგენს. სხვათა შორის, შარშან მხოლოდ თორნიკე კუჭავას ქვეყნის გარეთ მივლინებები ბიუჯეტს 10 728 ლარი დაუჯდა, ხოლო კიევში ნაციონალურ ექსპორტიორთა ფორუმში მონაწილეობისთვის ოთხკაციანი დელეგაციის გაგზავნას 11 471 ლარი მოხმარდა.

2019 წლის იანვარ-ივლისში მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე უკვე დაესწრო: უნგრეთში ოფიციალურ შეხვედრას, დუბაიში - საინვესტიციო შეხვედრას, ჩეხეთში - კონფერენციასა და ოფიციალურ შეხვედრებს და ვროცლავში - ახალგაზრდული რეგიონული წარმომადგენლების შეხვედრას. ამ მივლინებების საერთო ღირებულებამ 13 680 ლარი შეადგინა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უნგრეთში მინისტრს ორი ადამიანი ახლდა. ჯამში სამი პერსონის ვიზიტი 9 546 ლარი დაჯდა, ხოლო დუბაიში მინისტრისა და მისი თანმხლები პირის მივლინებაში გადახდილია 7 406 ლარი.

სამკაციანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი სამინისტრო კიევში, სადაც საერთაშორისო გამოფენა „AGRO 2019” გაიმართა. ამ მივლინებისთვის დახარჯული თანხის ჯამური რაოდენობა 9 815 ლარს შეადგენს. ღონისძიების შესახებ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ ეს არის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, მეცხოველეობის, ბიოენერგეტიკისა და ორგანული მეურნეობის გამოფენა. გარდა ამისა, „AGRO 2019” არის დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ბაზრობა (იარმარკა), რომელსაც ესწრებიან მაღალი რანგის დიპლომატები და პოლიტიკური ლიდერები, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სპეციალისტები უკრაინის ყველა რეგიონიდან. ამ ღონისძიებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭეიშვილი და ორი განყოფილების უფროსი - ლაშა ფირცხალავა და არჩილ ბერიძე ესწრებოდნენ. რაც შეეხება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, 2019 წელს ქვეყნის გარეთ მივლინებების შესახებ, იქ ეს ღონისძიება არ გვხვდება.

ინტერესს იწვევს სამინისტროს სამკაციანი დელეგაციის ესტონეთ-ლატვია-იტალიაში მივლინება, რომლის მიზანსაც ქალაქის ძველი უბნების ახალ გამოწვევებთან ინტეგრაციის საკითხებში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ამ მივლინების ფარგლებში სამინისტროდან სამი ადამიანი: მინისტრის მოადგილე თინათინ ზოიძე, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე და მთავარი სპეციალისტი კამილა კახიძე 2019 წლის მარტში დაახლოებით ათი დღე იმყოფებოდნენ ესტონეთში, ლატვიასა და იტალიაში. ქალაქის ძველი უბნების ახალ გამოწვევებთან ინტეგრაციის საკითხებში გამოცდილების გაზიარების მიზნით უცხოეთში სამკაციანი დელეგაციის მივლინება ბიუჯეტს 19 549 ლარი დაუჯდა.

ინფორმაციისთვის, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრია. ამ საბჭოზე განიხილება ძეგლის დაცვის ზონაში დაგეგმილი მშენებლობის პროექტები და მიიღება გადაწყვეტილება მათი განხორციელების შესახებ.

„ბათომი“ (ქალაქის კულტურული და ისტორიული სახის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი ორგანიზაცია) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საყვედურობს ქალაქისა და რეგიონის ხელისუფლებას იმის გამო, რომ ისინი ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებულ იერს უხეში ჩარევით ამახინჯებენ და ანადგურებენ. მათ არაერთი საპროტესტო აქციაც გაუმართავთ. „ბათომის" წევრი წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ სწორედ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო იღებს ბათუმისთვის მავნე გადაწყვეტილებებს და ქალაქს საერთოდ არ ეტყობა, რომ ხელისუფლებამ ამ მივლინებებით, ძველი უბნების ახალ გამოწვევებთან ინტეგრაციის საკითხებში, ევროპული გამოცდილება გაიზიარა.


მსგავსი სიახლეები

2867 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი