ივანიშვილი გლეხს ეუბნებოდა, რომ თურმე დაცინვა იყო, როდესაც თეთრი ყურძენი 1 ლარი ღირდა. წელს თეთრი ყურძნის მაქსიმალური ფასი კილოგრამზე 60-70 თეთრი იქნება

რეზიუმე: კახეთის რეგიონში ყურძნის სარეალიზაციო ფასი შემდეგნაირად განისაზღვრა:

2008 წელი - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 45 თეთრი;

2009 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 50 თეთრი;

2010 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 60 თეთრი;

2011 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 75 თეთრი;

2012- საფერავი 1 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი;

2013- საფერავი 1,80 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი;

2014 - საფერავი 2,50, რქაწითელი - 1,05 ლარი;

2015 წელს წელს სახელმწიფო თეთრ ყურძენს 60 თეთრად, შავს კი 85-ად იბარებდა;

2016 წელს რქაწითელის ფასი 80 თეთრი იყო, საფერავი 1 ლარი;

2017 წელს რქაწითელის საშუალო ფასი 75-85 თეთრით, საფერავის საშუალო ფასი 1.50-1.70 ლარით განისაზღვრა;

2018 წელს კახეთში ღვინის კომპანიები საფერავში 2.40 ლარს იხდიდნენ რქაწითელში - 75 თეთრს;

დღეის მდგომარეობით კახეთში რქაწითელის ჯიშის ხარისხიანი ყურძნის მისაღები ფასი 70 თეთრია, კახურ მწვანეს 85 თეთრად იბარებენ, საფერავის ფასი კი 1.50 ლარია.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება წელს ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ აპირებს.

„დღეს გვეუბნებიან, სუბსიდია არ იქნება და უბრალოდ, გამოყოფენ 20 მილიონ ლარს, ისიც სახელმწიფო ქარხნისთვის, სადაც უკვე დარჩენილ ყურძენს შეიძენენ სასპირტედ. ეს 20 მილიონი ნიშნავს, რომ დარჩენილ ყურძენს სახელმწიფო შეიძენს 40-50 თეთრად, რომლისგანაც დაამზადებს სპირტს“,- აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს რომ სახელმწიფო შეისყიდის ამას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლაც ადასტურებს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენდა და ამ მიზნით 2008-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 175.8 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2017 წელს სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებიდან ნაწილობრივ გამოვიდა. 2018 წელს სახელმწიფომ ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განახორციელა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი მაინც გამოყო. ამავე მიზნით, 2019 წლის რთველის მხარდასაჭერად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოყო.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი, ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებას გამოეხმაურა, (1:25 წთ) რომლის თანახმადაც, წელს ყურძენზე მოთხოვნა შესაძლოა, დაბალი იყოს.

„გვახსოვს 2012 წელი, როდესაც ივანიშვილი თავის „შანტრაბასთან“ ერთად კარდაკარ დადიოდა და კახელ გლეხს ეუბნებოდა, რომ თურმე დაცინვა იყო, როდესაც 2012 წელს თეთრი ყურძენი 1 ლარი ღირდა. წელს თეთრი ყურძნის მაქსიმალური ფასი კილოგრამზე 60-70 თეთრი იქნება“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ივანიშვილი აპირებს, სამაგიერო გადაუხადოს და პასუხი აგებინოს კახელ გლეხს იმ შედეგისთვის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კახეთში გასული წლის არჩევნებზე მიიღო.

2012 წელს საქართველოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, როცა წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ხვდებოდა და იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებდა, აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

„როგორ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს ფასი?! 1 ლარიც არ არის ყურძნის ფასი, თქვენ კარგად იცით, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი“, - აცხადებდა ივანიშვილი.

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შესაძლოა, 2019 წლის რთველის განმავლობაში კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შეძენაზე დაბალი მოთხოვნა იყოს. ლევან მეხუზლას თქმით, ამის მიზეზი რუსეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებაა.

„2019 წლის ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი, შესაძლო სანქციების დაწესებამ გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირება და გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის დროს ღვინის მწარმოებლების, კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შესაძლოა, იყოს ნაკლები“,– განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი მაისთან შედარებით ივლისში 27%-ით შემცირდა.

2006 წლის რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით, 2008 წელს საქართველოს მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

2008-2018 წლებში რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 175.8 მილიონი ლარი გამოიყო. ამასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი გასულ წელსაც წერდა.

ცხრილი 1: 2008-2018 წლებში ყურძნის ცალკეული ჯიშების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა და ჯამური ხარჯი (ლარებში)

წელი

რქაწითელი

საფერავი

მუჯურეთული

სულ

2008

0.15

0.25

-

6.1 მლნ

2009

0.15

0.25

1

5.5 მლნ

2010

0.15

0.25

1

4.7 მლნ

2011

0.15

0.25

1

8.7 მლნ

2012

0.25

0.35

1

14.8 მლნ

2013

0.40

0.35

1

32 მლნ

2014

0.35

0.15

1

32 მლნ

2015

0.35

0.15

1

30 მლნ

2016

0.45

0.20

2

19 მლნ

2017

-

-

2

13 მლნ

წლების მიხედვით, 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი სუბსიდიის ჩათვლით, შემდეგნაირი იყო:

2008 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 45 თეთრი;

2009 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 50 თეთრი;

2010 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 60 თეთრი;

2011 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 75 თეთრი;

2012- საფერავი 1 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი;

2013- საფერავი 1,80 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი;

2014 - საფერავი 2,50, რქაწითელი - 1,05 ლარი.

2015 წელს წელს სახელმწიფო თეთრ ყურძენს 60 თეთრად, შავს კი 85-ად იბარებდა.

2016 წელს რქაწითელის ფასი 80 თეთრი იყო, საფერავი 1 ლარი ღირდა.

მთავრობის 2017 წლის გადაწყვეტილებით, ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაცემულა. სუბსიდია მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შენარჩუნდა (1 კგ. ყურძენზე - 2 ლარი). 2017 წელს რქაწითელის საშუალო ფასი 75-85 თეთრით, საფერავის საშუალო ფასი კი - 1.50-1.70 ლარით განისაზღვრა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2018 წლის 26 ივლისს განაცხადა, რომ სახელმწიფო სრულად გადიოდა რთველის სუბსიდირებიდან.

აღნიშნული განცხადების საპირისპიროდ, მთავრობის განკარგულების პროექტით, კომპანია ს.ს. „აკურას“ 2018 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება დაევალა. განკარგულების პროექტის მიხედვით, „აკურას“ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძენი უნდა შეესყიდა. შესყიდვების ეროვნული სააგენტო 10 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვის პროექტს (SMP180001683) დაეთანხმა.

ამდენად, გასულ წელს სახელმწიფომ ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განახორციელა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი მაინც გამოყო. 2018 წელს კახეთში ღვინის კომპანიები საფერავში 2.40 ლარს იხდიდნენ რქაწითელში - 75 თეთრს.

ჭარბი ყურძნის შესაძენად და 2019 წლის რთველის მხარდასაჭერად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოყო.

კახეთში „რთველი 2019-ის“ საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა 15 აგვისტოს დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, კახეთის რეგიონში 5.5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. 4 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში რქაწითელის ჯიშის ხარისხიანი ყურძნის მისაღები ფასი 70 თეთრია, კახურ მწვანეს 85 თეთრად იბარებენ, საფერავის ფასი კი 1.50 ლარია.

„საფერავის ფასს ადგენს თავისუფალი ბაზარი. რაც შეეხება რქაწითელს, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას და შეიძლება, შეიქმნას ჩაბარების პრობლემა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია, რომ არცერთი გრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ამიტომ, ჭარბი ყურძნის მოწოდების შემთხვევაში სახელმწიფო სააქციო საზოგადოება ჩაერთვება, რომელიც 70 თეთრად ჩაიბარებს ამ ჯიშის ყურძენს“, - განუცხადა „ფაქტ მეტრს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.