Facebook-გვერდ „Politicano • პოლიტიკანოს“ პოსტი შედგება 6 ნაწილისგან. აქედან პირველი სამი ფაქტობრივია, ხოლო მეორე ნახევარი - ძირითადად პროგნოზები და მოსაზრებები. პირველ ნაწილში ავტორი ამტკიცებს, რომ „ევროკავშირის და მისი ინსტიტუტებისამდი უნდობლობა და ნეგატიური დამოკიდებულება დღითიდღე იზრდება“, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სტატისტიკა მიუთითებს, რომ 2007 წლიდან 2015 წლამდე ნამდვილად უარესდებოდა ეს მონაცემები, მაგრამ 2016 წლიდან დღემდე ევროკავშირისადმი მისი მოსახლეობის დამოკიდებულება და ნდობა, პირიქით, უმჯობესდება. აქედან გამომდინარე, ეს ნაწილი არის ყალბი ამბავი. პოსტის მეორე ნაწილი შობადობის გაუარესებულ სტატისტიკას შეეხებოდა. ევროკავშირში ნამდვილად დგას მწვავე დემოგრაფიული პრობლემა, მაგრამ „Politicano • პოლიტიკანოს“ განცხადება ძალიან ზედაპირული იყო და ასევე არაზუსტი, რადგან მიუთითებდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლებზე, რაც XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში ფიქსირდებოდა, ახლა კი სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ რთულია. მესამე ნაწილში კი ნათქვამი იყო, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, რაც ცალსახად შეცდომა და ტყუილია. დიდი ბრიტანეთი, რეფერენდუმზე ევროკავშირის დატოვების მხარდაჭერის და შემდეგ ევროკავშირის დატოვების პროცესის დაწყების მიუხედავად, ჯერ ისევ ევროკავშირის წევრად რჩება. მის მიერ ევროკავშირის დატოვების თარიღად ამჟამად 31 ოქტომბერი არის განსაზღვრული. პოსტის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები ევროსკეპტიკურ მოსაზრებებსა და პროგნოზებს წარმოადგენს. მთლიანობაში პოსტი მიზანმიმართული შეტევაა ევროკავშირზე და მის უარყოფით პრიზმაში ჩვენებას ისახავს მიზნად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ მიზნის მისაღწევად არ ერიდება ყალბი ფაქტებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ანალიზი

Facebook-გვერდი „Politicano • პოლიტიკანო“ არის „ანტიკაპიტალისტური, ევროსკეპტიკური მემარცხენე ფილოსოფიის პოლიტიკურ-ეკონომიკური პორტალი“, რომელსაც 23 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი პოსტი 6 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილში ვკითხულობთ - „ევროკავშირის ქვეყნებში ევროკავშირის და მისი ინსტიტუტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და უნდობლობა დღითიდღე იზრდება“.

უნდობლობის მუდმივი ზრდის შესამოწმებლად საჭიროა, განვიხილოთ ბოლო წლების ნდობის რეიტინგები. ევროკავშირისადმი პოზიტიური დამოკიდებულება 2007 წელს 52%-ს აღწევდა (ნეიტრალური - 31% და უარყოფითი - 15%, 2%-მა არ იცოდა), რის შემდეგაც ამ მაჩვენებელმა კლება დაიწყო და მინიმალური ნიშნულს მიაღწია 2012-2013 წლებში (დადებითი განწყობა ჰქონდა 30%-ს, უარყოფითი - 29%-ს, ნეიტრალური 39%-ს, 2%-მა არ იცოდა). 2016 წლის შემდეგ ევროკავშირისადმი პოზიტიურმა დამოკიდებულებამ გაუმჯობესება დაიწყო: 2017წ. – 40%, 2018 წლის შემოდგომაზე - 43%, ხოლო 2019 წლის გაზაფხულზე 45% (ნეიტრალურად განწყობილი - 37%, უარყოფითად - 17%, 1%-მა არ იცოდა). უფრი მაღალი შედეგი 2009 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში კი ვხედავთ პოზიტიური დამოკიდებულების მზარდ დინამიკას.

ევროკავშირისადმი მოსახლეობის ნდობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა 2007 წელს (57%), რის შემდეგაც ის მკვეთრად იკლებდა და 2014 წელს 31% იყო, ხოლო 2015 წელს - 32%. თუმცა ამის შემდეგ ევროკავშირის ნდობის რეიტინგმა ზრდა დაიწყო და 2018 წელს 42%-ს შეადგენდა. 2019 წლის გაზაფხულზე კი უკვე 44%-ს მიაღწია (46% არ ენდობა, 10%-მა არ იცის). აღსანიშნავია, რომ 2010-2019 წლების პერიოდში 44% ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აშკარაა, რომ ევროკავშირისადმი უნდობლობა, პირიქით, მცირდება.

ევროსტატის (eurostat) მონაცემებით, ევროკავშირის სამი ინსტიტუტის ნდობის რეიტინგები (რომელთა კვლევაც ყოველწლიურად ტარდება - ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი) ბოლო დროს დადებითი დინამიკით ხასიათდება. ევროპარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა 2007 წლიდან (55%) იკლებდა და 2015 წელს XXI საუკუნეში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია – 38%. თუმცა 2015 წლიდან ტენდენცია შეიცვალა და მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო: 2016წ. – 42%, 2017წ. – 45% და 2018 წელს 48%-ს (39% არ ენდობოდა, ხოლო 13% პასუხობდა, რომ არ იცოდა) მიაღწია, რაც 2010 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ევროკომისიას, მის მიმართ მოსახლეობის ნდობაც 2007 წლიდან (50%) მცირდებოდა და მინიმალური მაჩვენებელი - 35% 2013 და 2015 წლებში დაფიქსირდა. 2015 წლიდან იზრდებოდა მისი ნდობის რეიტინგიც: 2016წ. – 38%, 2017წ. – 42% და 2018 წელს დაფიქსირდა 43% (39% არ ენდობოდა, 18% პასუხობდა, რომ არ იცოდა), რაც 2010 წლის შემდგომ მაჩვენებლებში ყველაზე მაღალია.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიმართაც ასევე 2007 წლიდან (49%) მცირდებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მას ენდობოდნენ და 2015 წელს 33%-მდე შემცირდა. ამის შემდგომ მის მიმართ ნდობამაც იმატა: 2016წ. – 34%, 2017წ. – 39% და 2018 წელს - 41% (42% არ ენდობოდა, 17%-მა არ იცოდა), რაც 2010 წლის შემდგომ მაჩვენებლებში ყველაზე მაღალია.

2007 წლის შემდგომ ნდობის კლება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტებისადმი ლოგიკური იყო 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ევროკავშირსაც სერიოზულად შეეხო. ასევე რეიტინგზე გავლენა იქონია მიგრანტების კრიზისმაც. თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული აღინიშნება ნდობის რეიტინგის თანდათანობითი ზრდა, ისევე, როგორც ევროკავშირისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. შესაბამისად, Facebook-გვერდ „Politicano • პოლიტიკანოს“ განცხადება, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და უნდობლობა დღითიდღე იზრდება, არის ტყუილი.

„Politicano • პოლიტიკანოს“ პოსტიმეორე ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში შობადობას შეეხება - „ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში შობადობის რეკორდული შემცირება ფიქსირდება, რაც გამოწვეულია ფემინიზმის ახალი ტალღებით, Childfree-ის ტიპის მოძრაობებით და პოსტმოდერნის არქიტექტურით“. აღნიშნული განცხადება არის ზედაპირული, მასში არაფერი არაა დაკონკრეტებული. უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში შობადობის კუთხით, მართლაც, ცუდი ვითარებაა. ევროსტატის მიხედვით, ევროკავშირში შობადობის კოეფიციენტი 2018 წელს 9.7 იყო, რაც ნაკლებია 2017 (9.9) და 2016 (10.1) წლის მონაცემებზე. თუმცა „Politicano • პოლიტიკანოს“ განცხადებას აკლია კონკრეტული მონაცემები და ის არაზუსტია და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

ევროსტატის მონაცემებით, 2017 წელს შობადობის ჯამური კოეფიციენტი (ერთ ქალს საშუალოდ რამდენი შვილი ჰყავს - fertility rate) 1.59-ს შეადგენდა. მოსახლეობის ბუნებრივი კლების გასაწონასწორებლად საკმარის დონედ 2.1 მიიჩნევა, ხოლო 1.3-ზე დაბალი კი - უკიდურესად დაბლად. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დადებით ფაქტად შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისთან შედარებით (როდესაც შობადობის ჯამური კოეფიციენტისმაჩვენებელი (1.44)მინიმალურიიყო), ვითარება მცირედით უკეთესობისკენ შეიცვალა და აღინიშნება მზარდი ტენდენცია 2010 წლამდე (1.612). შემდეგ ისევ მცირდებოდა 2013 წლამდე (1.549), რის შემდეგაც ისევ მცირე ზრდა აღინიშნა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2017 წელს 1.59 იყო, თუმცა ეს შედეგიც კვლავ დაბალია. დღევანდელი არასახარბიელო სიტუაციის მიუხედავად, რეკორდულად დაბალი მონაცემები წინა პერიოდში იყო.

რაც შეეხება ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს, სხვადასხვა ქვეყანაში - ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში უმეტესად უკეთესი სიტუაციაა, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოების უმეტეს ნაწილში - ძალიან ცუდი.შობადობის ჯამური კოეფიციენტიყველაზე მაღალი არის საფრანგეთში (1.90), შვედეთსა (1.78) და ირლანდიაში (1. 77) და ასევე დანიაში. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება მალტაში (1.26), ესპანეთში (1.31), იტალიასა და კვიპროსში (1.32), საბერძნეთში (1.35), პორტუგალიაში (1.38) და ლუქსემბურგში (1.39). მონაცემები ყველაზე დაბალი 2000-2003 წლებში იყო და მას შემდეგ შედარებით გამოსწორდა. უკიდურესად დაბალ - 1.3 ნიშნულზე ქვემოთ მხოლოდ მალტა რჩება. ბოლო წლებში რიგ ქვეყნებში მზარდი დინამიკაა, თუმცა უმეტეს მთგანში ეს მაჩვენებელი კვლავ ძალიან დაბალია. როგორც ვხედავთ, ისევე, როგორც მთლიანად ევროკავშირში, მისი ცალკეული ქვეყნების უმეტესობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებლები ადრე ფიქსირდებოდა, ახლა კი კვლავ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია.

ასევე მნიშვნელოვანია, განვიხილოთ დემოგრაფიული პრობლემის მიზეზები. რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ, რომ კოეფიციენტი 1960-იანი წლების ნიშნულებს მიაღწევს (მაქსიმალური - 2.654), რადგან ევროკავშირი იმყოფება დემოგრაფიული გადასვლის მეოთხე (ან როგორც ზოგი მკვლევარი გამოყოფს - მეხუთე) ფაზაზე. ეს დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის და აღნიშნავს ეტაპს, როდესაც მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანდაცვის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გამო და დაბალია შობადობის მაჩვენებელი, რისი მიზეზებიც შეიძლება იყოს ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ვარდნა და ქალების გაზრდილი ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში. ასევე ოჯახებს ურჩევნიათ ნაკლები შვილი ჰყავდეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ აღზრდაში მეტი რესურსი ჩადონ. ამ ეტაპზე მოსახლეობა არ იმატებს და შეიძლება, მცირდებოდეს კიდევ, რაც მის დაბერებას იწვევს. ეს არის შობადობის კლების მთავარი მიზეზი. სავარაუდოდ, შობადობის შემცირების მიზეზების დასახელებისას სწორედ ამას გულისხმობდა „Politicano • პოლიტიკანოც“ „პოსტმოდერნის არქიტექტურაში“.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს საკითხი პრობლემურია არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება შობადობის ჯამური კოეფიციენტის შემცირება. 1950 წელს ის 4.7-ს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს 2.4-ს. ამის მთავარ მიზეზებად სახელდება:

1. ბავშვებში ნაკლები სიკვდილიანობა, რის გამოც ქალები ნაკლებ ბავშვს აჩენენ;

2. კონტრაცეფციებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა;

3. მეტი ქალის მიერ განათლების მიღება და შემდეგ დასაქმება;

დემოგრაფიული პრობლემა ევროკავშირში ნამდვილად არსებობს, თუმცა არასწორი იქნება თუ ამ საკითხს მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელ პრობლემად წარმოვაჩენთ. „Politicano • პოლიტიკანო“ ასევე მიზეზებად ასახელებს ფემინიზმის ახალ ტალღებსა და Childfree-ის ტიპის მოძრაობებს, რაც ზემოთ აღნიშნული მთავარი მიზეზების გარდა, შესაძლოა, გარკვეულ გავლენას ახდენდნენ.

„Politicano • პოლიტიკანოს“ პოსტის მესამე ნაწილი - „ევროკავშირი დემოკრატიულად დატოვა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა წევრმა და დონორმა ''დიდი ბრიტანეთის'' სახით, საიდანაც ევროკავშირი უდიდეს ფინანსურ შემოსავლებს იღებდა“ - არის ფაქტობრივი შეცდომა. მართალია, დიდმა ბრიტანეთმა, მას შემდეგ, რაც რეფერენდუმზე უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, აამოქმედა 50-ე მუხლი და დაიწყო ევროკავშირის დატოვების პროცედურა, მაგრამ ის ამ დროისთვის კვლავ ევროკავშირის შემადგენლობაში რჩება.

ბრიტანეთში შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ არ დაუჭირა მხარი. ამის გამო ბრიტანეთს მოუწია ევროკავშირიდან გასვლის თარიღი 2019 წლის 31 მარტიდან 31 ოქტომბრამდე გადაეწია. ტერეზა მეის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების ჩავარდნა თემთა პალატაში იყო პრემიერ-მინისტრის ყველაზე დიდი დამარცხება ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში (დემოკრატიულ ერაში). ამის შემდეგ ოპოზიციამ მეის მთავრობას უნდობლობაც გამოუცხადა, თუმცა მეი ამას გადაურჩა, შემდეგ კი მაინც მოუწია გადადგომა, რადგან ბრექსიტის საკითხს თავი ვერ გაართვა. ის დევიდ კამერონის შემდეგ უკვე მეორე პრემიერი იყო, ვინც ბრექსიტს შეეწირა. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ მეორე რეფერენდუმის ჩატარებაზეც კი იყო საუბარი. აშკარაა, რომ ბრექსიტმა ბრიტანეტში სერიოზული პოლიტიკური კრიზისიც შექმნა, მაგრამ ასევე გავლენა ჰქონდა ეკონომიკაზეც, რაც გირვანქა სტერლინგისგაუფასურებაში გამოიხატა. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, და დედოფლის თანხმობით, პარლამენტი 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე დათხოვილი იქნება, რაც შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებას (no-deal brexit) უფრო მოსალოდნელს ხდის. ეს კი ორივე მხარეს აზარალებს. რაც შეეხება ბრიტანეთის შენატანს ევროკაშვირის ბიუჯეტში, მისი შენატანი 2018 წელს 13£ მილიარდი იყო (ის 17 მილიარდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ე.წ. “დაქვითვით“ (rebate) ბრიტანეთმა 4 მილიარდი დაზოგა), ხოლო 4 მილიარდი სხვადასხვა პროგრამის სახით ევროკავშირის ბიუჯეტიდან ბრიტანეთში დაიხარჯა. ის ნამდვილად არის ერთ-ერთი დიდი დონორი, მაგრამ ევროკავშირი მისგან უდიდეს ფინანსურ შემოსავალს არ იღებდა - ბიუჯეტის უდიდესი წილი მოდიოდა გერმანიასა (20%) და საფრანგეთზე (15%), ხოლო ბრიტანეთზე - 11%.

ე.ი. დიდი ბრიტანეთი ამ ეტაპზე კვლავ ევროკავშირის წევრია და ჯერ კვლავ არაა ცნობილი, როგორ დასრულდება ბრექსიტი. ასევე ტყუილია ინფორმაცია, რომ ევროკავშირი უდიდეს ფინანსურ შემოსავალს დიდი ბრიტანეთისგან იღებდა.

რაც შეეხება „Politicano • პოლიტიკანოს“ პოსტის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებს ისინი ძირითადად მოსაზრებებს და წინასწარმეტყველებებს წარმოადგენს ევროპის სიკვდილის, მულტიკულტურალიზმის კრახისა და ევროპის განვითარების უპერსპექტივობაზე. ჩვენი მხრიდან მოსაზრებებსა და პროგნოზებზე შედავება არარელევანტური იქნება. თუმცა მკითხველისთვის საინტერესო იქნება თუ რამდენიმე საგულისხმო ფაქტს აღვნიშნავთ. მაგალითად, ევროპის ტერიტორია მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა სისხლისღვრისა და გაუთავებელი ომების არეალს, თუმცა ევროკავშირის შექმნის შემდეგ მის წევრებს შორის მშვიდობა დამყარდა და შეიარაღებული კონფლიქტი არ მომხდარა. ამის ერთ-ერთი მიზდზი ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ინტეგრაციული პროცესებია. ამისთვის ევროკავშირმა 2012 წელს ნობელის პრემიაც მიიღო მშვიდობის დარგში. ევროკავშირმა შექმნა ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი. ის 18$ ტრილიონზე დიდი მოცულობის მშპ-ით მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება და კვლავ იზრდება. ხოლო, მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 36.5$ ათასს წელიწადში. ევროკავშირის ჯინის ინდექსი, რომელიც ზომავს შემოსავლების განაწილების უთანასწორობას, 2017 წელს 30.7% იყო, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ასევე ევროკავშირი მისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდნენ, იცხოვრონ, ისწავლონ და იმუშაონ ევროკავშირის შიგნით.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია