ანალიზი
Facebook-გვერდმა „დედაქალაქი“ გამოაქვეყნა სალომე სამადაშვილის ფოტო წარწერით: „სალომე სამადაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა პატრიარქი ილია II და ეკლესიაა. სანამ ხალხს სჯერა ბანდიტებით სავსე ეკლესიის, იქამდე ვიქნებით ჭაობში. ნაციონალური მოძრაობა, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამუდამოდ შეუკრავს ხელ-ფეხს ეკლესიას“.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა Facebook-ში - „დედაქალაქის“ გვერდს ჰყავს 34 ათასზე მეტი გამომწერი, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული სურათი 329-ჯერ გააზიარეს და მას 248 კომენტარი ჰქონდა. აღნიშნული ფოტო ასევე გაავრცელა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ Facebook-გვერდმა; „საქართველოს და მსოფლიოს“ თანამშრომლის კონსტანტინე ჩიკვილაძის როგორც პირად, ასევე Facebook-გვერდზე - „კონსტანტინე ჩიკვილაძის ბლოგი“ და აგრეთვე, „საქართველოს და მსოფლიოს“ მიერ შექმნილ Facebook-ჯგუფში „Россия и Грузия- дружба навеки!“. აღნიშნული ჯგუფიდან კონსტანტინე ჩიკვილაძის გაზიარებული სურათი გააზიარეს, მაგალითად, საზგადოებრივმა ორგანიზაციებმა - „ქვრივ ობოლთა დახმარებისა და უფლებათა დაცვის ცენტრი“, „საუნჯეთა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია“.
ეს ინფორმაცია პირველად 2018 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გავრცელდა, ხოლო ბოლო დროს თავიდან გაავრცელეს. მას არ ერთვის წყარო, არ არის დასახელებული თუ სად და როდის გააკეთა პარლამენტარმა ეს განცხადება, რაც მის ნამდვილობას საეჭვოს ხდის. ინტერნტეში არ იძებნება სალომე სამადაშვილის მსგავსი განცხადება. თავად სალომე სამადაშვილმა თავის Facebook-განცხადებაშიც აღნიშნა: „ეს არის „ფეიკ ნიუსი“, არასდროს არაფერი მსგავსი არ მითქვამს და არ დამიწერია...“.
აქედან გამომდინარე, ეს არის გამოგონილი ინფორმაცია, რომელიც არ დასტურდება არანაირი წყაროთი.
აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდ „დედაქალაქს“ მსგავსი შინაარსის ყალბი ამბავი ადრეც გაუვრცელებია. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ირწმუნება, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, 2015 წელს გერმანულ გამოცემა „ვოლტთან“ ინტერვიუში ისაუბრა, პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“ და მისი ცოდვებისათვის გასამართლებაზე, ყალბია.