იტვირთება

რეზიუმე: გარემოსდაცვითი დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშის თანახმად ირკვევა, რომ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისთვის შპს RMG Gold-ს 29 153 880 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო შპს RMG Copper-ს - 1 078 188 ლარის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიებს დააკისრა რიგი ვალდებულებები, რომლებიც 2018-2020 წლებში უნდა შესრულდეს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, RMG Copper-მა სამინისტროში წარადგინა „მოკლევადიანი და გრძელვადიანი წყალდაცვითი ღონისძიებათა“ და „მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო“ გეგმები. ასევე, გაატარა რიგი სამუშაოები, რომელთა მდგომარეობის გადამოწმებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის, მას სახელმწიფო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარის ჯარიმას და კონკრეტული მოთხოვნების ვალდებულებას აკისრებდა. თუმცა, კომპანიამ სამინისტროს მიერ გაწერილ ვადებში მათი შესრულება არ უზრუნველყო. პირიქით, 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მდინარისა და ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით მდგომარეობა გაუარესებული იყო. სწორედ ამიტომ, სასამართლომ დააკმაყოფილა სამინისტროს მოთხოვნილი შუამდგომლობა და კომპანიაში შეიყვანეს დროებითი მმართველი, რომელიც სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზეა პასუხისმგებელი.

ზემოთ მოყვანილი ორი შემთხვევის შედარებისას ჩანს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დარღვევების გამოსასწორებლად სამინისტროს მიერ მიცემული ყველანაირი ვადა დაარღვია და დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა. RMG Gold-სა და RMG Copper-ის შემთხვევაში კი ვალდებულებების შესრულების ვადა ამოწურული ჯერ არ არის. შესაბამისად, წინასწარი პროგნოზის გაკეთებაც შეუძლებელია.

ვინაიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევისგან განსხვავებით (რომელმაც სამინისტროს მიერ მიცემული ყველანაირი ვადა დაარღვია და არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები), RMG Gold-სა და “RMG Copper”-ს ჯერ კიდევ აქვთ დრო (2020 წლამდე) დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, ამ ეტაპზე, საკითხთან დაკავშირებული ვერდიქტის გამოტანისგან ფაქტ-მეტრი თავს იკავებს.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, განაცხადა,რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 322 მილიონ ლარადაა შეფასებული, ხოლო RMG Gold“-ის - დაახლოებით 30 მილიონად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, 2014 წლის შემდეგ, საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში, თუმცა, შესაბამისი ღონისძიებები არ განხორციელებულა მაშინ, როცა „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევაში, სახელმწიფო ჩაერია და შეცვალა კომპანიის მენეჯმენტი. ანუ, გვაქვს სხვადასხვანაირი მიდგომები. RMG Gold-ის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და 30 მილიონი თითქოს არც ყოფილა.

ბოლნისის რაიონში ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი საწარმო -მადნეულის კომბინატი - ექსპლუატაციაში 1975 წელს შევიდა. 1994 წელს შეიქმნა „კვარციტი“, რომელმაც დაიწყო ცალკე დასაწყობებული ოქროსშემცველი კვარციტის მადნებიდან ოქროსა და ვერცხლის დორეს მიღება. 2005 წელს მოხდა „მადნეულისა“ და „კვარციტის“ პრივატიზება, რის შემდეგაც მათი წილების მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალნენ. 2012 წლიდან საწარმოს მფლობელი რუსული კომპანია „კაპიტალ ჯგუფი“ გახდა. მფლობელის გამოცვლასთან დაკავშირებით, სს „მადნეულს“ დაერქვა - არემჯი კოპერ (RMG Copper), ხოლო შპს „კვარციტს“ - არემჯი გოლდ (RMG Gold).

2017 წელს „მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითმა პლატფორმამ“ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ქვემო ქართლის სამთომომპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზია წარმოდგენილი. კვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ნორმას საგრძნობლად აღემატება (სტატია აღნიშნული საკითხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - ბმული 1). RMG Gold-სა და RMG Copper-ის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები ასახულია გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშებშიც. გარემოსდაცვითი დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშის თანახმად ირკვევა, რომ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისთვის შპს RMG Gold-ს 29 153 880 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო შპს RMG Copper-ს - 1 078 188 ლარის. ოქროს მომპოვებელი საწარმოს დარღვევებზე პარლამენტში სტუმრობისას 2018 წლის აპრილში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ RMG Copper-სა და RMG Gold-ს მისცა გონივრული ვადა, რათა საოპერაციო არეალების მიმდებარედ აღმოფხვრან მდინარეების დაბინძურება. RMG Copper-ს 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აღეკვეთა მდინარე კაზრეთულაში ნებისმიერი დაბინძურება. ორივე კომპანიას დაეკისრა ვალდებულება დაუყოვნებლივ დაეწყოთ და 2020 წლის 31 მარტამდე დაასრულონ ზომების მიღება მდინარეების: ფოლადაურისა და მაშავერას დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

ასევე, კომპანიებმა სამინისტროს წარუდგინეს გამწმენდი ნაგებობების დეტალური პროექტები, რომლებსაც სამინისტროს გეოლოგები და ჰიდროლოგები შეისწავლიან წყლის დაბინძურების სამომავლო რისკის თავიდან ასაცილებლად.

გარდა ამისა, კომპანიებმა 2018-2020 წლებში უნდა შეასრულონ კონკრეტული მოთხოვნები. მათ შორის, 2018 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინათ მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე წყლის საშხეფი სისტემების დამონტაჟება, მტვრის ემისიის შემცირების მიზნით (ვრცლად RMG Gold-სა და RMG Copper-ის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის შესახებ იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

კითხვით, თუ რა ეტაპზეა RMG Gold-სა და RMG Copper-ისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გეგმა, ფაქტ-მეტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით, RMG Copper-ის მიერ შემუშავებულია და სამინისტროში წარდგენილია „მოკლევადიანი და გრძელვადიანი წყალდაცვითი ღონისძიებათა“ და „მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო“ გეგმები, სადაც აღწერილია ინფორმაცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი წყალდაცვითი და მტვრის ემისიის შემცირების ღონისძიებების შესახებ. RMG Copperის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: კუდსაცავების ძირში მოწყობილია სანიაღვრე წყლების გამყვანი არხები, გამონაჟონი წყლების ორგანიზებული მართვისთვის მოწყობილია ინფრასტრუქტურა, განხორციელდა გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, ამტვერების შესამცირებლად გზების მორწყვის პერიოდულობაზე, სეზონების მიხედვით ჩატარდა ექსპერიმენტი, შეძენილია, სარწყავი ავტომანქანები, მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის პროექტისათვის ჩატარდა საჭირო კვლევა, მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის მიზნით შემუშავდა საჭირო სამშენებლო სამუშაოების პროექტი და განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობის თანახმად, გაწერილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ინსპექტირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, დღეს არსებული მდგომარეობით, არ განხორციელებულა. დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის, კომპანიას სახელმწიფო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარის ჯარიმას აკისრებდა. კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშის თანახმად, მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონო მოხსნის და ნიადაგის დეგრადაციის, ასევე მდინარის დაბინძურებისათვის, „ჯორჯიან მანგანეზისათვის“ დაკისრებული ჯარიმა 328 434.23 ლარს შეადგენდა, ხოლო ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის - 30 799 860 ლარს. სახელმწიფოს მიერ დაკისრებული არაერთი ჯარიმისა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრის მიუხედავად, კომპანია წლების განმავლობაში აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევებით. 2014 წლის 17 სექტემბერს სამინისტრომ კომპანიას განმეორებით განუსაზღვრა გონივრული ვადები და შესაბამისი ვალდებულებები დაუდგინა. კომპანიის თხოვნით, სამინისტრომ ვალდებულებების შესასრულებელი ვადები თავდაპირველად 2015 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მოგვიანებით - 2016 წლის პირველ ივლისამდე გაუგრძელა. თუმცა დარღვევების გამოსასწორებლად, კომპანიას არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია, რაც საბოლოოდ 2017 წლის გაზაფხულზე დადასტურდა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მდინარისა და ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით მდგომარეობა არა გამოსწორებული, არამედ გაუარესებული იყო. ეს კი ადგილზე ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნიდა. შედეგად, სასამართლომ დააკმაყოფილა სამინისტროს მოთხოვნილი შუამდგომლობა და კომპანიაში შეყვანილ იქნა დროებითი მმართველი, რომელიც სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზეა პასუხისმგებელი.

ამრიგად, „ჯორჯიან მანგანეზმა“, მიუხედავად სამინისტროს მიერ რამდენჯერმე გახანგრძლივებული ვადისა, არც ერთხელ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რის შედეგადაც ადგილზე ეკოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. რაც შეეხება RMG Gold-სა და RMG Copper-ს, მიუხედავად გარემოსათვის მიყენებული მილიონობით ლარის ზიანისა, აღნიშნულ კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ ვადა (2020 წლამდე) სამინისტროს დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით კი, RMG Copper-მა სამინისტროში წარადგინა „მოკლევადიანი და გრძელვადიანი წყალდაცვითი ღონისძიებათა“ და „მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო“ გეგმები. ასევე, გაატარა რიგი სამუშაოები, რომელთა მდგომარეობის გადამოწმებაც სამინისტროს მხრიდან უახლოეს მომავალში იგეგმება. შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებული ვერდიქტის გამოტანისგან, ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრი თავს იკავებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2803 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი