გორში კულტურისა და დასვენების პარკთან მდებარე ტერიტორიას (12 840 კვ..) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ ბორის გოგიჩაიშვილისთვის სიმბოლურ ფასად გადასცემს გეგმავს. უწყების განმარტებით, არსებობს სასამართლო განჩინება, რომლის აღსრულებაც მათ ევალებათ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისთქმით, უახლოეს მომავალში ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში ის ბორის გოგიჩაიშვილს სიმბოლურ ფასად დაუბრუნდება.

საუბარია გორის ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე, რომელიც 1996 წელს დაიწვა. 2003 წელს ბორის გოგიჩაიშვილმა ფართის ნანგრევებიანად შესყიდვა გადაწყვიტა. 2004 წლის 10 მაისის ბრძანებით, თანხის სრულად გადაუხდელობის გამო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაირღვა. 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით კი ეს ბრძანება გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო.

სწორედ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაკმაყოფილდა ბორის გოგიჩაიშვილის განცხადება. ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრა. შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი გორის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 4 მარტს გამოსცა. მანამდე კი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უძრავი ქონება თვითმმართველ ქალაქ გორის საკუთრებად რეგისტრირდებოდა.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. 2019 წლის 18 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით სათანადო ცვლილების რეგისტრაცი (გამიჯვნა/გაერთიანება) და საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 121-ე მუხლით დადგენილი წესით, ხსენებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა.

აღნიშნული საკითხი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე 10 ივნისს განიხილეს, საკრებულოს წევრების მხარდაჭერის შედეგად, მერს თანხმობა მიეცა უძრავი ქონება სახელმწიფოსთვის გადაეცა. მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციორენმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს. ირმა ამბარდიშვილი ბორის გოგიჩაიშვილსა და ხელისუფლებას შორის კორუფციულ გარიგებებს ხედავს. ვასილისა ჯაბახიძე კი აღნიშნულ პირთან დაკავშირებით ნეპოტიზმის ფაქტებზე მიუთითებს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ვინ არის პირი, რომელიც სახელმწიფოსგან ჯერ არგადაცემულ ტერიტორიაზებიზნესის განვითარებას გეგმავს და რა კავშირი აქვს მას ხელისუფლებასთან.

ბორის გოგიჩაიშვილი საჯარო რეესტრის მონაცემებით, ორ კომპანიას, შპს „საქართველოს“ და „ეკო ჯეო ფრუტს“ წარმოადგენს. ამავე დროს ის გორის მერიის მიერ შექმნილი ა(ა)იპ გორის სპორტის სასახლის დირექტორად ფიქსირდება.

შპს „საქართველოში“ ბოროს გოგიჩაიშვილი 100%-იან წილს ფლობს. ამ კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი ლარი შესწირა. ეს ის კომპანიაა, სადაც 2011 წელს პროკურატურამ დარღვევები აღმოაჩინა, მისი დირექტორი ბორის გოგიჩაიშვილი კი სახელმწიფო სახსრების მითვისება და საგადასახდო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. დაკარგული ქონებისთვის ბრძოლა გოგიჩაიშვილმა 2012 წლიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაახლა.

რაც შეეხება სპორტის სასახლეს, მუნიციპალურ ორგანიზაციაში ის 2018 წლიდან დირექტორად ფიქსირდება, თუმცა ამბობს, რომ მერმა ფორმალურად დაარეგისტრირა და იქ ხელფასს არ იღებს. მას შემდეგ, რაც გორში სპორტის სასახლის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები გაჩნდა აღნიშნული ა(ა)იპ სპორტის მიმართულებით შექმნილ კიდევ ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციას დაუქვემდებარეს, თუმცა საჯარო რეესტრში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ ასახულა და ეს ორგანიზაცია ისევ აქტიურია და მის ხელმძღვანელად ისევ ბორის გოგიჩაიშვილი ფიქსირდება.

შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი გორში სპორტის სასახლის გახსნას შემოდგომისთვის ელოდება და მუშაობის დაწყებასაც სწორედ ამ პერიოდიდან გეგმავს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ამ სპორტკომპლექსს ბევრი სტუმარი ეყოლება, რომლებსაც დასარჩენი ადგილი, კეთილმოწყობილი ინტერიერი დასჭირდებათ. სწორედ ამ კატეგორიის ვიზიტორების სტუმრობას ელოდება გოგიჩაიშვილი სასტუმროში, რომლის აშენებასაც სწორედ ზემოხსენებულ სადავო ტერიტორიაზე (ყოფილი ცირკის ტერიტორია) აპირებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მიმდინარე წლის იანვარში გორის მუნიციპალიტეტის მერიაც აპირებდა, კერძოდ, გორის მერს ამ ადგილას საკონფერენციო დარბაზის მოწყობა სურდა, თუმცა ახლა უკვე საკრებულოს განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულ ფართზე არანაირი სამუშაოები არ აქვს დაგეგმილი.

ბორის გოგიჩაიშვილი ეკონომიკის სამინისტროსგან უძრავი ქონების გადმოცემას ყოველდღიურად ელოდება. გორის საზოგადოების ნაწილს კი ერთი საკითხი აფიქრებს, მაშინ, როდესაც დეცენტრალიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტები სახელმწიფოსგან მის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას იბრუნებენ, რატომ დათანხმდნენ ყოფილი ცირკის ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილებას. უფლებადამცვლებს, ასევე აინტერესებთ თუ, რით დაიმსახურა ბორის გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდის ნდობა, რის საფუზველზე ჩაურიცხა წელს „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი ლარი და რატომ დანიშნა გორის მერმა ის ჯერ არგახსნილი ობიექტის დირექტორად, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი უნდა ყოფილიყო და მას მასობრივი სპორტის განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი.

თეგები: