რეზიუმე: წინასაარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის რეგულირება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო.
ინიცირებული ცვლილებებით სიძულვილის ენა საარჩევნო კოდექსში განმარტების გარეშე შემოდის, რაც ინტერპრეტაციის რისკს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ქმნის. დღემდე საქართველოს კანონმდებლობაში სიძულვილის ენის განმარტება არ გვხვდება. ამასთან, სიძულვილის ენის დეფინიცია, არც ერთ სამართლებრივად მბოჭავ საერთაშორისო დოკუმენტში არ გვხვდება. სიძულვილის ენის განმარტებას ვხვდებით, მხოლოდ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაში, თუმცა ის არაა სავალდებულო ხასიათის.
ამასთან, ინიცირებული ცვლილებებით, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაუწყებლებს. მაგალითად, თუ სიძულვილის ენის შემცვლელია რეკლამა მაუწყებლის პასუხისმგებლობა დგება. რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს რეკომენდაციასთან, სადაც საუბარია რომ მედია პასუხს არ უნდა აგებდეს პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე.
ანალიზი
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტი სიძულვილის ენის რეგულირებას ითვალისწინებს. კერძოდ, საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს არ უნდა შეიცავდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონში სიძულვილის ენის განმარტების გარეშე შემოტანა გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „მე ვთხოვ ყველას, რომ პირველ რიგში ნახონ, ქსენოფობიასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ეს რეკომენდაცია არის მოცემული ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ. პრინციპი არის ის, რომ სიძულვილის ენის და ქსენოფობიის გამოყენება საარჩევნო პროცესში უნდა დარეგულირდეს… სხვა ინტერპრეტაციებს მოერიდონ, რადგან თუ რა არის ქსენოფობია და სიძულვილის ენა, საერთაშორისო დოკუმენტებში მკაფიოდ არის განსაზღვრული”.
ფაქტ-მეტრმა არჩილ თალაკვაძის განცხადება გადაამოწმა.
წინასაარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის რეგულირება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ნამდვილად იყო. „სიძულვილის ენის და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, სასურველია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისაღები ენის ნორმებთან დაკავშირებით რეგულაციები იქნას განვითარებული“, -ვკითხულობთ ეუთოს 2018 წლის ანგარიშში.
ინიცირებული ცვლილებებით, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაუწყებლებს. რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს ანგარიშთან, რომლის საფუძველზეც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მომზადდა. მოქმედი კანონმდებლობით, მედია პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის. თუმცა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების უმრავლესობა პოლიტიკური რეკლამების ეთერში გაშვებამდე მათ შინაარსს ამოწმებდა და ზოგიერთ შემთხვევაში შინაარსიდან გამომდინარე მათ გაშვებაზე უარსაც ამბობდა. ეუთოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ „მედია პასუხს არ უნდა აგებდეს მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით რეკლამის შინაარსი უკანონოდ იქნა მიჩნეული ან სასამართლოს აზრით, კონკრეტულ რეკლამაში შესული განცხადებები შეიცავენ პირდაპირ მოწოდებებს ძალადობისკენ“. (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).
„შემოთავაზებული ცვლილებები ერთი მხრივ გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედია საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი ცენზორის როლში მოგვევლინოს. არ არის გამორიცხული, სანქციის შიშით ზოგიერთმა მაუწყებელმა საერთოდ თავი შეიკავოს პოლიტიკური რეკლამის განთავსებისგან, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაზრდის წინასაარჩევნო გარემოზე მოცემული რეგულაციის ნეგატიურ ხასიათს“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს კანონებში სიძულვილის ენა არც ნახსენები და არც განმარტებული არ არის. ინიცირებული ცვლილებებით კი სიძულვილის ენა საარჩევნო კოდექსში განმარტების გარეშე შემოდის. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, „წარმოდგენილი ცვლილება გამოიწვევს გაუგებრობას ტერმინის შინაარსთან დაკავშირებით, რაც თავის თავში შეიცავს სიძულვილის ენის არასწორი ინტეპრეტაციის რისკს. ბოლო პერიოდში სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აკრძალვა მაღალი ალბათობით შესაძლოა გახდეს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორებისთვის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვის საშუალება“.
ჩვენ ვესაუბრეთ, GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორს მარინე კაპანაძეს. მისი განმარტებით, „სიძულვილის ენის საერთაშორისოდ აღიარებული დეფინიცია არც ერთ სამართლებრივად მბოჭავ საერთაშორისო დოკუმენტში არაა გაწერილი.
სიძულვილის ენის განმარტებას ვხვდებით, მხოლოდ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაში. სადაც ის შემდეგნაირად განიმარტება: „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით". სამართლებრივად ამის გათვალისწინების ვალდებულება არ აქვს სასამართლოს.
სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით, მარინე კაპანაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი რეგულაცია უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პარტიებისა და პირიებისათვის იმოქმედებს. შირად სიძულვილის ენას ყველაფერს უწოდებენ ხოლმე, რაც არ მოწონთ, რაც შეურაცხმყოფელ, არასასურველ ტერმინებს შეიცავს ან სიძულვილის გამომხატველია ხოლმე, რაც არასწორია. მაგალითად, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების წინარე პერიოდში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასაც სიძულვილის ენას უწოდებდა, რასაც სინამდვილეში არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ განმარტებასთან, რომელსაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გვთავაზობს“.