რეზიუმე: აჭარის ა/რ მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №44 განკარგულების საფუძველზე, ინვესტორების ნაწილი, რომელმაც მთავრობას შესაბამისი განცხადება და უპირობო, გამოუხმობი საბანკო გარანტია წარუდგინა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. კომპანიებს, ვალდებულებების შესასრულებლად, დამატებითი ვადა მიეცათ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 38 პროექტი განაახლა. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (საქართველოს რეზიდენტი ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის (გარანტის) მიერ სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით ნაკისრი წერილობითი ვალდებულება, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, უპირობოდ გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) თანხას, გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) უკვე წარდგენილია 29 პროექტის შესახებ, ხოლო 9 პროექტთან მიმართებით, კომპანიებს შესაბამისი ვადა მიეცათ.
განახლებული ინვესტიციების საერთო ღირებულება, ხელშეკრულების შესაბამისად, 593450000 ლარსა და 214250000 აშშ დოლარს შეადგენს. თუ სტატიის მომზადებისას არსებული ოფიციალური კურსით ვიანგარიშებთ, 1$=2,9121 ლ (15.08.2019, საქართველოს ეროვნული ბანკი). გამოდის, რომ განახლებული ინვესტიციების ჯამური ღირებულება 418037645 აშშ დოლარია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ კომპანიებიდან რამდენიმეს გამოუხმობი საბანკო გარანტია ჯერ არ წარუდგენია. იმ 29 პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი რომლებმაც უკვე აუცილებელი დოკუმენტები წარადგინეს, 570450000 ლარსა და 198250000 აშშ დოლარს შეადგენს, ანუ - 394139564 აშშ დოლარს. ეს მაჩვენებელი აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მიერ დასახელებულს აღემატება. მიუხედავად ამისა, ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის სიმართლე. სხვა საკითხია, ამ ინვესტიციებიდან რომელი განხორციელდება რეალურად და დასრულდება, თუ - არა განახლებული პროექტები შეცვლილ ვადებში. ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით და მონიტორინგის შედეგებს მომავალში შემოგთავაზებთ.
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ძალიან ბევრი საუბარი იყო გაჩერებულ პროექტებზე. დაახლოებით 300 მლნ დოლარის პროექტები განვაახლეთ“.
რეგიონის პირველი პირი 2019 წლის 29 მარტის №44განკარგულებას გულისხმობდა, რომელიც ინვესტორების პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესს განსაზღვრავს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზანია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა.
ეს წესი ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის, დაკისრებული და/ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით, სამინისტროს განცხადებით მიმართეს.
ინვესტორმა, განცხადებასთან ერთად, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს, განცხადების წარმოდგენის დღისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 2%, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 200000 ლარისა.
მანამდე აჭარის ა/რ მთავრობას უკვე ამოქმედებული ჰქონდა 2018 წლის 28 სექტემრის №111 განკარგულება, რომელიც, ასევე, საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების წესს განსაზღვრავს. ინვესტორებზე, რომლებმაც 2018 წლის 31 დეკემბრამდე ამ წესით არ ისარგებლეს, ახალი წესი ვრცელდება.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არსებული მდგომარეობით, უწყებამ 38 პროექტი განაახლა. მათი საინვესტიციო ღირებულება, ხელშეკრულებების მიხედვით, 593450000 ლარი და 214250000 აშშ დოლარია, ანუ ჯამურად, 418037645 აშშ დოლარი. აქედან 8 პროექტის შესახებ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარდგენილია №111 განკარგულების, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - 2019 წლის 29 მარტის №44 განკარგულების შესაბამისად. ამ ჩამონათვალში გვხვდება ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც საბანკო გარანტია ჯერაც არ წარუდგენიათ და ამისთვის გარკვეული ვადა მიეცათ. ამ ეტაპისთვის სამინისტროში წარდგენილია ჯამში 2535750 ლარის საბანკო გარანტია, ხოლო 350000 აშშ დოლარსა და 250000 ლარის საბანკო გარანტიას სამინისტრო უახლოეს პერიოდში ელოდება. ეს ნიშნავს, რომ 400 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციის განხორციელების გარანტია დაახლოებით 1307000 აშშ დოლარია.
რამდენიმე კომპანია, რომელებსაც ჯარიმები ეპატია და ვადა გაუხანგრძლივდა, ერთმანეთთან დაკავშირებულია. მაგალითად: შპს ბრიტიშ დეველოპმენტ ჯგუფი, რომლის დირექტორად და 100%-იანი წილის მმართველად 12/09/2017 წ. 17.24-სთ-ზე მითითებულია ჯორჯი რურუა, რამდენიმე საათით ადრე ზვიად ზოიძის მფლობელობაშია და დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა. კვერღელიძე ფიქსირდება დირექტორია შპს "ორბი ჯგუფ მილენიუმში", რომელმაც, ასევე, სამინისტროს საბანკო გარანტია წარუდგინა.
2018 წლის ამონაწერით, ამ კომპანიიის დირექტორი კვლავ ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100%-იან წილს ზვიად ზოიძე ფლობს. ის და მალხაზ ბერიძე, რომელიც შპს „ნიუ თაიმის“ დირექტორი და მფლობელია, 50%-50% წილს ფლობენ შპს „ორბი ბეტონში". „ნიუ თაიმიც“ განახლებული პროექტების ჩამონათვალში გვხვდება.
„ბრიტიშ დეველოპმენტ ჯგუფს“, "ბრიტიშ ბიზნესცენტრს" (აქაც დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა და მფლობელი - ზვიად ზოიძე), „ბრიტიშ აპარტმენტს" (იგივე დირექტორი და მფლობელი), „ორბი ჯგუფ მილენიუმსა“ და „ნიუ თაიმს“ - მხოლოდ ამ ხუთ კომპანიას განსახორციელებელი აქვს ჯამში 41500000 $-სა და 73000000$-ის ინვესტიცია.
გარდა ამ ინვესტორებისა, საბანკო გარანტიები წარადგინა კიდევ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულმა კომპანიამ. შპს „გთემ გრუპი“ და შპს „ხიდი-2006“ ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, ჯამში 5500000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ხელშეკრულებები გაფორმებულია 2017-2018 წლებში. ორივე კომპანიის მფლობელი და დირექტორი, შესაბამისად, ედნარ პაპუნაიშვილი და ჯუმბერ ჭყონია არიან.
ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიები არიან შპს „ელიტ სქაი რიზორტსი“ და შპს „ამბასადორი ბათუმი". ეს უკანასკნელი პირველში 80%-იანი წილის მმართველია. ორივე კომპანიის დირექტორი ელგუჯა ქებურიაა, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომელმაც სამინისტროს საბანკო გარანტია წარუდგინა, შპს „ალიანსია“. მისი დირექტორი აკაკი სონგულიაა, რომელიც ასევე დირექტორის პოზიციას იკავებს „ალიანს ფრივილიჯიში". მისი პარტნიორი ცნობილი ბიზნესმენი თემურ ბიწაძეა. მათ სახელს ბათუმში არაერთი მსხვილი ინვესტიცია უკავშირდება, მათ შორის, ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მოსახლეობა აპროტესტებდა. ამ კომპანიამ 60000000$-ის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
უქმნის თუ არა ახალი განკარგულება გარკვეულ ინვესტორებს პრივილეგირებულ მდგომარეობას? - ეს კითხვა უკვე არსებობს. ამიტომ ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად დავაკვირდებით, რათა ვნახოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება.