იტვირთება

რეზიუმე: ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტით იზომება, რაც ერთი წლის განმავლობაში საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლის და მომსახურების ერთობლიობას ასახავს. აქვე, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის დინამიკის განხილვისას, მშპ-ს დათვლა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში, რადგან უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება, ავტომატურად გაღარიბებას/ეკონომიკის შემცირებას არ ნიშნავს. სხვანაირად, რომ ითქვას, 2018 წელს მოხმარებული 1 კგ. პურისგან მიღებული სარგებელი, მხოლოდ იმიტომ არ არის 2012 წელს მოხმარებულ 1 კგ. პურისგან მიღებულ სარგებელზე ნაკლები, რომ 2018 წელს მისი დოლარში გამოსახული ღირებულება შემცირებულია.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს დოლარი მსოფლიოს მასშტაბით გამყარდა, შესაბამისად, რიგი ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსი და დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. აღნიშნული ეფექტი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის შემცირებას არ ნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, ძირითად ეკონომიკურ ტრანზაქციებს ახორციელებს ლარში. გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენას კი ინფლაციის მაჩვენებლი მოიცავს. შესაბამისად, ეკონომიკის დინამიკის ანალიზისას, რელევანტურია, რეალური[1]მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა, რომლის მოცულობის ცვლილების ტენდენცია თავისუფალია ფასების დონის ზრდის გავლენისაგან და რეალურ სურათს ასახავს.

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 25%-ით არის გაზრდილი, ე.ი საქართველოს ეკონომიკა არ შემცირებულა. ანალოგიურად 2003-2012 წლებში ქვეყნის ეკონომიკა არა 4-ჯერ, არამედ მხოლოდ 1.7-ჯერ გაიზარდა. ამავდროულად, მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს, შეადგენდა 16.2 მლრდ აშშ დოლარს და არა 15.7 მლრდ აშშ დოლარს, როგორც პოლიტიკოსი აცხადებს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გამოყენებული მიდგომა შეცდომაში შემყვანი და არასწორია, დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტიც კი 2012 წელთან შედარებით, 2.5 %-ით არის გაზრდილი და შემცირება არც ამ შემთხვევაში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბარამიძეს მსგავსი ტიპის განცხადება წარსულშიც გაუკეთებია, რომელიც ფაქტ-მეტრის დასკვნით, ასევე რიცხვებით მანიპულირებას წარმოადგენდა.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ, „TV პირველის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა: „2003 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 4 მლრდ დოლარი. რომ წავედით [ნაციონალური მოძრაობა] იყო 16 მლრდ დოლარი, ოთხჯერ გაიზარდა ეკონომიკა. დღეს საქართველოს ეკონომიკა არის 15.7 მლრდ დაახლოებით დოლარებში. საქართველოს ეკონომიკა შემცირდა [2012 წელთან შედარებით]“.

ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტით იზომება, რაც ერთი წლის განმავლობაში საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლის და მომსახურების ერთობლიობას ასახავს. აქვე, აღსანიშნავია რომ ეკონომიკის დინამიკის განხილვისას, მშპ-ს დათვლა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში, რადგან უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება ავტომატურად გაღარიბებას/ეკონომიკის შემცირებას არ ნიშნავს -საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, ძირითად ეკონომიკურ ტრანზაქციებს ახორციელებს ლარში. გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა კი ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა/შემცირებაში აისახება. შესაბამისად, ეკონომიკის დინამიკის ანალიზისას, რელევანტურია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა, რომელიც კორექტირებულია ფასების დონის ზრდის (მათ შორის კურსის ცვლილებით გამოწვეული) მაჩვენებლის შესაბამისად და ეკონომიკის ზრდის რეალურ სურათს ასახავს.

გრაფიკი 1: რეალური მშპ-სა და დოლარში გამოსახული მშპ-ის დინამიკა 2012-2018 წლებში (მლრდ)

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს დოლარში გამოსახული მშპ 2012 წელს, 2003 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატებოდა. თუმცა ლარში გამოსახული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი ამავე პერიოდში მხოლოდ 71%-ით, 1.71-ჯერ გაიზარდა. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი 25%-ით არის გაზრდილი, ე.ი საქართველოს ეკონომიკა არ შემცირებულა. ამავდროულად, მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში 2018 წელს, უკანასკნელი მონაცემით შეადგენდა 16.2 მლრდ აშშ დოლარს და არა 15.7 მლრდ აშშ დოლარს, როგორც პოლიტიკოსი აცხადებს. დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი2012 წელთან შედარებით, 2.5%-ით არის გაზრდილი. 2014 წელს დოლარი მსოფლიოს მასშტაბით გამყარდა, შესაბამისად, რიგი ქვეყნების გაცვლითი კურსი და დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. აღნიშნული ეფექტი, რა თქმა უნდა, ავტომატურად ქვეყნის გაღარიბებას/ეკონომიკის შემცირებას არ ნიშნავს.

ვითარების მარტივად აღსაქმელად შესაძლებელია მაგალითის გამოყენება. თუ დავუშვებთ რომ 2012 წელს ქვეყანა 1 პურს მოიხმარდა, რეალური მშპ-ს 25%-ით ზრდა ნიშნავს, რომ 2018 წელს 1.25 ერთეული პური მოიხმარება, ანუ ქვეყნის კეთილდღეობა გაზრდილია, იმის მიუხედავად თუ რამდენია პურის ღირებულება დოლარში. ამავდროულად, კურსის ცვლილების შედეგად, 2012 წელს ერთი პირობითი ერთეული პროდუქტის ღირებულება 0.67 დოლარი, ხოლო 2018 წელს 0.55 დოლარია. ბარამიძის მტკიცებით კი ერთი ერთეული პროდუქტის მოხმარებით 2018 წელს ნაკლებ სარგებელს ვიღებთ ვიდრე 2012 წელს ამავე ოდენობის პროდუქტის მოხმარებით, რადგან მისი დოლარში გამოხატული ღირებულება შემცირებულია, რაც აბსურდული მტკიცებაა. მოცემული მაგალითი წარმოაჩენს, ეკონომიკის შემცრებაზე მითითების სიმცდარეს, ბუნებრივია, რომ თანაბარი ოდენობის პროდუქტის მოხმარებით მიღებული სარგებელი ვერ იქნება განსხვავებული, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დოლარში გამოსახული ღირებულება შემცირებულია.

მოსახლეობის ცხოვრების დონის დინამიკის განხილვისთვის, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე. აღნიშნული მაჩვენებელი 2003-2018 წლების განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა, ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც რეალურად გავღარიბდით, იყო 2009 წელი, რასაც ობიექტური გარემოებები განაპირობებდა. კერძოდ, გარდა იმისა რომ 2009 წელი ომის შემდგომი პერიოდია, ასევე მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა.

გრაფიკი 2: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც, გრაფიკიდან ჩანს, 2012 წელს, 2003 წელთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 81.0%-ით გაიზარდა, 2018 წელს 2012 წელთან შედარებით კი 25.6%-ით. აღნიშნულ ზრდაში გასათვალისწინებელია, რომ 81%-იან ზრდას 9 წელი, ხოლო, 2012-2018 წლებში 25.6%-იან ზრდას 6 წელი დასჭირდა. ასევე მნიშვნელოვანია, საბაზო ეფექტის გავლენა, რომელიც აშკარადაა, გამოხატული პოსტრევოლუციურ წლებში.



[1] რეალური მშპ - ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონელი და მომსახურების მთლიანი ღირებულება, მუდმივ ფასებში დათვლილი, სადაც ფასების დონის ცვლილება გამორიცხულია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი