შესაბამისად, მისი უცხოურ ვალუტაში და მიმდინარე ფასებში დათვალა არასწორია და არ ზომავს ეკონომიკის რეალურ მოცულობას. ქვეყნებს შორის შედარებისთვის მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP, საერთაშორისო დოლარი) მიხედვით ითვლება, რომელიც ერთ სულ მოსახლეობაზე მშპ-ს გადანაწილებისთვის გამოიყენება. აღნიშნული კი, ცხოვრების დონის საზომი ინდიკატორია.
2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა არ გაოთხმაგებულა (თუნდაც დოლარში დათვლილი რეალური მშპ), როგორც ამას გიორგი ბარამიძე აღნიშნავს. ამ პერიოდში რეალური მშპ 61.4%-ით გაიზარდა. 2013-2017 წლებში კი, 20.2%-იანი ზრდაა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პერიოდში ეკონომიკა არ შემცირებულა. განცხადებაში დასახელებული რიცხვები დოლარში გამოხატულ ნომინალური მშპ-ს ზრდას შეესაბამება, ნომინალურ მაჩვენებლებზე[ii]დაყრდნობით დროით ჭრილში ეკონომიკის ანალიზი კი ცალსახად შეცდომაა, ვინაიდან აღნიშნული მაჩვენებელი არ არის თავისუფალი ინფლაციური და საკურსო სხვაობის გავლენისაგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლებების მმართველობის პერიოდებში არსებული ჯამური ზრდის ამ სახით შედარებაც ნაკლებად ობიექტურია, რადგან შესადარებელი დროის მონაკვეთები არათანაბარია (9 და 5 წელი). ამავდროულად, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობაც, 2012 წელთან შედარებით, 24.6%-ით გაზრდილია და 2017 წელს 9 789.1 დოლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბარამიძის მიერ დასახელებული რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, აღნიშნული მაჩვენებლებით ეკონომიკის მოცულობა არ იზომება და შესაბამისად, ეს არ ასახავს ეკონომიკის განვითარებას. ამრიგად, დასახელებული მაჩვენებლები რეალურ სურათს არასწორად წარმოაჩენს.
ანალიზი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკა დოლარში ითვლება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დოლარებში დათვლილი ეკონომიკის მოცულობა შემცირებულია. მან ასევე წინა ხელისუფლების პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკონომიკის მოცულობა გაოთხმაგდა, 4 მილიარდი დოლარიდან 16 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში ითვლება, რაც ერთი წლის განმავლობაში საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონელი და მომსახურების ერთობლიობას ასახავს. იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის რეალური მოცულობა ვნახოთ, აღნიშნულის დათვლა მუდმივ ფასებში ხორციელდება, რაც ინფლაციას გავლენას გამორიცხავს და წლების მიხედვით წარმოებულ საბოლოო მოხმარების საქონელს და მომსახურების მოცულობას გვიჩვენებს. თავის მხრივ, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ-ერთ იმ ეკონომიკურ-სტატისტიკურ მაჩვენებელადაა მიჩნეული, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას კარგად ასახავს. სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური წარმატების შედარებისთვის გამოიყენება როგორც რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი, ასევე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP)მიხედვით დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს განაწილება (GDP per capita in PPP dollars), რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთ-ერთი საზომია და ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის სხვაობას ასახავს. ერთ სულ მოსახლეზე რაც უფრო მეტი შემოსავალი ნაწილდება, მით უკეთესია ცხოვრების დონე.
რაც შეეხება გიორგი ბარამიძის მიერ მოყვანილ რიცხვს, ეს მონაცემი მიმდინარე ფასებში, დოლარში დათვლილი მშპ-ს მოცულობას წარმოადგენს. ნომინალური მშპ დოლარში 2003 და 2012 წლებში შესაბამისად 3 990.8 მლნ და 15 846. 8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო რეალური მშპ დოლარებში კი, 2003 წელს 6 455.3 მლნ და 2012 წელს 14 324.7 მლნ აშშ დოლარს. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ეკონომიკის რეალურ მოცულობას არ ასახავს. ვინაიდან, მშპ-ს მიმდინარე ფასებში და უცხოურ ვალუტაში დათვლა მოიცავს როგორც ინფლაციას, ასევე დოლარის კურსის ცვლილებას. შესაბამისად, მსგავსი მეთოდით დათვლილი მშპ, წლების მიხედვით, რეალური ეკონომიკის ზრდა/კლებას არ აჩვენებს. ასევე, 2012 წლის ბოლოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.65 იყო, რაც 2017 წლის ბოლოსთვის 95 თეთრით მეტს, 2.6-ს შეადგენდა.ამრიგად, პოლიტიკოსის მიერ ნახსენები მონაცემებით ეკონომიკის მოცულობის შეფასება და შედარება არასწორია.
2017წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოს რეალური მშპ-ს მოცულობამ 28 422.3 მლნ ლარი შეადგინა (2010 მუდმივი ფასები), ხოლო ამავე წლის ზრდის მაჩვენებელი კი , 5 %-ია. 2013-2017 წლებში მშპ-ს ყოველწლიური ზრდა საშუალოდ 3.7% იყო. ჯამში, 2012 წელთან შედარებით, 2017 წლისთვის რეალური მშპ-ს მოცულობა 20.2%-ით არის გაზრდილი. ამდენად, 2013-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკა 1.2 ჯერ გაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2004-2012 წლები) კი, რეალური მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა, ხოლო ჯამში მისი მოცულობა 61.4%-ით გაზარდა. თუმცა აღნიშნული ორი პერიოდის ამ ფორმით შედარება ნაკლებად ობიექტურია, რადგან 2003 წელს მშპ-ს მოცულობა 13 852.7 მლნ ლარი იყო, ხოლო 2012 წელს ეს მაჩვენებელი 23 653.8 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ადრეულ წლებში ეკონომიკას ზრდის მეტი პოტენციალი გააჩნდა, ვიდრე 2012 წლის შემდეგ. მეორე მხრივ, შესადარებელი პერიოდი არათანაბარია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი 9 წელს მოიცავს, ხოლო „ქართული ოცნების“ 5 წელს.
გრაფიკი 1:რეალური მშპ-ს მოცულობა და ყოველწლიური ზრდა (მლნ ლარი, %)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურიროგორც აღვნიშნეთ, ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონის საზომად გამოყენებული ინდიკატორები რეალური მშპ-ს მოცულობა და ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებაა. ქვეყნებს შორის შედარებისთვის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილების მხრივ, მის მოცულობას მსყიდველობით უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით ითვლიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)
შეფასებით, 2017 წელს საქართველოში რეალური მშპ PPP-ს (2011 წლის საერთაშორისო დოლარი) მიხედვით დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე 9 789.1 დოლარს შეადგენს, რაც 2012 წელს 7 857.7 დოლარი იყო. შესაბამისად, ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 24.6%-ით გაიზარდა. ხოლო, 2004-2012 წლებში კი, 79.4%-ით. ჯამში, 2004-2017 წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ (PPP) ყოველწლიურად, საშუალოდ, 6.5%-ით იზრდება.
გრაფიკი 2:
რეალური მშპ-ს მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (PPP) და ცვლილების ტენდენცია (%)
წყარო: IMF, World Economic Outlook 2018[i]
რეალური მშპ - ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონელი და მომსახურების მთლიანი ღირებულება, მუდმივ ფასებში დათვლილი, სადაც ინფლაცია გამორიცხულია.
[ii] ნომინალური მშპ - ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონელი და მომსახურების მთლიანი ღირებულება, მიმდინარე ფასებში დათვლილი, სადაც ინფლაცია არ არის გამორიცხული.