19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვისა და მასთან ერთად დუმის დეპუტატების ჩამოსვლას ხალხის პროტესტი მოჰყვა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამი დაიკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პარლამენტის შენობასთან დემონსტრაცია გამართეს, სადაც ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა, რაც ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნა, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და სპეცრაზმის მხრიდან აქციის დაშლა და დარბევა მოჰყვა. დემონსტრანტების, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების, დასაშლელად გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები. [1] რის შედეგადაც, ჯამში, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 80-მდე პოლიციელი და მედიის 38 წარმომადგენელი. ორმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
დემონსტრანტები ანტისაოკუპაციო აქციებს პარლამენტის შენობასთან დღემდე აგრძელებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ 20 ივნისს მომხდარზე (მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით, რომელიც არაპროპორციულად შეაფასეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა,Human Rights Watch, Amnesty International, ასევე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა) პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. აქციის ორგანიზატორები [2] და მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. თბილისში მიმდინარე აქციებს ფართო საერთაშორისო გამოხმაურებაც აქვს და მას გავლენიანი დასავლური მედიებიც აშუქებენ. აღნიშნულის საპირისპიროდ, სოციალურ ქსელში მიმდინარეობს აგრესიული პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ Facebok-გვერდების, ანგარიშებისა თუ ჯგუფების შესწავლის შედეგად, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ზემოხსენებული აგრესიული კამპანია სამთავრობო სტრუქტურებიდან არის ორგანიზებული.
კერძოდ, გააქტიურდა რამდენიმე გვერდი, რომელიც აქამდე მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩეოდა ხოლმე ოპოზიციისა და მათი კანდიდატების დემონიზაციის მცდელობით. მაგალითად, Facebook-გვერდი „ვერდაბრუნდებიან“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში, 2018 წლის 16 ნოემბერს შეიქმნა, ამჟამად მხოლოდ აქციის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ პოსტებს აზიარებს და პარლამენტის წინ გამოსულ დემონსტრანტებსა და აქციის ორგანიზატორებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში სდებს ბრალს. ასევე, გვერდი „ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა“, რომელიც აქციის ორგანიზატორებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს ბრალს სდებს პროვოკაციების მოწყობასა და სამოქალაქო დაპირისპირების შემქნის მცდელობაში. გარდა ამისა, 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გააქტიურდა გვერდი “checkfact.ge”, რომელიც აქამდე მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში (თავდაპირველად 2016 წლის საპარლამენტო, ხოლო შემდეგ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს) ავრცელებდა ოპოზიციის კანდიდატების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ პროპაგანდისტულ მესიჯებს. ამჟამად კი აქციასთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელებით არის დაკავებული და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას Factcheck-ის სახელით ცდილობს. ამასთან დაკავშირებით, განცხადება ფაქტ-მეტრმაც გაავრცელა.
Facebook-ში ფართოდ გავრცელდა ფოტოსურათი, რომელზეც დანაგვიანებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა ასახული. ფოტოს გამზიარებლები აღნიშნულს სირცხვილიას აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიაწერენ და ამტკიცებენ, რომ აქცია ხელს უშლის ქალაქს ცხოვრების ჩვეულ რიტმში. ხოლო, მისი მონაწილეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ყოველ საღამოს სამშობლოს სამსახურში დგანან, სინამდვილეში, ანაგვიანებენ და ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, რაც სიცრუეა. გავრცელებული ფოტო გადაღებულია 21 ივნისის დილას, როდესაც წინა ღამეს სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა მომიტინგეები. უფრო მეტიც, აქცია „სირცხვილიას“ დროს მედია რეგულარულად ავრცელებდა ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ჩანს თუ როგორ ალაგებენ აქციის მიმდებარე ტერიტორიას დემონსტრანტები.
გვერდი „პოლიტიკური სანაგვე“ უშუალოდ აქციის ორგანიზატორების დისკრედიტაციით არის დაკავებული და გადაუმოწმებელ (საეჭვო წარმოშობის მქონე) ინფორმაციებს ავრცელებს მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ. ასევე, შეურაცხმყოფელ პოსტებს აზიარებს აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილთან მიმართებით. აღნიშნულ თემაზე აქტიურობით გამოირჩევა გვერდი „ქართული სახელმწიფო“, რომელიც „სირცხვილიას“ აქციებსა და ლგბტ პრაიდს ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებდა და ამტკიცებდა, რომ მათ საერთო ორგანიზატორები ჰყავთ. თბილისი პრაიდის ოფიციალური ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ორი აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა პირები არიან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ „სირცხვილიას“ აქციისა და თბილისი პრაიდის თემატიკა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო და მათი ერთმანეთთან დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამავე პოსტებს (კონტენტისა და ვიზუალიზაციის შეცვლის გარეშე) აზიარებენ შემდეგი გვერდებიც: „მახსოვს“, „ამხილე“, „ნაციონალისტის გვერდი“, „იყავი და გაგეკეთებინა“ და სხვ.
ზემოთ მოყვანილი და კიდევ სხვა გვერდების (რომლებიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის წინააღმდეგ ყალბ და მანიპულაციურ ამბებს ავრცელებენ) პოსტები ძირითადად დასპონსორებულია, რათა მაქსიმალურად დიდი აუდიტორია დაფაროს. ვინაიდან აღნიშნული გვერდების რიტორიკა და მესიჯები მმართველი გუნდის ქმედებების უპირობო გამართლებას ისახავს მიზნად, კითხვები ჩნდება დასპონსორებაში გახარჯულ თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით. უცნობია კონკრეტულად ვინ დგანან სტატიაში მოყვანილი გვერდებისა და ყალბი ანგარიშების უკან. არსებობს ეჭვი, რომ გვერდები სამთავრობო სტრუქტურების მიერ იმართება და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ გახარჯვასთან გვაქვს საქმე.
მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც იდენტიფიცირებულები არიან ის ე.წ. ტროლები, რომლებიც აქციის დისკრედიტაციას აქტიურად ეწევიან. მნიშვნელოვანია, რომ მათი ნაწილი ახლად შექმნილი არ არის და აქტიურობით გამოირჩეოდნენ მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგაც.
გიორგი გახარიას მხარდასაჭერად მობილიზებული საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაეები
გარდა ყალბი ამბების გამავრცელებელი Facebook-გვერდებისა, სოციალურ ქსელში შექმნეს ღია ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ აქციაზე დაყენებული მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის „ახირებად“ წარმოეჩინათ. Facebook-ჯგუფში „ჩემი მხარდაჭერა გახარიას“ მინისტრის პოსტზე დარჩენის მოთხოვნას განსაკუთრებით აქტიურად უჭერდნენ მხარს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, რაც მათი Facebook-ანგარიშების დათვალიერებისას მარტივად იდენტიფიცირებადია. მათი უმეტესობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში, საკრებულოებში, მერიებში, სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არიან დასაქმებულნი. გარდა ამისა, აღნიშნულ ჯგუფებში მრავლად ვხვდებით ყალბ Facebook-ანგარიშებსაც (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ ტოკშოუ „პირისპირში“ ჩატარდა ინტერაქტივი კითხვით: უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი?
მოქალაქეების მობილიზება აღნიშნულ ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად სწორედ მსგავს ჯგუფებში ხდებოდა, რაც ადასტურებს, რომ მიღებული მაჩვენებლები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას არ ასახავს და ამით პოზიციონირება საფუძველს მოკლებულია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი კი იმას ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც გიორგი გახარიას პოსტზე დარჩენის მოთხოვნის ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებენ, ასევე საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პოზიციებს იკავებენ.
გიორგი გახარიას მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა ვებგვერდიც, argadadge.ge, რომელსაც ონლაინპეტიციის სახე ჰქონდა. თუმცა სხვა პეტიციებისგან გასხვავებით, ამ შემთხვევაში მასზე ხელის მოსაწერად, მოქალაქის პირადი მონაცემების შეყვანა საჭირო არ იყო. პეტიციის ხელმომწერისათვის მხოლოდ Facebook-ანგარიშის ქონაა საჭირო. პეტიციის მხარდამჭერთა სიაში ფიქსირდებოდა შემდეგი სახელის მქონე ანგარიშები: თბილისი საქართველო, გაუქმდააა გაუქმდააა, მწვანე ბაღი, გამოიწერე მოდური ტანსაცმელი, გორი შიდა ქართლი გორელები, დრონი მეფობენ, Alvaro Morata, დაწერილი ხატები და ა.შ.
გარდა სოციალურ გვერდებზე მიმდინარე მადისკრედიტირებელი კამპანიისა, „სირცხვილიას“ აქციების არასრულყოფილად გაშუქებაში შეიმჩნევა ტელეკომპანია იმედიც. მედიაჩეკერის ანალიზის თანახმად, 29 ივნისს, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებთან ერთად „თავისუფლების მარში“ გამართეს, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებდნენ იმ ფაქტზე, რომ მსვლელობას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიუძღვოდნენ. განსაკუთრებული აქცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კეთდებოდა. აღნიშნული ქმედება შეიძლება, აღქმული იყოს მცდელობად, რომ საზოგადოების თვალში „სირცხვილიას“ აქციები უპირობოდ გაიგივდეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის, „ტვ პირველისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, ტელეკომპანია იმედმა არ გააშუქა 27 ივნისს მოწყობილი აქცია/მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ. თუმცა ამის საპირისპიროდ „იმედის“ მთავარ პოლიტიკურ ტოკშოუებში მომზადდა რეპორტაჟები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხელახალი გახსენებისთვის (ბმული 1, ბმული 2).
დიდი ალბათობით სამთავრობო სტრუქტურები ჩაბმულნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, რისთვისაც იყენებენ უთანასწორო მეთოდებს სოციალურ ქსელში გააქტიურებული გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების მიერ პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელების სახით, რისთვისაც აშკარაა, რომ ფინანსურ რესურსსაც არ იშურებენ.
ფაქტ-მეტრი მკითხველს მოუწოდებს, რომ არ ენდონ Facebook-ში სხვადასხვა გვერდების მიერ გავრცელებულ დაუზუსტებელ და გაურკვეველი წარმომავლობის ინფორმაციას. თავად გადაამოწმონ მისი სანდოობა, ან დაგვიკავშირდნენ.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ Facebook-ის იმ გვერდების არასრულ სიას, რომლებიც „სირცხვილიას“ აქციებისა და მისი ორგანიზატორების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან (ამ დროისთვის ზოგი მათგანი დეაქტივირებული/წაშლილია).
[1] აქციის დასაშლელად გამოყენებულ რეზინის ტყვიების ტიპთან და მათი გამოყენების ფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალი კითხვა დაისვა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების თანახმად, არც ერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს, გამოყენებული არ ყოფილა. თუმცა, ის შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან სროლა, გამოსაძიებელია. არსებობს პროტოკოლი და ვიმემ თუ ის დაარღვია, იქნება დასჯილი.
[2] სირცხვილიას აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო საზოგადოების წევრები არიან, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან არ არიან აფილირებულნი. მათი ნაწილი ჟურნალისტები, სოციალური მედიის მენეჯერები, ექიმი, სტუდენტები და აქტივისტები არიან. ორგანიზატორებს შორის არიან: შოთა დიღმელაშვილი, გიორგი ნონიაშვილი, სალომე ბარკერი, გიგა მაქარაშვილი, ზაზა აბაშიძე, ჯაბა ზარქუა, მარიამ ბაჯელიძე, თათუშა არველაძე.
ცხრილი 1:
|
„ფეისბუკ“ გვერდის დასახელება |
შექმნის თარიღი |
1 |
16 ნოემბერი, 2018 |
|
2 |
27 აპრილი, 2013 |
|
3 |
27 ივნისი, 2018 |
|
4 |
23 აპრილი, 2018 |
|
5 |
2 აპრილი, 2018 |
|
6 |
20 მარტი, 2019 |
|
7 |
2 მარტი, 2018 |
|
8 |
11 ივლისი, 2017 |
|
9 |
4 თებერვალი, 2014 |
|
10 |
16 მაისი, 2013 |
|
11 |
6 ივლისი, 2018 |
|
12 |
19 მაისი, 2018 |
|
13 |
18 მაისი, 2018 |
|
14 |
2 ნოემბერი, 2018 |
|
15 |
22 დეკემბერი, 2014 |
|
16 |
17 მარტი, 2013 |
|
17 |
23 ივლისი, 2017 |
|
18 |
18 მარტი, 2019 |
|
19 |
31 მაისი, 2018 |
|
20 |
28 დეკემბერი, 2016 |
|
21 |
28 აპრილი, 2018 |
|
22 |
1 ივნისი, 2018 |
|
23 |
12 მარტი, 2019 |