იტვირთება

რეზიუმე: ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები Amnesty International და Human Rights Watch 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ. მათი შეფასებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული. რეზინის ტყვიები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, ვინაიდან მათ შესაძლოა სერიოზული დაზიანებები გამოიწვიონ, შესაბამისად დემონსტრანტების წინააღმდეგ მათი მიმართვა დაუშვებელია.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორის, გიორგი გოგიას განცხადების თანახმად კი, „ფაქტი, რომ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში ძალის გამოყენება ლეგიტიმური შეიძლება ყოფილიყო, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ღამის განმავლობაში ძალა ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული“.

გარდა ამისა, აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შესახებ განცხადებები „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI)“ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელეს.

შესაბამისად, მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი ადასტურებს, სიმართლეს არ შეესაბამება და პროპაგანდისტული მეთოდებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. შესაძლოა, აქციის დაშლის მიზანი ლეგიტიმური იყო, თუმცა მთავრობა და პრემიერი მიზანმიმართულად არ ახსენებენ იმ კრიტიკას, რაც საერთაშორისო პარტნიორებისგან აქციაზე ძალის არაპროპორციულობის გამო მიიღეს. არსებობდა თუ-არა ძალის გამოყენების ლეგიტიმური მიზანი, მსჯელობის ცალკე საგანს წარმოადგენს, რომელიც მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება.

ანალიზი

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 20 ივნისის მიტინგის დაშლის შესახებ საუბრისას განაცხადა: „ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვისა და მასთან ერთად დუმას ორი დეპუტატის ჩამოსვლას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამი დაიკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პარლამენტის შენობასთან დემონსტრაცია გამართეს, სადაც მომხდარზე პასუხისმგებელი პირების - ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა, რასაც სპეცრაზმის მხრიდან აქციის დაშლა მოჰყვა. დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რის შედეგადაც, ჯამში, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 80-მდე პოლიციელი და მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ორმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, დაკავებული იქნა 305 პირი. ერთი მოქალაქე ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

სამოქალაქო საზოგადოება მომხდარზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს და მის გადადგომას ითხოვს. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები ამ აზრს არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ძალა ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული.

მომხდართან დაკავშირებით გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მიუთითებენ და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.ორგანიზაცია Amnesty International პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის დაუყოვნებლივ, გამჭვირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს:„მოწმეებმა აღწერეს, თუ როგორ განურჩევლად ესროდა შეკრებილ ხალხს პოლიცია რეზინის ტყვიებს. არათანაზმომიერი სროლის კადრები ვიდეომასალაზეცაა დაფიქსირებული. რეზინის ტყვიებმა შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული დაზიანებები და ის არ უნდა იქნას გამოყენებული ხალხის გასაფანტად. პოლიციის ვალია დაიცვას სამოქალაქო წესრიგი და რეაგირება ჰქონდეს ძალადობაზე, მაგრამ მათი საპასუხო ქმედება აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს. თბილისის შემაშფოთებელი სცენები აჩვენებს სრულ კრახს, თუ როგორ არ ხდება განსხვავება რამდენიმე ძალადობრივ დემონსტრანტსა და მშვიდობიან უმრავლესობას შორის“. გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძიმედ შეიარაღებული პოლიციის ქმედების შედეგად, მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაშავდა. მათი უმრავლესობა რეზინის ტყვიებით დაშავდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროტესტის გაშუქებას ცდილობდნენ და მარტივად იდენტიფიცირებადები იყვნენ, როგორც მედიის წარმომადგენლები.

უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch -ის შეფასებით კი, მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების ფონზე, აუცილებელია ხელისუფლებამ დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმები ძალის გამოყენების შესახებ. აღნიშნული წესები ავალდებულებენ პოლიციას, რომ მომიტინგეებისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პროპორციული ძალა გამოიყენოს, ხოლო რეზინის ტყვიები - მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. 20 ივნისს კი, საპროტესტო აქციის ათასობით არაძალადობრივი მონაწილის წინააღმდეგ, პოლიციის სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. როგორც ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე აცხადებს: „ ფაქტი, რომ რაღაც გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში ძალის გამოყენება ლეგიტიმური შეიძლება ყოფილიყო, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ღამის განმავლობაში ძალა ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული. უფრო მეტიც, ძალის ლეგიტიმურ გამოყენებასაც აქვს თავისი სტანდარტები, თუნდაც ადეკვატური გაფრთხილების აუცილებლობა, ძალის პროპორციულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ერთიც, იქიდან გამომდინარე, რომ რეზინის ტყვიის გამოყენებას გარკვეულ გარემოებაში შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან მძიმე დაზიანება, პრაქტიკული მიზნებისთვის ის განიხილება, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი და სამართალდამცავთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გაეროს მინიმალური სტანდარტები უნდა იქნას დაცული“.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, სტივენ ნიქსმა, ორივე მხარეს მშვიდობიანობისა და წყნარი გარემოს შენარჩუნებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა აჩვენოს შესაბამისი შეკავება [პროპორციული ძალა], როცა საქმე აქციას ეხება. „საქართველო ევროკავშირსა და ნატოში მიისწრაფვის და ჩვენ არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვიხილოთ 20 ივნისის ღამის მოვლენები, რომლის შედეგად ასობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში“.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც მოქალაქეების უსაფრთხოების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე, ადეკვატური საპასუხო ზომების მიღების საკითხში, განსაკუთრებულ ყურადღებას თანამდებობის პირებზე ამახვილებენ. ხოლო ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებზე ძალის გამოყენების ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევენ.

ამრიგად, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში აშკარად იკვეთება ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც გამოყენებული ძალის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. ხოლო ის, არსებობდა თუ-არა ძალის გამოყენების ლეგიტიმური მიზანი, მსჯელობის ცალკე საგანს წარმოადგენს, რომელიც მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება.

რაც შეეხება აქციის დაშლის მიზანს და იმას თუ რამდენად ლეგიტიმური იყო ის, ეს საკითხი ამ სტატიის ფარგლებს სცდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2858 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი