სასამართლოს სისტემისა და ჩატარებული რეფორმების შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელიც სხვადასხვა ფაქტს თუ მონაცემს აერთიანებს. მათ შორის, საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებზეც, რომლებიც ქვეყნებში სასამართლოს საქმიანობას აფასებენ. კერძოდ, მოყვანილია მონაცემები Heritage Foundation-ის, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგისა“ და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების კვლევებიდან.

ფაქტ-მეტრი პოლიტსაბჭოს განცხადებაში მოყვანილი მაჩვენებლების სიზუსტით დაინტერესდა. მოცემულ სტატიაში ცალ-ცალკე განვიხილავთ საქართველოს მაჩვენებლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და მათ ფაქტობრივ ანალიზს შემოგთავაზებთ.

განცხადება 1. ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ამ ორგანიზაციამ მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემები შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო პროცესების ხარისხი და კეთილსაიმედო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა. შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ პარამეტრებით საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს - ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღნიშნული განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

ანალიზი:

გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია. წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი 9.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რამაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპის ქვეყანათა რეიტინგში ერთი პოზიციით ჩამოქვეითება გამოიწვია (მე-18 ადგილის ნაცვლად, ამჟამად მე-19 ადგილს იკავებს). რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათა რეიტინგში, წინა წლის მსგავსად, 2019 წელსაც პირველ ადგილს იკავებს.

თუმცა, გარკვეული მოწინავე პოზიციების მიუხედავად, საქართველომ სასამართლო სისტემის მხრივ მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა რიგებიდან, მეტწილად არათავისუფალ ქვეყანათა შორის გადაინაცვლა, რაც შემაშფოთებელი ფაქტია.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეწოლა და მაღალი დონის კორუფცია, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, პოლიტიკური ზეწოლა კვლავ საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობას. საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებული მაღალი დონის კორუფცია, კვლავ პრობლემად რჩება“ - ვკითხულობთ საქართველოს მდგომარეობის შეფასების შესახებ ანგარიშში.

აღნიშნულ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის სტატია.

განცხადება 2: „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2017-18 წლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით. საქართველო პირველ ადგილზე გავიდა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორისაც.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღნიშნული განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

ანალიზი:

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტში“ ქვეყნები 8 ძირითადი ინდიკატორის მიხედვით არიან შეფასებულნი შკალაზე 0-დან 1-მდე, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველო 2017-18 წლების ინდექსის თანახმად, 0.61 ქულით შეფასდა და 113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლების შედეგებთან შედარებით გაუარესებულია. 2015 და 2016 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო 0.65 ქულით იყო შეფასებული და 2015 წელს 102 ქვეყანას შორის 29-ე, ხოლო 2016 წელს 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილს იკავებდა. ამრიგად, 2017-18 წლების ინდექსის თანახმად, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის რანჟირებაში საქართველო 4 ადგილით ჩამოქვეითდა. ინდექსის შეფასება გაუარესებულია მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვის, სამოქალაქო მართლმსაჯულების, ფუნდამენტური უფლებებისა და ღია მმართველობის კრიტერიუმებში.

ამრიგად, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტში“ საქართველოს 2017-2018 წლის მონაცემებს სწორად ასახავს, თუმცა აიგნორებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია.

განცხადება 3: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილზე გავიდა, ხოლო ორგანიზაციული დანაშაულის თავისუფლების ინდექსის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 პოზიცია დაიკავა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პროგრამაში 75-ე ადგილით, ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღნიშნული განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ შესახებ, ქვეყნებს 114 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, რომლებიც 6 ქვე-კატეგორიაში არიან გაერთიანებულნი. ერთ-ერთი მათგანია ინსტიტუტები, რომელიც თავის მხრივ, 20 ქვე-კატეგორიად იყოფა. მათ შორისაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმებიც: ორგანიზებული დანაშაული, მკვლელობის დონე, ტერორიზმის შემთხვევები და პოლიციის სერვისის სანდოობა. ანგარიშში ასახულია ქვეყნებისათვის თითოეულ კრიტერიუმში მინიჭებული ინდექსი, თუმცა ცალკე უსაფრთხოების კატეგორიაში საშუალო ქულა გამოთვლილი არ არის და შესაბამისად, ამ კუთხით, ქვეყნების ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია.

რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულის დონეს, 7 ქულიან შკალაზე, სადაც 1 ყველაზე ცუდ, 7 კი საუკეთესო შეფასებას ნიშნავს, 2018 წელს საქართველო 5.6 ქულით შეფასდა და მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელს არ წარმოადგენს. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2015-16 წლებთან შედარებით 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 0.6 ქულით, მსოფლიო რანჟირებაში კი 7 ადგილით გაუარესდა. ორგანიზებული დანაშაულის დონის კრიტერიუმში „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის” 2018 წლის ანგარიშში საქართველომ ევროპის ქვეყნებს შორის მე-13 ადგილი დაიკავა მაშინ, როცა 2015-16 წლების ანგარიშში ის მე-6 ადგილზე იყო შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და ლუქსემბურგთან ერთად.

ცხრილი 1: საქართველოს შეფასება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2011-დან 2018 წლამდე

ანგარიშის წელი

ქულა

ადგილი მსოფლიოს ქვეყნების რანჟირებაში

2011-2012

5.2

67 / 142

2012-2013

5.2

75 / 144

2013-2014

5.2

64 / 148

2014-2015

5.8

27 / 144

2015-2016

6.2

17 / 140

2016-2017

5.8

26 / 138

2017-2018

5.4

38 / 137

2018

5.6

24 / 140

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

განცხადება 4: მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების კვლევაში, 2017 წელს საქართველომ, სახელშეკრულებო დავების განხილვის ეფექტიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში მე-16 პოზიცია დაიკავა.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღნიშნული განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების კვლევა ქვეყნებს ათი ძირითადი მიმართულების მიხედვით აფასებს. მათგან ერთ-ერთი, ხელშეკრულების აღსრულების გამარტივების მაჩვენებელია. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, იზომება ადგილობრივი პირველი ინსტანციის სასამართლოში კომერციული დავის გადაწყვეტის დრო და ხარჯი და ფასდება, თუ როგორ განავითარეს ქვეყნებმა სასამართლო სისტემის ხარისხისა და ეფექტურობის კარგი პრაქტიკა.

2019 წლის კვლევის თანახმად, სასამართლო პროცესის ინდექსის ხარისხი მაქსიმალური 18 ქულიდან 13 ქულით შეფასდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის რანჟირებაში მე-8 ადგილი დაიკავა. აღნიშნული შედეგი გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით, როდესაც 2018-ში იგივე მაჩვენებელი 12.5 ქულით, ხოლო 2017 წელს 12 ქულით იყო შეფასებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღნიშნული ინდიკატორის შეფასებაში ყოველწლიურად აუმჯობესებს პოზიციებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი